საქმე #: გირგვლიანი 2
"საქმეში უამრავი მოწმეა, რომლებმაც მოდულიდან გამოსული ნაცემი ბიჭები ნახეს"
"მელნიკოვის ბრალეულობის დასამტკიცებლად საქმეში უამრავი მტკიცებულებაა"
თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ოლეგ მელნიკოვს ასამართლებენ. პროკურატურამ მას ორი სხვადასხვა ბრალდება წაუყენა - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მელნიკოვის ბრალეულობაც გამოიკვეთა და ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარებაც ედება ბრალად. რაც შეეხება მეორე საქმეს, რომლის განხილვაც მიმდინარეობს, 2005 წლის 5 იანვარს თბილისში მოხდა. მოდულში, დათა ახალაიას კაბინეტში, პოლიციის ორ მაღალჩინოსანს სასტიკად სცემეს. დანაშაული წლების შემდეგ გაიხსნა და ამაში ლომის წილი გაზეთ "კვირის პალიტრას" უძევს. 2012 წლის ბოლოს ჩემმა კოლეგამ თავის სტატიაში გაახმაურა, თუ როგორ სცემეს მალხაზ აზარაშვილს და საქმის გამოძიება დაიწყო.
გამოიკვეთნენ სხვა დაზარალებულებიც. მალხაზ აზარაშვილისა და ზაზა მესხის ცემისთვის პასუხისგებაში მიეცნენ ოლეგ მელნიკოვი, დათა ახალაია, გია ალანია და სოსო თოფურიძე. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ ბრალი. დათო კურცხალია, რომელიც ასევე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, ცემას გარკვეული მიზეზების გამო გადაურჩა. ამ საქმეს "გირგვლიანი 2" უწოდეს. ალბათ, იკითხავთ, რა შუაშია გირგვლიანი ამ დანაშაულთანო? ორივე დანაშაულის ხელწერა, მასში მონაწილე პირები ერთი და იგივენი არიან და რაც მთავარია, ორივე საქმეში ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია ფიგურირებს.
რადგან დათა ახალაია და კუდ-ის მაღალჩინოსნები იძებნებიან, მათ დაუსწრებლად ასამართლებენ. განსასჯელის სკამზე მხოლოდ უკრაინიდან ექსტრადირებული ოლეგ მელნიკოვი ზის. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. უკრაინის ციხეში მელნიკოვი თითქმის წელიწადი იჯდა. "პოლიციელებმა 25-გრადუსიან ყინვაში 12 საათი მამყოფეს. დილის 11 საათზე დამაკავეს და საღამოს 11 საათზე მიმიყვანეს კა-პე-ზეში... იქ სულ სხვანაირი ციხეა. ფანჯარას შუშა არ ჰქონდა. არც სკამი იყო, არც მაგიდა, მთელი დღე წყალს კეტავდნენ. დამნაშავეების საკანში შემიყვანეს... ერთხელ ვიღაც შემოვიდა და გამაფრთხილა, ჭკვიანად იყავიო. ჩემი ცოლისა და შვილის სურათი მაჩვენა, რომლებიც გზაზე გადასვლის დროს იყო გადაღებული. ვუთხარი, კი ბატონო, ჭკვიანად ვიქნები-მეთქი... მერე ჩამოვიდნენ ქართველი პროკურორები, დამკითხეს და მითხრეს, დედასთან რამეს ხომ არ დაგვაბარებთო. ახლა გავიგე, თურმე ჩემს 75 წლის დედისთვის უთქვამთ, თუ ჭკვიანად არ იქნება შენი შვილი, დიდი "სროკი" ელოდებაო. ჩემს მეუღლესთან კი ქურდები მივიდნენ, ქართველი ქურდები ვართო და შეაშინეს", - განაცხადა პროცესზე მელნიკოვმა და მოსამართლეს მეუღლისა და დედის დაკითხვა სთხოვა.
