”ჩემი შვილი ჯერ შემოაკვდათ და შემდეგ ჩამოკიდეს” - 16 წლის პატიმრის მამის სულისშემძვრელი ვერსია
ქუთაისის საპატიმროში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ ციხეში მოკლეს და შემდეგ ჩამოკიდეს... თენგიზ ძველაიას თქმით, არასრულწლოვანს პრობლემები ე.წ. ციხის მაყურებელთან ჰქონდა და ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა 16 წლის გოგას სიცოცხლე. მისივე თქმით, არასრულწლოვანი გირაოს გადახდის შემდეგ უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა დილით შვილის თვითმკვლელობის შესახებ შეატყობინეს...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო. როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა. ჩვენ გარდაცვლილის მამას, თენგიზ ძველაიას დავუკავშირდით, რომელიც მომხდარი ტრაგედიის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს:
- როდესაც გოგა ქუთაისში ციხეში გადაყავდათ, მითხრა, მამა, იქ პრობლემები მაქვსო, ვკითხე, რა ხდება-მეთქი, არადა, ვფიქრობდი, ქუთაისი უფრო ახლოს არის და უფრო ხშირად ვინახულებთ შვილს-მეთქი... ჩხუბი მოგვივიდა და ერთ-ერთს ყბა გავუტეხე, ის კი, იმ ახალ ”ზონაში” ”მაყურებელია” და ვიცი, მასთან კონფლიქტი გაგრძელდებაო. მე მაინტერესებს, დაახლოებით, დღის 3-4- საათზე მიყვანილ ჩემს ბავშვს რა დაემართა ისეთი, რომ რამდენიმე საათში, მეორე დილას თავი მოიკლა... თანაც, ციხის უფროსის სახელზე განცხადება დაწერა, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გთხოვთ, ცალკე კამერაში მომათავსოთო. მოათავსეს კიდეც ცალკე კამერაში, ანუ ციხის უფროსიც იყო საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა პატიმრებს შორის და ჩვენ რატომ არაფერი შეგვატყობინეს ან რამე ზომები რატომ არ მიიღეს?..
- როგორ ფიქრობთ, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი?
- ეს პატიმრები ციხის ხელმძღვანელობას ხომ აბარია, განა იმათვე არ უნდა აგონ პასუხი? თუ ციხის უფროსს მხოლოდ ხელფასის აღება ევალება?.. გოგა ჯერ მოკლეს და შემდეგ ჩამოკიდეს. მე ვნახე ჩემი შვილის ცხედარი, მე მას ვიცნობდი, ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ისე წვრილად, პროფესიონალურად ვერაფრით დაახვევდა ზეწარს, ისეთი წვრილი ზოლი აქვს ყელზე, მოუკვდეს მამა... ეტყობა, ჯერ შემოაკვდათ და შემდეგ ჩამოკიდეს... არ ვიცი, პატიმრებს შემოაკვდათ თუ ვის, მაგრამ ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა.
- რისთვის იხდიდა სასჯელს?
- ჩვენთან ბარი იყო და ის გატეხეს, საიდანაც რადიო დაიკარგა... პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა ბავშვი, მაგრამ სინამდვილეში სხვა მიზეზი იყო... იქვე მცხოვრები გოგონა უყვარდა და მის ახლობლებს გოგას მოშორება უნდოდათ, რადგან ნაციხარი იყო...
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადრეც იყო ნასამართლევი...
- დიახ, მაშინ ექვსი თვე მოიხადა და შემდეგ პრეზიდენტის შეწყალება შეეხო. მარშრუტკის მძღოლის მობილური აუღია, იქვე ჩამომჯდარა და ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა, როდესაც მძღოლმა პატრული გამოიძახა და მაშინვე აიყვანეს. მერე მივედი იმ მძღოლთან და ვკითხე - რატომ გამიკეთე ეს-მეთქი? შემეშინდაო, ასე მითხრა.
- რას აპირებთ ახლა?
- არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ამას ასე არ დავტოვებთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)