მშობლების მკვლელის სულისშემძვრელი აღსარება
ირმა ჭკადუა: "პროცესზე მაფურთხებდნენ, როგორ იცავ ასეთ ადამიანსო"
"აჩიკო 18 წლის იყო ციხეში რომ შევიდა, ახლა 31 წლისაა"
ახლახან პატიმარ არჩილ ძეგველიშვილის წერილი მივიღეთ. პატიმარი 6 იანვრიდან შიმშილობს, ცოტა ხნის წინ კი ვენები გადაიჭრა. არჩილ ძეგველიშვილი ღია წერილით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარს მიმართავს:
"ბატონო მინისტრო, თუ წაიკითხეთ ჩემი განცხადება, გეცოდინებათ, რომ ვშიმშილობ. ვითხოვ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რაც კანონით მეკუთვნის, თუმცა ბოლო ერთი წელია ორჯერ მითხრეს უარი. ბატონო სოზარ, დღევანდელ ხელისუფლებას რომ არ გაემარჯვა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, სიცოცხლის იმედი დამიბრუნდა... თუ სიკვდილს გადამარჩინეთ, ბოლომდე შემინარჩუნეთ სიცოცხლე... ბატონო მინისტრო, მე შიმშილობას არ შევწყვეტ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩემი თხოვნა. სამედიცინო მომსახურებაზე ოფიციალურად უარი ვთქვი, დღითი დღე ძალა მეცლება... 13-წლიანმა პატიმრობამ ისედაც დამასუსტა... სასჯელის მოხდამდე 10 თვე მაქვს დარჩენილი. თუ თვლით, რომ არა მაქვს მორალური უფლება, გათავისუფლების პრეტენზია მქონდეს, ტელევიზიით გამოთქვით თქვენი აზრი და იმ დღესვე შევწყვეტ შიმშილობას".
მართალია, არჩილ ძეგველიშვილს კანონით ვადაზე ადრე გათავისუფლება ეკუთვნის, მაგრამ შეწყალების კომისიამ უარი უთხრა, რადგან უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი - 18 წლისამ მშობლები დახოცა. როგორც ჩანს, მას საზოგადოებაში დაბრუნებისაც ეშინია და მეორე წერილით ხალხს მიმართავს:
"კარგად მახსოვს, 13 წლის წინანდელი საზოგადოების გამოხმაურება ჩემს ქმედებაზე. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მაინტერესებს, ხალხის თუნდაც მცირე ნაწილი მაინც თუ მთვლის იმის ღირსად, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე.
13 წელია მუდმივ სინანულში ვარ და მთელი ცხოვრება ჩადენილის გამო სინანულში ვიქნები. ამ რთულ მდგომარეობაში ჩემი მოძღვარი ძალიან მეხმარება... "
შეგახსენებთ, რომ 13 წლის წინ საზოგადოება შეძრა თბილისში, დიდ დიღომში, ძეგველიშვილების ოჯახში დატრიალებულმა შემზარავმა ტრაგედიამ. 2000 წლის 22 მაისს სამართალდამცველებმა ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გახრწნილი ცხედრები აღმოაჩინეს. ისინი სანადირო თოფით იყვნენ დახოცილი, ზემოდან კი სილა ჰქონდათ მიყრილი. სამართალდამცავებს სახლში დახოცილთა შვილებიც დახვდათ, ისინი ოთახის ერთ კუთხეში მიყუჟულიყვნენ. გოგონა მაშინ სკოლის მოსწავლე იყო, ბიჭი - სტუდენტი. არჩილმა აღიარა მშობლების მკვლელობა. მას 17 წელი მიუსაჯეს (საყოველთაო ამნისტიით რამდენიმე წელი ჩამოაკლდა. - ავტ.)
მაშინ ყველა პროცესს ვესწრებოდი და მახსოვს, გოგონა ძმის გამართლებას როგორ ცდილობდა. ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ბრალდებულის მიერ დაწერილი დაჭმუჭნილი ფურცელი გადასცა დას. იგი წერდა:
"ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და მინდა ჩემი გესმოდეს, რადგან ამქვეყნად შენს მეტი არავინ დამრჩა... ვიცი, არ ვიმსახურებ დახმარებას, მაგრამ ის მაინც იფიქრეთ, რომ ამქვეყნად ყველაზე ცოდო ახლა მე ვარ. ჩემი ცხოვრება კოშმარია. ლამის გავგიჟდე, საკანში მარტო ვარ და ჩემი ყვირილი ყველას ესმის. ვერც დღე ვიძინებ და ვერც ღამე, სულ ჩემი მშობლები მელანდებიან, ყველაფერი მაგონდება, ისეთი ხმით ვყვირი, ციხის ზედამხედველები მოდიან. როცა ძალიან დავიღლები, უგონოდ დავეგდები. თავს გაუფრთხილდი, შენ გვერდით არავინ დაგრჩა და ჩვენი მშობლების სიცოცხლეს გეფიცები, შენზე ვნერვიულობ. შენ მაინც იცი, რამ მიმიყვანა აქამდე...".
