"ფეხმძიმე ქალის ცხედარი ბოსელში მეზობლებმა აღმოაჩინეს"
"სავარაუდოდ, მოძალადე ოდესღაც თვითონ იყო მსხვერპლი"
"ერთმა პატიმარმა მითხრა, მთელი ცხოვრება მეგონა, ჩემი ცოლი იყო გამოსასწორებელი და მის გამოსწორებას ვცდილობდი, ახლა მივხვდი, რომ თვითონ ვყოფილვარ გამოსასწორებელი"
"მამაკაცმა მეუღლე და 4 წლის შვილი მოკლა, შემდეგ დანით ყელი გამოიჭრა"
საქართველოში გახშირდა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რაც არცთუ იშვიათად მკვლელობით მთავრდება. ეს საგანგაშო რეალობაა. არაერთ ოჯახში დატრიალდა სისხლიანი ტრაგედია. სამართალდამცავებმა ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით არაერთი მოქალაქე დააკავეს. ბევრ მათგანს სასამართლომ ვერდიქტი უკვე გამოუტანა, ნაწილი კი განაჩენის მოლოდინშია. ისინი სასჯელს მოიხდიან, მაგრამ მათთვის ციხეში გატარებულ წლებზე მძიმე დედის, დის, მამის, შვილის, მეუღლის მკვლელის სახელით ცხოვრება იქნება.
ცოტა ხნის წინ ქუთაისში 61 წლის ვალერი ბ. მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - მან 60 წლის მეუღლეს თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მკვლელობის მოტივად კონფლიქტი დასახელდა. მკვლელს გაქცევა არ უცდია, იგი თავისივე ბინაში ჩაჰბარდა სამართალდამცავებს.
ტრაგედია დატრიალდა ასევე ვანის რაიონის სოფელ ისრითში. 80 წლის პავლე მ.-მ შვილი მოკლა და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. ახლობლების თქმით, მამა-შვილს ერთმანეთთან კონფლიქტი ხშირად ჰქონიათ. როგორც ამბობენ, იმ საბედისწერო დღეს შვილმა მეზობელი შინ დაჰპატიჟა. მამამისს მეზობელთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ პავლემ სტუმარი გააგდო და ამით უკმაყოფილო შვილი მამას წაეჩხუბა. გაბრაზებულმა მამამ შვილი დანით მოკლა, მაგრამ როცა გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, თავი ჩამოიხრჩო.
მალე სასამართლოს წინაშე წარდგება ახალგაზრდა, რომელიც ბებიის მკვლელობაშია ბრალდებული. ოჯახური ტრაგედია სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში დატრიალდა. 79 წლის მაისო კ. შვილიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან ახალი გამოსული იყო და ბებიასთან სტუმრად მივიდა. ერთი ვერსიით, მან მეზობელთან იჩხუბა და სანადირო თოფით გასროლილი ტყვია ბებიას მოხვდაო. მძიმედ დაჭრილი მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლეს. 23 წლის გიგა ისევ ციხეში დაბრუნდა, ამჯერად უმძიმესი ბრალდებით, - მას განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ და 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.
სოფელ დიღომში ხოლუაშვილების სახლში კონფლიქტი სისხლის ღვრით დასრულდა. 6 მარტს, საღამოს 9 საათზე, 36 წლის მოსე კ.-მ 33 წლის მეუღლე ხათუნა დანით მუცელში დაჭრა. ამ შემზარავ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. დედის ყვირილზე საძინებელში პირველად უფროსი, 11 წლის ბიჭი შევარდა, დაჭრილი დედა რომ დაინახა, ქუჩაში გაიქცა და მეზობლებს დახმარება სთხოვა. ყვირილი გვერდით ოთახში მყოფ ხათუნას ძმას შემოესმა, მერე ქალი კივილს მოჰყვა: - ზაქრო, მიშველე, დანა დამარტყა, მკლავსო. ძმა დის საშველად გაიქცა, კართან შეფეთებულ მოსეს ხელი გაარტყა, ბიჭო, ეს რა ქენიო. ზაქროს სიბნელეში არ შეუმჩნევია, სიძეს ხელში დანა რომ ეჭირა. უცებ ტკივილი იგრძნო, ეგონა, მუშტი მოხვდა, მაგრამ ტკივილმა მოცელა, ამ დროს ზურგის არეში, იღლიასთან, მეორე დარტყმა იგრძნო, მერე მესამე, უკვე მხარში. მაინც მოახერხა დასთან მისვლა, ხათუნა საწოლზე იჯდა და წამოდგომას ვერ ახერხებდა, მუცელზე ხელი ჰქონდა მიდებული. ორივეს ოპერაცია გაუკეთდა. ზაქროს სამი ჭრილობა აღმოაჩნდა, ხათუნას ერთი - მუცლის არეში, ღვიძლი მთლიანად დაფლეთოდა.
როგორც გაირკვა, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, მათ ოჯახში ხშირად იყო აყალმაყალი. ერთხელ მოსე კ.-ს სიდედრი გაყინული ქათმის ბარკლებითაც უცემია, ცოლს კი დანით დასდევდა და მოკვლით ემუქრებოდა. საბედნიეროდ, ექიმებმა ხათუნა და მისი ძმა გადაარჩინეს.
