პატიმარი "სკაიპით" ქურდად "მოინათლა"(?!)
არასრულწლოვანები ციხის ადმინისტრაციამ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებთან" გაიყვანა
"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მიხეილ ღურწკაია დუმილს არ აპირებს"
ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, რომ ციხეებში ძალაუფლება ისევ ქურდებმა ჩაიგდეს ხელში და ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს ასრულებს. რამდენიმე ხნის წინ სოზარ სუბარმა ეს ბრალდებები უარყო: "ციხის ვიდეოფირისა და არჩევნების შემდეგ, ამ ინსტიტუტმა დროებით იმძლავრა ციხეში. მე-16 დაწესებულებაში დირექტორს 5 მაყურებელი დახვდა, მათი ნებართვის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა. რეჟიმის დამყარება რომ დაიწყო, ფაქტობრივად, ამბოხება მოაწყვეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ აკრძალული ნივთები ჰქონდათ, ამიტომ დავხურეთ ის დაწესებულება და პატიმრები სხვაგან გადავიყვანეთ. იქაურობა რომ გაიჩხრიკა, 300-მდე რკინის კუთხოვანა ამოვიღეთ, უამრავი ხელნაკეთი მჩხვლეტავი და ბასრი საგანი... დღევანდელი ადმინისტრაცია მათ არასოდეს გაურიგდება, რისი პრეცედენტებიც წინა მმართველობაში იყო".
ახალაიას პერიოდში გამეფებული ქაოსის დასამტკიცებლად სუბარმა მაშინ ასეთი ამბავიც გვიამბო: "არიან ისეთი პატიმრებიც, რომლებსაც შეუძლიათ მოიჭრან სხეულის ნაწილები, დაამარილონ და შეჭამონ კიდეც. იყო ერთი პატიმარი, რომელსაც რამდენჯერმე ისე სცემეს, მოძრაობა უჭირდა. ერთხელ, ცემას რომ მორჩნენ, ბაჩოსთვის შეუხედავს, დაამთავრეთო? ამის შემდეგ ჯიბიდან ამოუღია თავისი სხეულიდან მოჭრილი ხორცი და გადაუყრია ახალაიასთვის, აჰა, შეჭამეო. გაგიჟებულა ბაჩო, რა მოთხოვნა აქვს, გამაგებინეთო. თურმე კომპიუტერს ითხოვდა. ახალაიამ, კომპიუტერი ჩაურთეთო. ჩაურთეს "აჭარაბეთზე" და ისიც კმაყოფილი იყო".
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სიტუაცია ციხეში დღესაც არ არის დალაგებული. ქსნის მე-15 დაწესებულებაში სკაიპით "კანონიერ ქურდად" კუკური გურგენიძე "მონათლეს". საინტერესოა ისიც, რომ ეს 2013 წლის 17 ნოემბერს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მოხდა...
გასულ კვირას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. მაშინ ითქვა, რომ მისი დაკავება ქურდის "ნათლობას" უკავშირდებოდა. როგორც გავარკვიეთ, ეს არ არის სიმართლე, საქმე უფრო რთულად არის. ამ ბრალდებით ციხეში მომხდარი ახალი დანაშაული გამოიკვეთა. თურმე სამი არასრულწლოვანი პატიმარი ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 10 აგვისტოს, ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ ფოცხვერიასთან საქმის გასარჩევად მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი დაპირისპირება 11 ოქტომბერსაც მოხდა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. საქმის გასარკვევად იქ გენინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი მისულა, მაგრამ პრობლემა ვერ გადაუჭრია. ამის შემდეგ დაპირისპირებული პატიმრები ისევ ქურდებს შეარიგებინეს(!). ჩვენი ინფორმაციით, ამჯერად გლდანის მე-8 დაწესებულებაში წაუყვანიათ და იქ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს შეურიგებია.
მამუკა ჭაბაშვილი, ზურაბ ვარდიძის ადვოკატი: "ზურაბ ვარდიძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. ივლისსა და აგვისტოში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დაძაბულობა იყო. ვინაიდან სიტუაციას ვერ აგვარებდნენ, მან საპატიმროს დირექტორს მისცა მითითება, სამი არასრულწლოვანი გადაეყვანათ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და შეეხვედრებინათ "კანონიერი ქურდებისთვის", ფოცხვერიასა და ჯაფარიძისთვის. ამ გზით განმუხტეს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სიტუაცია. როგორც ვიცი, იქ მართლაც ქაოსი იყო, სკოლაში არ ტარდებოდა გაკვეთილები. პატიმრები მასწავლებლებს აბუჩად იგდებდნენ, დირექტორს გადაუყირავეს მაგიდა, ბოლოს საქმე ბუნტამდე იყო მისული... არასრულწლოვანების გადაყვანით დაირღვა ადმინისტრაციული კოდექსი, რადგან მათი სრულწლოვან პატიმრებთან კონტაქტი იკრძალება. ქურდული სამყაროთი არ უნდა მართო სისტემაო, ამას ედავება მას პროკურორი... მერწმუნეთ, ასეთი ამბავი ვარდიძის დონეზე არ გადაწყდებოდა. სამინისტროც იქნებოდა საქმის კურსში. ჯერ არ დაუკითხავთ არც ის მოზარდები, არც ფოცხვერია და არც ისინი, ვინც ეს ბავშვები გაიყვანა დაწესებულებიდან. არც ის არის ცნობილი, რა საუბარი შედგა ფოცხვერიასა და არასრულწლოვანებს შორის. ციხის დირექტორი ამბობს, დამირეკა, გადაიყვანეთო. თუ კანონის დარღვევა მოსთხოვეს, რატომ გააკეთა ეს დირექტორმა? ვარდიძე დანაშაულს უარყოფს, მიანიშნებს, რომ ამ საქმის უკან სამინისტროში არსებული შიდა დაპირისპირება დგას და ისიც ამას შეეწირა. ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს".
