"სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის წამებას ვიდეოკამერით იღებდნენ" (ექსკლუზივი)
ყოფილი პატიმარი გია ალავიძე, შესაძლოა, როგორც სანდრო გირგვლიანის, ასევე ვანო მერაბიშვილის, ახალაიასა და თვით ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმედ მოგვევლინოს. მან ახლახან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. გთავაზობთ ყოფილ პატიმართან ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომლისგანაც შეიტყობთ, თუ რა მასალებზე დუმს პროკურატურა.
გია ალავიძე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების, დავით ჩხატარაშვილისა და დავით ქოქიაშვილის ჩვენებებს სიყალბის გაგრძელებას უწოდებს და პროკურატურას გამოძIიების სწორად წარმართვისკენ მოუწოდებს. ალავიძე სწორედ ის პერსონაა, რომელმაც თავის დროზე ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილს ციხის სკანდალური ვიდეოფირი მიაწოდა, სადაც ჩანს, როგორ ილხენენ ციხეში გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულები.
გია ალავიძე:
- 2005 წლის 27 დეკემბერს, ქრთამის აღების ბრალდებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სწორედ იმ დანაყოფის წევრებმა დამაკავეს, რომლებიც მერე სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაასამართლეს.
- ქრთამი ვისგან აიღეთ?
- კუდ-ის ზემოთ ხსენებულმა მაღალჩინოსნებმა მომიგზავნეს პირი, რომელმაც დახმარება მთხოვა. მე მას ერთ-ერთ პროკურორთან შუამდგომლობას დავპირდი. მერე გავიგე, რომ ის კაცი მოგზავნილი იყო და ჩვენს შეხვედრას ფარულად იღებდა. მოკლედ, ამ ამბის "გატელევიზორება" უნდოდათ. სურდათ, ეჩვენებინათ, ჩვენს რიგებშიც ვებრძვით "უღირსებს" და ვააშკარავებთო. ეს ყველაფერი პიარის ნაწილი იყო, თუმცა ფარული ჩანაწერის ტელეეთერში გაშვება რატომღაც გადაიფიქრეს... ყველაზე საინტერესო ამბავი ავჭალის მეათე დაწესებულებაში შსს-ს ამ ჩინოვნიკების (ვინც მე დამაკავა) მოყვანის შემდეგ დაიწყო. ადმინისტრაციამ საგანგებოდ გაარემონტა და მოაწყო მათთვის ოთახი. ყველაფრის უფლება ჰქონდათ, შეეძლოთ მანქანით ქალაქში გასვლაც. სხვა გვარებით საზღვარგარეთ წასვლა, ამა თუ იმ გასართობ ადგილებში სიარული... არადა, სხვა პატიმრებს მობილური ტელეფონებიც არ ჰქონდათ, მათთვის ახლობლებთან კონტაქტი გაძნელებული იყო. გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულმა კუდ-ის თანამშრომლებმა კაიბიჭობის თამაში დაიწყეს, მობილურით სარგებლობის უფლებას ხანდახან სხვა მსჯავრდადებულებსაც აძლევდნენ. თავდაპირველად მიხეილ ბიბილურიძეს დავუახლოვდი, რომელიც ჩემს საქმეში არ მონაწილეობდა. მეტი ნდობის მოპოვების მიზნით მას ისიც ვთხოვე, იქნებ ჩემი ძმა შენს ოჯახში მძღოლად ამუშაო-მეთქი. დამთანხმდა და თანდათან მათთან მიმსვლელ-წამსვლელების ვინაობაც გავიგე. ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთ დღეს ხელში იმ კომპიუტერის პროცესორი ჩამივარდა, რომლითაც გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები სარგებლობდნენ... ძალიან საინტერესო, საიდუმლო მასალები პროკურატურას გადავეცი.
- გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა მოლხენის ჩანაწერიც იქ ინახებოდა?
- არა, მე თვითონ ვიღებდი... ვიდრე გამოძიება არაფერს იტყვის, არც მე ვილაპარაკებ ამ თემაზე.
- მიგვანიშნეთ მაინც...
- ეს იყო ოპერატიული მასალა, თუ ვის რას უკეთებდნენ დაკავებამდე და შემდგომ... იყო ფარული ჩანაწერებიც.
- თქვენ ისიც თქვით, რომ გირგვლიანის საქმეზე მამხილებელი ვიდეოფირების ნაწილი საზღვარგარეთ ინახება.
- დიახ, გამოძიებას თავად ვუთხარი, თუ სად შეიძლება ინახებოდეს ეს ვიდეოფირები, მაგრამ პროკურატურამ რატომღაც არ აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ვიცი, რომ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის წამებას ვიდეოკამერით იღებდნენ.
- ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანთა, დავით ჩხატარაშვილისა და დავით ქოქიაშვილის ჩვენებები, სადაც ნათქვამია, ბუხაიძე და გირგვლიანი მანქანიდან რომ გადაყარეს, ისე დაეცნენ პირქვე თოვლზე, წინააღმდეგობაც არ გაუწევიათო.
- რატომ იმას აღარ ჰყვებიან, მერე რა მოხდა? ამბობენ, მეტი არაფერი გვინახავსო... ეს ყველაფერი სიყალბის გაგრძელებაა, ისევ ძველ ჩვენებებს აწვებიან. იცი, რა გამოვიდა? მივიდნენ ეს ვაჟბატონები გამომძიებელთან, აქაოდა, თანამშრომლობისთვის მზად ვართო და ამყარებენ ძველ ვერსიას. ჩხიტუნიძის (გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულებთან დაახლოებული პირი) ადვოკატი იმასაც ამბობს, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი შეხება არ ჰქონია ამ საქმესთანო. დამაპირისპირონ ჩხიტუნიძეს და ვიტყვი, რა შეხებაც ჰქონდა და შესაბამის მტკიცებულებასაც წარვადგენ, თუ როდის, რა ვითარებაში (სანომრე ნიშნების ჩვენებით) მოძრაობდა ჩხიტუნიძის სახელზე გაფორმებული მანქანა. გამოძიებას ნათია მიქიაშვილისთვის მიწოდებულ ვიდეოფირზე აქვს აგებული ბრალდების ეპიზოდები სხვადასხვა თანამდებობის პირთა მიმართ, მათ შორის ჩხიტუნიძეზეც. თუმცა პროცესორში შენახულ მასალებს რატომ არ აჩენენ, ვერ გეტყვით. ციხიდან გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე პროკურატურას შევუთვალე, დამიბრუნეთ ჩემი მასალა უკან, თუ მათ საგამოძიებო მოქმედებები არ მოჰყვება-მეთქი, მაგრამ მომწერეს, ექსპერტიზა ჯერ არ ჩაგვიტარებიაო
.
- კი, მაგრამ თქვენ პროკურატურასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ არ გაგათავისუფლეს?
- არა, პროკურატურა ჩემთან თანამშრომლობით არ დაინტერესდა. მე ე.წ. უდო შემეხო, რადგან სასჯელი თითქმის მოხდილი მქონდა, 5 თვეში გამოსვლა ისედაც მიწევდა.
- რით ხსნით იმას, რომ თქვენს ინფორმაციაზე პროკურატურამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა?
- არ ვიცი, ეტყობა, მათ უფრო მეტი იციან (იცინის).
- ბატონო გია, ის ინფორმაცია თუ შეეფერებოდა სიმართლეს, რომ 2008 წლის ომის დროს გირგვლიანის მკვლელები სასჯელაღსრულების მეათე დაწესებულებიდან გაიყვანეს?
- კი, ასე იყო. ორჯერ მოვიდნენ ბაჩო ახალაია და კახა ბუცხრიკიძე და გამოაცხადეს, ვისაც იარაღის რამე გაეგება, ომში უნდა წავიყვანოთო. ცხადია, მსურველი ბევრი გამოჩნდა. ჰოდა, გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულებმა შეადგინეს 130-კაციანი სია, სადაც შეიყვანეს შევარდნაძის დროს ტერაქტის მცდელობის ბრალდებით გასამართლებულები, ყოფილი პარტიზანები და ა.შ. საბოლოოდ კი ეს ოთხეული გაიყვანეს გარეთ, სხვები კი 28 აგვისტოს უკან დააბრუნეს. მოკლედ, სხვა პატიმრები "გადააგდეს".
- თქვენ ჯერ კიდევ პატიმრობისას გამომიგზავნეთ წერილი და მაცნობეთ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზეც გქონდათ ინფორმაცია.
- კი, ამ საქმეზე დამკითხეს. მე წარვადგინე ტელეფონის ნომრების ამონაბეჭდები, მათაც მკითხეს რამდენიმე ნომერზე, მეცნობოდა თუ არა. გამოძიების ეს ნაწილი ისევ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულების ხელთ არსებული ტელეფონებიდან გაკეთებულ ზარებს ეხება. ვერ ვიტყვი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში. მათ მხოლოდ ვითარება "დაალაგეს" მკვლელობის ადგილზე, ვიდრე იქ მაღალი თანამდებობის პირი მივიდოდა.