ადვოკატი ირმა ჭკადუა მაშინაც და დღესაც ფიქრობს, რომ არჩილი ოჯახურმა მდგომარეობამ მიიყვანა აქამდე და ამის ფონზე მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
- როცა არჩილმა ეს დანაშაული ჩაიდინა, მაშინვე ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ასთენიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ექსპერტი გოჩიტაშვილი წერდა, რომ ეს დაავადება ბავშვობიდან ვლინდება და ისინი მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან, აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსიო.
არჩილი და მისი და მშობლებისგან იმდენად დაშინებული იყვნენ, როცა მასწავლებელი ექსკურსიაზე წასასვლელად ფულის შეგროვებას სთხოვდა, ბავშვები მასწავლებელს ეხვეწებოდნენ, დედისთვის არ ეთქვა, თორემ დაგვსჯისო. უმკაცრეს გარემოში იზრდებოდნენ, რაც მოხდა, ამის გამოძახილი იყო. მიმაჩნია, რომ არჩილ ძეგველიშვილმა იმაზე მეტი სასჯელი მოიხადა, რაც უნდა მოეხადა. არჩილი ყველაზე მეტად განიცდის იმას, რაც მოხდა. თანაც არა მგონია საზოგადოების რეაქცია ისევ ისეთი იყოს, როგორიც მაშინ. 2000 წელს არა მარტო მას, მეც შემექმნა პრობლემები მისი დაცვის გამო. პროცესზე მაფურთხებდნენ, როგორ იცავ ასეთ ადამიანსო. არავის აინტერესებდა, რამ მიიყვანა იგი ამ მდგომარეობამდე. მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ რეალური სურათი დაენახა მოსამართლეს, თუმცა, როგორც ჩანს, მოსამართლეზე საზოგადოებრივმა აზრმა იმოქმედა.
იმ საღამოს, როცა დანაშაული მოხდა, მამამისმა სასტიკად სცემა. ჯერ უნივერსიტეტში მივიდა და ჯგუფელების თანდასწრებით მიაყენა შეურაცხყოფა, რაც შინ მოსვლის შემდეგაც გააგრძელა. არჩილი ამბობდა, ისე მცემა, გონზე რომ მოვედი, ოთახში ვეგდე. სწორედ მაშინ გამახსენდა, თოფი რომ გვქონდა, მალულად ავიღე და ვესროლეო.
- დედა რატომღა მოკლა?
- მამა რომ სცემდა, დედა იქვე იდგა და არაფერი გააკეთა შვილის დასაცავად... არც ის ახსოვდა, რამდენჯერ ისროლა. გონს რომ მოვედი, მინდოდა, თავი მომეკლა, მაგრამ ვერ შევძელიო.
- მან ცხედრებს სილა მიაყარა და კვალის წაშლას შეუდგა.
- ამის მერე რაც გააკეთა, შიშით იყო განპირობებული. დღემდე მახსოვს, რა ჩვენებებს იძლეოდნენ მათი პედაგოგები, მეზობლები - მშობლებს შეიძლებოდა უმოწყალოდ იმის გამოც ეცემათ, რომ თეფშზე დასხმული კერძი ბოლომდე არ შეჭამეს.
მზია ძეგველიშვილი, არჩილის მამიდა: - ძალიან განვიცდი ჩემი ძმისშვილის მდგომარეობას და ვემუდარები აჩიკოს, შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ არ ესმის. 10 თვეღა დარჩა და არ მინდა, დაიღუპოს. რომ გამოუშვან, ცხოვრების იმედი მიეცემა. ალბათ, ჩემზე მეტად არავის სტკივა ის, რაც დატრიალდა ჩვენს ოჯახი. მან ძმა და რძალი მომიკლა, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიმიტოვებია, რადგან ვიცოდი, როგორ გარემოში იზრდებოდა. მათთან ვცხოვრობდი და ვხედავდი ყველაფერს... ამდენი წელია ვამტკიცებ, რომ ასეთი დანაშაული უმიზეზოდ არ ხდება...
- დღეს რა ახსნას უძებნით მომხდარს?
- ჩემს ძმასა და რძალს შვილები სულ ჩაკეტილი ჰყავდათ. თუ დააშავებდნენ, სცემდნენ. ვეუბნებოდი, ასე არ შეიძლება-მეთქი. მახსენდება, როცა სცემდნენ, აჩიკო ტირილით მეტყოდა, ახლა მაინც რა დავაშავეო. ქალიშვილსაც სცემდნენ, მაგრამ რომ წამოიზარდა, იმდენად აღარ. რომ არ ეცემათ, ხშირად აჩიკოს ვმალავდი. ჩემს რძალსაც სუსტი ნერვები ჰქონდა, სცემდა და მერე თვითონაც ტიროდა. მახსოვს, აჩიკო 12 წლის იყო, რომ მითხრა, მამიდა, ცემას უკვე მივეჩვიეო.