ოლეგ მელნიკოვის ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მისი დასაცავი პირი უდანაშაულოა: - "ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. გარდა აზარაშვილის ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება არანაირი სამხილი. ისიც არ მიუთითებს, რომ მას მელნიკოვი სცემდა".
გავრცელებული ვერსიით ყველაფერი 2005 წლის 2 იანვარს ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო. ერთ მაგიდასთან მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის მაღალჩინოსნები მეუღლეებთან ერთად ქეიფობდნენ, ხოლო მეორე სუფრასთან საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, მათ შორის თაკო სალაყაია, ისხდნენ. თურმე ქალბატონი თაკო ძალიან აქტიურობდა, შეზარხოშებული სცენაზეც კი ავიდა და იმღერა. ცოტა ხანში გვერდით სუფრაზე მყოფების ქცევა არ მოეწონა, აიხირა, შეურაცხყოფა მომაყენესო და ტელეფონზე დაიწყო რეკვა. ამბობენ, რესტორანში ამ ამბავს გაგრძელება არ მოჰყოლიაო, სალაყაია მალე წასულა. თუმცა, როგორც ჩანს, შს მინისტრის მეუღლემ ამ ბიჭებისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა და ეს ამბავი დათა ახალაიას აცნობა. თაკო აღწერდა სუფრაზე მყოფების გარეგნობას. განსაკუთრებით ერთ მელოტ პოლიციელზე იყო გაბრაზებული. მეზობელ სუფრასთან მსხდომებზე მხოლოდ ის იცოდა, რომ მთაწმინდა-კრწანისის პოლიციელები იყვნენ. დათა ახალაიამ იმის გარკვევა დაიწყო, ვინ "შეხედა უდიერად" მინისტრის ცოლს.
ეჭვი მელოტ პოლიციელზე, მალხაზ აზარაშვილზე მიიტანეს და 5 იანვარს მოდულში კუდ-ის ხელმძღვანელის, დათა ახალაიას კაბინეტში დაიბარეს. აზარაშვილი მათ არწმუნებდა, რომ რესტორანში იმ დღეს არ ყოფილა, მაგრამ არ დაუჯერეს. გამოძიების მტკიცებით, პოლიციელების განსაკუთრებით სისასტიკით ცემაში დათა ახალაია, გია ალანია, ოლეგ მელნიკოვი და სოსო თოფურიძე მონაწილეობდნენ.
ლევან ბაჩიაშვილი, პროკურორი: "მ.ა.-ს მაშინ მთაწმინდა-კრწანისის პოლიციაში მაღალი თანამდებობა ჰქონდა, 4-მა ბრალდებულმა და მათთან ერთად მყოფმა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ის სასტიკად სცემეს. 6-7 კაცი გამეტებით ურტყამდა წიხლებს. სთხოვდნენ დეტალების გახსენებას. ის კი უარყოფდა. მიიჩნიეს, რომ ტყუოდა და უფრო გამეტებით სცემეს. ბოლოს გაარკვიეს, რომ არაფერ შუაში იყო და უბრალოდ ჰგავდა მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების მელოტ უფროსს, რომელიც იმ სუფრაზე მართლაც ყოფილა. საათ-ნახევრის შემდეგ მოდულში დ.კ. დაიბარეს. იგი შს სამინისტროს მაღალჩინოსნის ახლობელი აღმოჩნდა. როცა ახალაიას კაბინეტში შეჰყავდათ, ახალაიას ეს ინფორმაციაც მიაწოდეს და ამიტომ დ.კ. ცემას გადაურჩა, მაგრამ სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დააწერინეს. მისგან განსხვავებით სასტიკად სცემეს და უწყებიდან გააგდეს პოლიციელი ზ.მ. - სკამზე მიაბეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და სცემეს. რაც შეეხება შეცდომით ნაცემ პოლიციელს, დუმილის სანაცვლოდ დაწინაურებას დაჰპირდნენ. თუმცა შეურაცხყოფილმა დატოვა სისტემა.
