"სად წავიდა ჩემი ბაჩო, მომიკლეს ბებოს თბილი ბიჭი..." - რუსთავის ტრაგედიის უცნობი დეტალები
”ყურთან ქვა ჰქონდა დარტყმული” - როგორ მოხდა, რომ შიშველ ბავშვთან ერთად ორმოში მისი ტანსაცმელიც მოხვდა?
"მაინცდამაინც ეს საწყალი ბავშვი უნდა მომკვდარიყო, რომ ნიჩაბი აეღოთ ხელში და რვა თვის გაჭრილი კრატერი ამოევსოთ?!"
"უბედურ მამამისს ვერ უთხრეს, რაც სჭირდა და ისე მოტყუებით მოიყვანეს სახლში. ეზოში რომ უთხრეს ეს ამბავი, კაცი გაშეშებულ კუნძს დაემგვანა, ენას ვეღარ ამოძრავებდა პირში"
14 ოქტომბერს რუსთავში, ე.წ. ინტერნატების უბანში, გვიან ღამით, რვა წლის ბაჩო ქამუშაძის ცხედარი მიასვენეს. ამ დროს პატარა დასახლება მთლიანად გარეთ გამოეფინა, - უბანი ამბავმა სრულ შოკში ჩააგდო. ბაჩო ძალიან ლამაზი, მაგრამ საოცრად მორიდებული ბავშვი იყო, - ალბათ თავისი ოჯახის სოციალური მდგომარეობაც არ აძლევდა საშუალებას ბოლომდე ბავშურად გალაღებულიყო. სწორედ ამ მოკრძალებულობის გამო მთელ უბანს უყვარდა. პატარას შიშველი ცხედარი (ბავშვს მხოლოდ ტრუსი ეცვა) უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ”რუსთავის წყლის” კუთვნილ ობიექტზე, ამავე კომპანიისაგან გათხრილ წყლით სავსე ორმოდან მხოლოდ დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ამოიღეს. ამავე ორმოში წყლის სრულად ამოხაპვის შემდეგ ამოიღეს ბაჩოს ტანსაცმელიც. როგორ ან რატომ მოხდა, ისე, რომ შიშველ ბავშვთან ერთად მისი ტანსაცმელიც წყლიან ორმოში მოხვდა, ამას გამოძიება დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა გამოძიება ტრაგედიას ვერაფრით შეამსუბუქებს, სავარაუდოდ, მისმა შედეგებმა მოსახლეობის გამოფხიზლებას ხელი ოდნავ მაინც უნდა შეუწყოს, - თუკი რასაკვირველია, როგორც გვჩვევია, ყველაფერი მალევე არ მივეცით მივიწყებას.
თუმცა ასეთი ტრაგედიები ადამიანურად ალბათ მაინც ძალზე ძნელი დასავიწყებელია მათთვის, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ამ ტრაგედიების გამტარი ან მონაწილე ხდება, - რუსთავის ჯავახიშვილის # 3-ის ყველა მცხოვრები გამუდმებით იმეორებს იმას, რომ ბაჩოს თავის ბნელ საცხოვრებელ ბინაში მაგიდაზე დაგდებული ჩაკბეჩილი კარტოფილის ”პერაშკი” დარჩა, - ბავში ეზოში თამაშობდა, როცა ბებიამ დაუძახა და შინ საჭმელად აიყვანა. ის იყო პატარა ჭამას შეუდგა, რომ ამ დროს ეზოდან ბავშვების დაჟინებული ძახილი გაიგონა, საჭმელი მაგიდაზე დააგდო და ეზოში ჩავიდა.
ია. კ:
- ეს ძახილი მთელ ეზოს გვესმოდა, - მეზობელი ძმები ეძახოდნენ,- ჩქარა ჩამოდიო. ერთი ბაჩოს ასაკის არის და მეორეც 11 წლის. ძახილი რომ აღარ შეწყდა, პირადად თავადაც გადავიხედე ფანჯრიდან. ამასობაში ბაჩოც ჩამოვიდა, - სვეტიცხოვლობა დღე იყო, ის დრო იყო, უკვე დღე რომ თბება. ბაჩო რომ ჩამოვიდა, ბავშვებმა რაღაც გადაულაპარაკეს და ეზოდან გავიდნენ. გული რაღაც უსიამოდ გამიხდა. იმიტომ რომ ბაჩო რაღაცნაირად მიამიტი ბავშვი იყო და თითქოს არ მომეწონა, ისინი ასე დაჟინებით რომ ეძახდნენ და მერე რაღაცნაირად მორჩილად რომ გაჰყვა. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, იქნებ წინათგრძნობაც იყო რაიმე...