როცა ტრაგედია დატრიალდა, მხოლოდ ჩემთან შეხვედრა ითხოვა. ეს მე არ ვიყავი, მამიდა, ამას ჩემი ხელები აკეთებდა, ხომ გჯერა, ამას არ ვიზამდიო.
აჩიკო ბავშვი იყო, ციხეში რომ შევიდა, ახლა 31 წლისაა. ახლა უფრო დიდი სევდა და ტკივილია მის სულსა და თვალებში. მის დას წასასვლელი არსად ჰქონდა და წლების მანძილზე იმ სახლში მარტო ცხოვრობდა, სადაც ამხელა ტრაგედია დატრიალდა. ახლა გათხოვილია და შვილებს ზრდის. ძმას მხოლოდ ნინო აკითხავს.
ნინო ძეგველიშვილი, აჩიკოს და: "თუ გამოუშვებენ, დავეხმარები, რომ ცხოვრება განაგრძოს. ვიცი, ეს ადვილი არ იქნება, მან ხომ საუკეთესო წლები ციხეში გაატარა".
არჩილი ციხეში ჩანაწერებს აკეთებს, სადაც მისი მთელი ცხოვრებაა ასახული. გთავაზობთ ფრაგმენტს ჩანაწერიდან:
"ჩემი კეთილისმსურველების თხოვნით, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მერე ცხოვრებამ შემცვალა. უდიდეს ნაწილს გართობაში ვატარებდი. ნელ-ნელა სწავლის ინტერესი გამიქრა, ალბათ, იმიტომ, რომ მიზანი შემაცვლევინეს და გული ამიცრუვდა... მერე იყო ეს საშინელი დანაშაული და 18 წლიდან სულ ვტირი, მაგრამ არ ვიცი, ვინმეს თუ სჯერა ჩემი ცრემლების. ამ წლებმა მხოლოდ ტანჯვა-წამების კვალი დამიტოვა. ხშირად ვფიქრობ, ჩემთვის თითქოს აღარაფერი არსებობს და დარჩენილია მხოლოდ ცივი კედლები, პატარა სივრცე, სადაც თანდათან ვბერდები... ჩემი ცხოვრების მიზანი და ამოცანა ახლა მხოლოდ ერთია, მოხდეს ჩემი საზოგადოებაში დაბრუნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც გარეთ მელოდებიან..."
P.S. ბუნებრივია, ძეგველიშვილების ოჯახში მომხდარი დანაშაულის გამართლება შეუძლებელია. როგორც მზია ძეგველიშვილი ამბობს, არჩილს ნათესავებმა ზურგი აქციეს. ერთი რამ ცხადია - არჩილს 10 თვით ადრე გაათავისუფლებენ თუ 10 თვის მერე, ეს მის სულიერ მდგომარეობას არაფრით შეცვლის. მას უმძიმესი ტვირთის ტარება მთელი სიცოცხლე მოუწევს.
სისხლიანი ღამე
13 წლის წინ ეს საქმე სოსო გორგაძემ გამოიძია: - შემთხვევის ადგილზე, ბინაში და-ძმა დაგვხვდა. ბიჭი მაშინვე დას გადაეფარა და ყვიროდა, ჩემი და არ მომიკლათო. ოთახში საშინელი სუნი იდგა. ცხედრები ერთ კუთხეში ეყარა. ბიჭმა მშობლების მკვლელობა აღიარა, ამბობდა, მამა მჩაგრავდა, ჯგუფელების თვალწინ მცემდაო. ბიჭს ტოტალიზატორში ფული ჰქონდა წაგებული. მამა მიყვიროდა, მანახე ის ხალხი, ვისთანაც ითამაშეო... მისი თქმით, იმ დღეს მამამ შინ ჩაკეტა, ღამით კი მძინარე მშობლები სანადირო თოფით ჩახოცა. დედა რომ არ მომეკლა, ხომ ინერვიულებდა და თავს მოიკლავდა, ამიტომ მოვკალიო...
პ.ს. სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტება: მსჯავრდებულმა არჩილ ძეგველიშვილმა შიმშილობა 26 იანვარს, კვირას შეწყვიტა. რაც შეეხება პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმს, ადგილობრივი საბჭო არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო, სადაც მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. სამინისტრო და მინისტრი საბჭოს გადაწყვეტილებებში, ცხადია, ვერ ჩაერევა.
თეა ხურცილავა