გურამ გირგვლიანი: "შევადაროთ თაკო სალაყაიას და ირინა ენუქიძის სამართალი და ხალხმა განსაჯოს"
"ესენი თუ არ დაასრულებენ, ამ საქმეს მე მივხედავ - რას მოვიმოქმედებ, ჩემი საქმეა"
"სალაყაია ხომ არ იტყვის, მე ვიყავი თავიდათავიო"
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მეუღლის ფოტო, სადაც თაკო სალაყაია სამართალს ითხოვს... ამ კადრმა, უნებურად, სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე გამახსენა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე რომ დაეძებდა სამართალს... გირგვლიანის მკვლელობა წინა რეჟიმის შავ ლაქად იქცა და ერთგვარად დაასამარა კიდეც მისი იმიჯი. "ვნანობ, ირინა ენუქიძეს რომ ვერ მივუსამძიმრეო", - იტყვის წლების შემდეგ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, თუმცა მანამდე შვილმკვდარი დედისთვის შეუთვლია, - "კუთხეში დაჯდეს და ჩუმად იტიროს, როგორც სხვა დედები ტირიანო". “კუთხეში რომ არ დაჯდა, ალბათ, ამის შედეგია, ოქროყანაში მოკლული შვილის საქმეზე იმჟამინდელ შს მინისტრს 8 წლის შემდეგ ბრალი რომ დაუმძიმდა... დღეს მისი მეუღლე მოითხოვს სამართლიანობას, რომლის არსსაც ადამიანები უძველესი დროიდან ცდილობენ ჩასწვდნენ, მაგრამ ამ ჭეშმარიტების განმსაზღვრელი ცნება მაინც არ არსებობს - რაც შენთვისაა სამართლიანი, სხვისთვის შეიძლება უსამართლობა იყოს.
"კვირის პალიტრა" თაკო სალაყაიას დაუკავშირდა:
- ქალბატონო თამარ, რას აპროტესტებდით ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა?
- როდესაც ვანო ციხიდან გაიყვანეს და პროკურატურამ ამ ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო (მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაიწყო შიდა მოკვლევა), გავმართეთ აქცია. გამოძიების დაწყებას მოვითხოვდით...
- რას ფიქრობთ, რატომ არ დაიწყო ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება?
- აბა, მე რა ვიცი?! არ უნდოდა და არ დაიწყო...
- მახსოვს, უკმაყოფილება გამოთქვით, გირგვლიანის საქმეზე რამდენჯერმე დამკითხესო.
- არა, თქვენ სწორად ვერ გაიგეთ. მე ადრე ორჯერ ვიყავი დაბარებული, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მესამედ დამკითხეს და ჩავთვალე, რომ ეს დაბარება იყო ჩემს მეუღლეზე განხორციელებული ზეწოლა. პრეტენზია არ გამომითქვამს. თუ საჭირო იქნება, მზად ვარ, ხვალაც და ზეგაც მივიდე.
- მეორე მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ თქვენ არა მოწმის, არამედ დანაშაულის თანამონაწილის სტატუსით უნდა დაგკითხოთ.
- ამაზე პასუხი არ მინდა...
გურამ გირგვლიანი, სანდროს მამა:
- დღეს არავის აინტერესებს, როგორ მიდის ჩვენი საქმე. უუნარო მგონია დღევანდელი ხელისუფლება, ასე რომ ააგულავა”და ააჯირითა "ნაციონალები". ვეღარ ვხედავ პერსპექტივას, რომ საქმე ბოლომდე მივა.
- ყოფილმა მთავარმა პროკურორმა განაცხადა, მხოლოდ სანდროს გარდაცვალების მომენტია დასადგენიო. რატომ გაჭიანურდა ამის დადგენა, ხომ არ ფიქრობთ, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა?
- სასაცილოა, ამდენ ხანს რომ ვერ გაარკვიეს. თუმცა გაიხსენეთ, ვინ ჰყავდა კბილაშვილს მოადგილედ - ნაცვლიშვილი. ნაცვლიშვილის მრჩეველი კი ჩხატარაშვილი იყო. ეს ადამიანები არა მარტო ჩემს, ყველა საქმეს ბლოკავდნენ. კარგად იცით, პროკურატურაშიც და საგამოძიებო ორგანოებშიც "ნაციონალების" კოჰორტაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, რისი იმედი უნდა მქონოდა? კბილაშვილი შეიძლება კარგი ადვოკატი იყო, მაგრამ პროკურორი და მოსამართლე არასდროს ყოფილა. ბოლოს და ბოლოს, უნდა გაირკვეს, ადგილზე გარდაიცვალა თუ არა ჩემი შვილი.