ჩვენი დასახლების მახლობლად ცარიელი მინდვრებია და იქ წაუყვანიათ იმ ბავშვებს. იმ მინდვრებში სიარულს ჩვენი ბავშვები მას შემდეგ მიეჩვივნენ, რაც ”რუსთავის წყალმა” წყალსადენის შესაკეთებლად 8 თვის წინ კრატერის მსგავსი ორმო გათხარა. ის ორმო იმ დროიდან ამოუვსებელია. ამ ხნის განმავლობაში, როგორც მე ვიცი, იქ კინაღამ კიდევ ერთი უბედურებაც მოხდა, - ზაფხულში ერთი ბავშვი იხრჩობოდა, მაგრამ ის ამხანაგებმა გადაარჩინეს. ამ უბედურ ბავშვს რა მოუვიდა, რატომ არ გაუწოდეს ხელი ამხანაგებმა, არ ვიცი. მაგრამ მაშინ ჩვენი დასახლებიდან ერთ-ორი მშობელი დაინტერესდა, იმ თხრილს რატომ არ ავსებთო და ”რუსთავი წყალში” უპასუხეს, - იმიტომ არ ვავსებთ, რომ ეგ წყალსადენი სულ ფუჭდება და დრო და დრო ვაკეთებთო. რა ასეთი გაუკეთებელი დაადგათ? ასე როგორ შეიძლებოდა? ან საბოლოოდ გაეკეთებინათ, ან თუ ვერ აკეთებდნენ, მიწით დაეფარათ და როცა დაზიანდებოდა ის ოხერი წყალი, მერე თავიდან გაეთხარათ და ამ დროს თავზე დასდგომოდნენ, რომ უბედურება არ მომხდარიყო! მაგრამ ჩვენ ყველას გვჭირს ერთი უშველებელი უბედურება, - არავის არ აინტერესებს, რა მოჰყვება მის საქციელს. სამაგიეროდ, წყლის გადასახადის აკრეფა იციან მშვენივრად! მაინცდამაინც ეს საწყალი ბავშვი უნდა მომკვდარიყო, რომ ნიჩაბი აეღოთ ხელში და რვათვის გაჭრილი კრატერი ამოევსოთ!
თამარ დ:
- ეს ძალიან დიდი მსხვერპლია. თითქოს ამ უბედურ ბავშვს, რაც იცოცხლა, თავისი ოჯახის ხელმოკლეობა არ ეყოფოდა, რომ იმქვეყნადაც გაისტუმრეს. საცოდავები საჩხერიდან არიან წარმოშობით და იქ გადაასვენეს, რომ დაეკრძალად. საცოდავი მამამისი ამბობს, შვილი მომიკლესო. უბედურს ვერ უთხრეს, რაც სჭირდა და ისე მოტყუებით მოიყვანეს სახლში. ეზოში რომ უთხრეს ეს ამბავი, კაცი გაშეშებულ კუნძს დაემგვანა, ენას ვეღარ ამოძრავებდა პირში. მერე თავის შვილს რომ დახედა, იღრიალა, შვილი მომიკლესო ჩვენც კითხვები არ გვასვენებს, - ამ ოქტომბერში თუ ბავშვი თვითონ ჩავიდა საბანაოდ კრატერში და ასე გასულელდა, მაშინ გახდილ ტანსაცმელსაც თავადვე ხომ ვერ ჩაიყოლებდა იმ კრატერში? ვინ სულელი ვერ მიხვდება, რომ გადაუყარეს. ჩვენ გამომძიებლები არ ვართ და ვერავის დავადებთ ხელს, მაგრამ გამოძიებამ უნდა სწორად გამოიძიოს, რაც მოხდა. ეს ბავშვი მართლა გულუბრყვილო ბავშვი იყო იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც მზად არიან თავი ნებისმიერ სიტუაციაში დაიცვან და ვინ იცის, როგორ ისარგებლეს მისი გულუბრყვილობით! საცოდავი დედამისი, ბავშვს მოსვლა რომ შეაგვიანდა, მაშინვე მიხვდა, რომ მის თავს უბედურება ტრიალებდა. სანამ შვილი არ მოუსვენეს, იჯდა გამშრალი და ხმას ვერ იღებდა.
"ამ უბედურებს კიდე ეს ამბავი აკლდათ? საწყალ მამას მუშაობა არ ეზარება, სულ ქირით სამუშაოზეა წასული, მაგრამ ვერაფრით იშოვნა იმდენი, რომ მის სამ შვილს თუნდაც საჭმელი ჰქონოდათ საკმარისი. დედა დღე და ღამე შვილებს უვლიდა და მათთვის მზად იყო, ნებისმიერ შავ სამუშაოზე წასულიყო, მაგრამ რა გამოვიდა? ის, ვისთვისაც შრომობდა და წვალობდა, დაკარგა. ეს არის ცხოვრება?!" -მითხრეს მეზობლებმა.