რესტორანში კამათი არ ყოფილა, სალაყაია იმან გაანაწყენა, რომ მას ტაში არ დაუკრეს და მოეჩვენა, შეურაცხყოფაც მიაყენეს. მოწმეები ამბობენ, რომ ანერვიულებული სალაყაია ისტერიულად რეკავდა ვიღაცებთან.
- რატომ უწოდებენ ამ საქმეს "გირგვლიანი 2"-ს?
- ორივე დანაშაულის ხელწერა ერთი და იგივეა, მოქმედი პირებიც იგივენი არიან, უბრალოდ ამ ხალხს სანდროზე მეტად გაუმართლა, შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს. ერთ-ერთი ისე იყო ნაცემი, კარგა ხანს საავადმყოფოშიც იწვა, მაგრამ მათი შიშით სხვა სახელი და გვარით გატარდა რეგისტრაციაში. მაშინ ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ და, ბუნებრივია, არც არავის შეუტანია ამ ფაქტზე საჩივარი. საქმეში უამრავი მოწმეა, რომლებმაც მოდულიდან გამოსული ნაცემი ბიჭები ნახეს.
მალხაზ ველიჯანაშვილი: - მელნიკოვს ეუბნებიან, რომ დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს, სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ, მაგრამ ამბობს, სირცხვილია, ამ ხალხზე როგორ ვთქვა ის, რაც არ ყოფილაო.
- გირგვლიანის საქმეში ის ადრე მოწმედ დაიკითხა.
- არავინ უარყოფს, რომ ის რესტორანში იყო. დანაშაულში მონაწილეობას მას ახლაც არავინ ედავება. მკვლელობისა და ცემის დროს იქ არ ყოფილა, სხვაგან იყო და ეს დადასტურებულია.
- თუ უდანაშაულო იყო, რატომ იმალებოდა?
- ის ორი წელია უკრაინაში ცხოვრობს, არსად დამალულა. თავად ჩამოფრინდებოდა საქართველოში, მაგრამ არ აცალეს.
- დღეს რა პირობებში იხდის სასჯელს?
- საქართველოში კარგ პირობებშია.
პროკურორ ლევან ბაჩიაშვილს აბსურდად მიაჩნია, რომ მელნიკოვს საქართველოში ჩამოსვლა სურდა: "მას შემდეგ, რაც უკრაინაში მელნიკოვის ექსტრადიცია გადაწყდა, მელნიკოვმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. სწორედ ამის გამო გაჭიანურდა მთელი ერთი წელი მისი ექსტრადიცია. უკრაინამ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა მელნიკოვს. აბსურდია, რომ თითქოს მელნიკოვს სთხოვენ, ხელი დაადოს ახალაიას. მერწმუნეთ, მელნიკოვის აღიარებითი ჩვენება არც გვჭირდება მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად, ისედაც უამრავი მტკიცებულებაა ამ საქმეში".
ლაშა მაღლაკელიძე, პროკურორი: "გირგვლიანის საქმეში მელნიკოვისთვის წაყენებული ბრალის დასამტკიცებლად მტკიცებულებები საკმარისზე მეტია. მართალია, მაშინ განაჩენი გამოიტანეს, მაგრამ საქმის ხელახალი გამოძიების დროს ახალი გარემოებები გამოიკვეთა. აშკარაა კავშირი "შარდენ ბარში" მომხდარ კონფლიქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს შორის. აქ მელნიკოვის ბრალეულობა გამოკვეთილია. ამ საქმეზე 5 პირი უკვე მიცემულია პასუხისგებაში, შესაძლებელია კიდევ დადგეს სხვების პასუხისმგებლობის საკითხი. გირგვლიანის მკვლელობის შემთხვევა სისტემური დანაშაულის კლასიკური მაგალითია. როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, ამ საქმეში ჩართული იყო ყველა უწყება, რაც გამოძიებითაც დასტურდება".
"როცა ველურებს ნაყოფის მოპოვება ეწადათ, ხეს ჭრიდნენ - ასეთია დესპოტური ძალაუფლებაც". მონტესკიე
თეა ხურცილავა