- ლევან ბუხაიძეზე ბოლო დროს საკმაოდ სერიოზული ბრალდებები გავრცელდა.
- ლევანზე დიდი ზეწოლაა არა მარტო "ნაციონალების", არამედ მასმედიის მხრიდანაც. ადამიანს თავისი დარდი და ცხოვრება აქვს, შვილები ჰყავს და არავინ დაფიქრებულა, რა განიცადა, რა გადაიტანა... ეს "ნაციონალების" აგორებული კამპანიაა, მათ დიდი ფული აქვთ და შეუძლიათ იყიდონ ჟურნალისტები, ენჯეოები და როგორც მოუნდებათ, ისე ჭრან და კერონ საქმე. იციან, რომ წაგებული არიან, მაგრამ მაინც ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ერთადერთ მოწმეს. იმაზე მეტი რა უნდა მოხდეს, რაც ახლახან ვნახეთ - გვამებს ითხოვდა მერაბიშვილი. ეს საკმარისია, რომ "ნაცმოძრაობა" თავის პრეზიდენტიანად გასამართლდეს, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. აქაოდა, ერთმა ადამიანმა გააგდო სააკაშვილი, ჩვენც დავმშვიდდით, ასე გვგონია, თავისით მოვა ყველაფერი. ერთს ვიტყვი: ესენი თუ არ დაასრულებენ, ამ საქმეს მე მივხედავ.
- რას გულისხმობთ?
- რას და... გადავუხდი ჩემებურად. იფიქროს ამაზე ხელისუფლებამ, "ნაციონალებმა" და ყველამ, ვინც საქმეში იყო გარეული. იცოდნენ, რომ არაფერი შერჩებათ. მარტო მე ვიცი, რასაც ვგულისხმობ. დრო მოვა, დაინახავს ყველა, ვგულისხმობ მკვლელებსა და დღევანდელ ხელისუფლებას. კონკრეტულად რას მოვიმოქმედებ, ჩემი საქმეა. დავიცადოთ, რას იზამს ახალი პროკურორი... "ნაციონალები" კი არ ისჯებიან, პირიქით, ყოყოჩობენ, მატრაკვეცობენ და ხმასაც უწევენ.
სანდროს საქმეზე მარტივი გამოსაძიებელი არაფერია, სხვა საქმეებიც ხელისგულზე დევს, მაგრამ რა?.. წესით, ჩვენ უნდა ვესწრებოდეთ ახალაიას და მერაბიშვილის პროცესებს, უნდა ვიყოთ მეორე მხარე და გავაჩუმოთ ისინი.
- ვანო მერაბიშვილის მეუღლეც თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს, თანაგუნდელები კი ექსპრემიერის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.
- შევადაროთ თაკო სალაყაიასა და ირინა ენუქიძის სამართალი და ხალხმა განსაჯოს. იმაზე სასაცილო რა უნდა იყოს, რომ ამბობენ, ვანო პოლიტიკური დევნილიაო. ესენი ახლა თვითგადარჩენისთვის იბრძვიან. მე ერთი რამ ვიცი, რომ შვილი მომიკლეს!..
სანდროს შემთხვევა ერთადერთი არ ყოფილა, სალაყაიას მეთოდები დიდი ხანია ცნობილია არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმშიც. დღეს ვიღაცამ უთხრა, გამოჩნდიო და ამიტომ წივის და კივის, ალბათ ქმარმაც უთხრა, ცუდადაა ჩემი საქმე, დამიდექი გვერდით, ამოიღე ხმაო... სალაყაია ჯერ მოწმედ იკითხება, ბრალს პირდაპირ ხომ არ წაუყენებენ? ან ხომ არ იტყვის, მე ვიყავი ამბის თავიდათავიო. როგორ გადაიქცევა ეს მოწმე ბრალდებულად, ამას ალბათ დავინახავთ. მარტო ეგ კი არა, იმ სუფრის ყველა წევრი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება... დღეს თუ ხელისუფლება შეიცვალა, ამაში პატარა წვლილი ირინასაც მიუძღვის.
ირინას რომ არ ამოეღო ხმა, ეს ამბავი ისე ჩაივლიდა, კაცი ვერაფერს გაიგებდა, ამან გამოაფხიზლა საზოგადოება...
ნანა ფიცხელაური