ვცადე ის ბავშვები მომეძებნა, ვინც ბაჩოს სათამაშოდ გაჰყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი, მშობლებთან ერთად დაკითხვაზე იყვნენ წაყვანილები. ჩვენს ზარს მშობლებმა მოგვიანებითაც არ უპასუხეს.
”ჩვენ ხელს არავის ვადებთო”- კიდევ ერთხელ გამიმეორეს მეზობლებმა და პატარა ბაჩოს სახლისკენ წამიძღვნენ, - იქ, აგურის ავარიული ბინის ერთოთახიანი ბინიდან ბაჩოს ბებიის გოდება გამოდიოდა. ქალმა დაგვინახა, გამშრალი არაფრისმთქმელი თვალებით დაგვაცქერდა, ღარიბული ბინის შესასვლელი გადაჭრა და ოთახში მდგარ გაცრეცილგადასაფარებლიან საწოლზე ჩამოჯდა. მერე არაფერი გვკითხა, ისე დაიწყო...
- ... ახლა რა უნდა ვქნა? სად წავიდა ჩემი ბაჩო, სად ვეძებო, როგორ მომიკლეს, ბებო მოუკვდა...
- რატომ ამბობთ, რომ მოკლეს?
- აბა, რა უნდა ვთქვა, როცა სახლში მომიყვანეს, ყურთან ისეთი ჩალურჯებული და დაჟეჟილი ჰქონდა, ქვა ჰქონდა დარტყმული. აბა, ეს ჩალურჯებული რატომ უნდა ჰქონოდა, თუ თავისით ჩავიდა ორმოში და იბანავა? მოუკვდა ბებია, ჩემი თბილი ბიჭი. ჩამეხუტებოდა, ჩამეხუტებოდა, მერე თავის და-ძმას დაუძახებდა, დამესეოდნენ სამივენი და ხელით ვიშორებდი, - მოცილდით აქედან, დამასვენეთ-მეთქი. სულ ასე ვთამაშობდით, ხშირად საჭმელი გვიჭირდა და ასე გაგვყავდა დრო, რომ გვიან გვეჭამა და გულიც რომ არ მოკვდომოდათ. მაგათი გულისთვის, საჭმელზე არ ინერვიულონ-მეთქი, უფასო სასადილოდან კერძის გამოტანაც კი შევწყვიტე, - მარო ერთ სულზე გვაძლევდნენ და რაღა აზრი ჰქონდა!
- რატომ შეწყვიტეთ, ცოტა ხომ მაინც დაგემატებოდათ?
- აბა, რა უნდა მექნა, ბავშვებს ხომ არ ვატირებდი? ჩვენ ექვსი სული ვართ და უფასო სასადილოში, ყველას შეგვიწყვიტეს მოცემა და მარტო ერთ სულზე გვაძლევდნენ კერძს, - სხვა საშუალება არ გვაქვსო. ამიტომ იშვიათად ქათმის ერთი ბარკალი რომ მომქონდა, სამივეს იმის ჭამა უნდოდა და ჩხუბობდნენ, არა, მე უნდა ვჭამო, არა მეო. ერთი ბარკალი რამდენისთვის უნდა გამეყო და ბავშვებს რომ არ ენერვიულათ, სულ შევწყვიტე კერძის მოტანა.
- ბავშვების მამაც ვერაფერს შოულობდა?
- დღიურად დაქირავებულს რა უნდა ეშოვნა? რასაც შოულობდა, სულ შვილებისთვის მოჰქონდა... ამდენს იმიტომ შრომობდა, რომ თავისი შვილები უხაროდა, ახლა რა გაახარებს, ხომ ყველა ერთად გავუბედურდით.
- გვითხრა გარდაცვლილი პატარას ბებიამ და საუბარი შეწყვიტა. მეც ვეღარაფერი ვუთხარი. გამოსვლისას მხოლოდ უბრალო ფურცელზე შესრულებულ ბაჩოს ნახატს შევავლე თვალი, - იქ შავ ტალღებზე შავი გემი მიცურავდა, - წინათგრძნობის გემი, რომელიც ამ ქვეყნად არასოდეს დაბრუნდება. ”რუსთავის წყალმა” კი ოფიციალური განცხადება გაავრცელა მომხდართნ დაკავშირებით, სადაც უბედურების ადგილზე გაჭრილი ორმოს ამოუვსებლობას სარემონტო სამუშაოებით ასაბუთებს. როგორც ”რუსთავი წყალის” პრესცენტრმა განგვიცხადა, კომპანია მზად არის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს ყველა შესაბამისი დახმარება გაუწიოს.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)