ჩვენი ინფორმაციით, სამინისტროში შიდა დაპირისპირება დიდი ხანია დაიწყო. ამბობენ, რომ მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთელი შეეწინააღმდეგა გენინსპექციის უფროს მირზა სუბელიანს, ციხის ქურდების მიერ მართვა გააპროტესტა და გაათავისუფლესო. მას მიჰყვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი მაია ხასიაც, ის სხვაგან გადაიყვანეს. მაშინ ხასიამაც დუმილი არჩია. ახლახან კიდევ ერთი ფაქტი დაემატა: ცოტა ხნის წინ სუბარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ ღურწკაიას დამსახურებებზე ლაპარაკობდა, მის პროფესიონალიზმზე ამახვილებდა ყურადღებას. როგორც ამბობენ, ისიც მიუღებელი აღმოჩნდა სუბელიანისთვის და გაათავისუფლეს.
ჩვენი ინფორმაციით, მიხეილ ღურწკაია დუმილს არ აპირებს, მართალია, პრესაში კომენტარს ჯერ არ აკეთებს, მაგრამ თურმე პროკურატურას დაკითხვას სთხოვს და მზადაა, ყველაფერზე დეტალურად ისაუბროს...
როგორც ჩანს, სკანდალი გაგრძელდება, თუმცა მანამდე ყოფილი პატიმრისგან საინტერესო ამბები შევიტყვეთ (მან ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა):
- ვიცი, რომ ქსნის მე-15 დაწესებულებაში "სკაიპით" "მოინათლა" გურგენიძე, მას "ვესი" ჰქონდა ციხეში და დაუფასდა.
როგორც ვიცი, გურგენიძის შემთხვევაში საბერძნეთიდან ქართველი ქურდები ჩაერთვნენ "სკაიპში". ამ საკითხზე "სხადნიაკიც" შედგა საბერძნეთში და გადაწყვიტეს, უფლება მიეცათ. ვფიქრობ, ქსნის ადმინისტრაციას ეს არ ეცოდინებოდა, ან საიდან ეცოდინებოდათ, როცა პატიმრებს საკნებში აქვთ ლეპტოპები, ტელეფონები, ვაიფაი და "ნათლობაც" უპრობლემოდ ჩატარდა...
- ვერ გავიგე, პატიმრებს მობილურები თავისუფლად აქვთ?
- ტელეფონის შეტანა 2.000 ლარი ღირს, ლეპტოპის - 5.000. დაბადების დღეებსაც "სკაიპით" იხდიან - ჩაერთვებიან ახლობლებს და მიდის სადღეგრძელოები. მეც დამირეკეს ერთხელ და ჩავერთე. სექსისთვისაც იყენებენ "სკაიპს", პატიმარი ნაშებსაც ურეკავს და მიდის გართობა.
"ნათლობის" ამბავი მალე გახმაურდა, რადგან ყველა ზონაში არიან ჩამშვებები. ის ქურდი სასწრაფოდ გადაიყვანეს მე-7 დაწესებულებაში, დიდი გაცილებაც მოუწყვეს.
ვარდიძის დაკავებასა და გურგენიძის ქურდად "მონათვლის" ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან ინფორმაციის მოძიება ვცადე. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ მოკლედ მითხრა, რომ ინფორმაციის მოძიებას ოფიციალურ ვებგვერდზე შევძლებდი... იქ განთავსებული ცნობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვადასხვა დაწესებულების 60-მდე თანამშრომელი დისციპლინური წესით დაისაჯა. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, აღნიშნულ პირებს ავტომანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვისა და სხვა ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტები გამოუვლინდათ. ყველა მათგანს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - საყვედური. თუმცა, ვარდიძის დაკავებაზე ვებგვერდზე არაფერია აღნიშნული(?!).
რაც შეეხება "სკაიპით" გურგენიძის "მონათვლას", ამ საკითხზე ირაკლი კორძაიამ ლაპარაკი არ ისურვა: "იმდენად არასერიოზულია, საუბარს არ ვაპირებთო!".
"კვირის პალიტრამ" სოზარ სუბართანაც სცადა დაკავშირება. მას შემდეგ, რაც ჩვენს ზარებს არ უპასუხა, არაერთი შეტყობინება გავგზავნეთ, თუმცა ამაოდ... პასუხი არ მიგვიღია...
თეა ხურცილავა