შემზარავი იყო ახალქალაქის რაიონში, სოფელ ბეჟანოში მომხდარი დანაშაულიც. 45 წლის ვარდან ვ. 5 თვის ფეხმძიმე ცოლს თავს მაშინ დაესხა, როცა ქალი ძროხას წველიდა. ქალი მუცელში მყოფი შვილის დანდობას სთხოვდა, მაგრამ ქმარმა უკან არ დაიხია და ხანჯლით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა ცოლს. დაჭრილი იქვე მიაგდო და თვითონ ეზოში სისხლიანი ხანჯლით დადიოდა. მკვლელმა მეზობელს უთხრა, ცოლი მოვკალი, ეს რა ცხოვრებაა, იქით არის ცხოვრება და მე მათ სიცოცხლე ვაჩუქეო(!!!).
ფეხმძიმე ქალის ცხედარი ბოსელში მეზობლებმა აღმოაჩინეს.
ამ სასტიკი დანაშაულის შემდეგ, ვარდან ვ. წინაპრების საფლავზე ავიდა და ხანჯალი იქ დატოვა. მკვლელს განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, მაგრამ საეჭვოა მისი ფსიქიკური მდგომარეობაც.
ამაზრზენი იყო რუსთავში დატრიალებული ტრაგედია. შეურაცხადმა მამამ ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო და მოკლა. შემაშფოთებელი რეალობაა, რომ ჩვილის დედაც ფსიქიკური ავადმყოფია. ამ ტრაგედიის შემდეგ ისიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
სწორედ იმ დღეს რუსთავში ერთმა ახალგაზრდამ მშობლები დახოცა და ამ ტრაგედიის მიზეზიც მკვლელის შერყეული ფსიქიკაა. მას გაქცევა არ უცდია, პოლიციელებს შინ დახვდა.
კიდევ ერთი სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა წელს სოფელ დიღომში. მამაკაცმა მეუღლე და 4 წლის შვილი მოკლა, შემდეგ დანით ყელი გამოიჭრა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში მოათავსეს. ცოლ-შვილის მკვლელი მამაკაცი ყოფილი სპეცრაზმელი იყო, მასაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონია.
ამგვარი თავზარდამცემი შემთხვევები სამწუხაროდ, მრავლად არის, თუმცა ჩვენ მათი გაცნობით აღარ დავზაფრავთ საზოგადოებას. ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ფსიქოლოგ მანანა სოლოღაშვილს: "სამწუხაროდ, სტატისტიკა არ არსებობს, რამდენი ადამიანია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ქვეყანაში არსებული ვითარება, საზოგადოდ, სისტემაა ძალადობრივი და ეს აისახება ხალხზეც, ემოციურ კავშირებზე. როდესაც ადამიანი სისტემური ძალადობის მსხვერპლია, თავის მხრივ, ისიც მსხვერპლს ეძებს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები სწორედ ოჯახში ხდება. არაერთი ომი, ქარტეხილები გამოვიარეთ და ეს აისახა ხალხის ფსიქიკაზე.
ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი მკვლელობას არ სჩადის.
სავარაუდოდ, მოძალადე ოდესღაც თვითონ იყო მსხვერპლი. საზოგადოება მას დროულად არ დაეხმარა და ყოფილი მსხვერპლი მოძალადედ ჩამოყალიბდა. ძალადობის მსხვერპლი ძალზე საშიშია. ხშირად მშობლებსაც არ აქვთ გაცნობიერებული, რომ ისინი შვილებზე ძალადობენ.
ფიზიკური ძალადობა უფრო თვალხილულია და ადვილად აღსაქმელი, მაგრამ უფრო ღრმა კვალს ტოვებს ფსიქოლოგიური ძალადობა. ბევრმა ისიც არ იცის, რომ ჰიპერმზრუნველობაც ძალადობაა, ამასაც ვერ აცნობიერებენ დედები. გადამეტებული ზრუნვა დედაზე დამოკიდებულს ხდის შვილს, რაც ზრდასრულობაში ძალიან ცუდ შედეგს იძლევა.
ქალთა კოლონიაში შვილის მკვლელ 16 ქალთან ვიმუშავე. რვამ თავისი ხელით მოკლა, დანარჩენებმა - გაუფრთხილებლობით. ყველა მათგანი თავის დროზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. იშვიათად, რომ ასეთმა ადამიანმა გული გადაგიშალოს. მამაკაცებსაც უჭირთ დანაშაულის აღიარება. მხოლოდ ცოტა მათგანი აცნობიერებს, რომ მოძალადეა და ნანობს. ერთმა პატიმარმა მითხრა, მთელი ცხოვრება მეგონა, ჩემი ცოლი იყო გამოსასწორებელი და მის გამოსწორებას ვცდილობდი, ახლა მივხვდი, რომ თვითონ ვყოფილვარ გამოსასწორებელი, უნდა შევიცვალოო და მართლაც შეიცვალა ქცევა".
თეა ხურცილავა