"მამასთან პაემანზე მისული 10 წლის გოგონა გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს" - რატომ იმუქრებიან გეგუთის პატიმრები?
"საჭმელი ტარაკნებით არის სავსე, პატიმრებს ემუქრებიან, რომ "ნაცმოძრაობის" რეჟიმს მოანატრებენ"
"ასეთი შეწუხებული პატიმრები, მგონი, სააკაშვილის დროსაც არ ყოფილან"
ამ დღეებში გეგუთის დაწესებულების მსჯავრდადებულებმა მასობრივად დაიწყეს შიმშილობა. ისინი ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში, ცემა-წამებაში ადანაშაულებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთდროულად 800-მდე პატიმარი შიმშილობს. ისინი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს. მოშიმშილეებს პრეტენზიები, ძირითადად, ადმინისტრაციასთან აქვთ და მის შეცვლას ითხოვენ. გეგუთის დაწესებულებასთან შეიკრიბნენ პატიმრების ახლობლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია დაწესებულებაში სპეცრაზმის შეყვანას აპირებს და ამის გამო შეშფოთებას ვერ მალავენ.
სატელეფონო ზარები არ წყდება "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების დაცვისთვის" ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესთან. მისი მტკიცებით, ციხეებში მდგომარეობა უკიდურესად რთულია.
ნანა კაკაბაძე:
- ძალიან მძიმე ვითარებაა, ასეთი შეწუხებული პატიმრები, მგონი, სააკაშვილის დროსაც არ ყოფილან, იმდენი ზარი შემოდის, რომ გადმოცემა შეუძლებელია. გაგიჟებული არიან, ამბობენ, რომ ამის ატანა აღარ შეუძლიათ. არ ვიცი, რას ფიქრობს სასჯელაღსრულების სამინისტრო.
- კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ რა ხდება?
- სასწაულებს ჰყვებიან. ისევ სცემენ პატიმრებს, შეურაცხყოფენ და მათ ციხის დირექტორი უსწორდება. ურთულესი მდგომარეობაა, საჭმელში ტარაკანებით არის სავსე, პატიმრებს ემუქრებიან, რომ "ნაცმოძრაობის" რეჟიმს მოანატრებენ. პატიმრებთან მოსულ მათ ოჯახის წევრებს, დედებს, ცოლებს, შვილებს ძალიან ცუდად ექცევიან, აშიშვლებენ.
- კონკრეტული მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ?
- მამასთან პაემანზე მისული 10 წლის გოგონა გაუშიშვლებიათ და თურმე შიშველი ბავშვს ბუქნები აკეთებინეს. რა არის ეს? ვინ აწყობს პროვოკაციას ვერ გავიგე? 800 კაცზე მეტი შიმშილობს, ეს არის საგანგაშო. ავადმყოფი პატიმრები არ გადაჰყავთ საავადმყოფოებში, ეუბნებიან, ციხის საავადმყოფო ჯერჯერობით არ მუშაობს, რომ აშენდება, მერე გადაგიყვანთო. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 7-7 კაცი გაჰყავთ, ვითომ იმის დასადგენად, ხომ არ არიან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, მათაც აყენებენ შეურაცხყოფას. არ მტკიცდება მათი ნარკომანობა და ისევ უკან მოჰყავთ. სპეცრაზმის შეყვანით ემუქრებიან. ყოველ 5 წუთში მირეკავენ პატიმრები, საშინლად განიცდიან. მეუბნებიან, თუ სპეცრაზმს შემოიყვანენ, ჩვენ თვითონ დავიხოცავთ თავს, ყელგამოჭრილი დავხვდებით, მუცელს გამოვიფატრავთ და მათ არ დავნებდებითო.
პატიმრები ძალიან შეაშფოთა სუბარის განცხადებამ - მან თქვა, 10 დღით ადრე ვიცოდი, რომ შიმშილობას დაიწყებდნენ პატიმრებიო. თურმე ისიც იცის მინისტრმა, ჩვენ რომ გვცემენ და გაჩუმებულიაო.
- რას ითხოვენ პატიმრები?
- ითხოვენ, რომ კანონი დაიცვას ადმინისტრაციამ. სამაგალითოდ ერთი ადამიანი მაინც დასაჯონ, ვინც სცემს პატიმრებს. დაუყოვნებლივ დაწესებულების დირექტორის მოხსნას, ადამიანურ მოპყრობასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ, თუ რა ხდება რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ახლა შევიტყვე, რომ ქალთა კოლონიაშიც 16-მა პატიმარმა ქალმა დაიწყო შიმშილობა. მათი მოთხოვნაც იგივეა: ჯანმრთელობის დაცვა, საქმეების გადახედვა, ნორმალური კვება. აშკარაა, საკადრო პოლიტიკას უნდა მიხედვა, ფაქტია, ვერ მართავენ ციხეებს. იქ ადამიანები იხდიან სასჯელს და მათი უფლებებიც უნდა დავიცვათ.
ამ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესაამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ თაია მახარაშვილს. მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სპეცრაზმი შედის გეგუთის დაწესებულებაში.
თაია მახარაშვილი:
- სამინისტროს რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ სცენარით განვითარდებოდა გეგუთის დაწესებულებაში მოვლენები. ეს იყო გეგუთის მსჯავრდადებულების მიზანმიმართულად დაგეგმილი კამპანია და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ეს სახალხო დამცველს აცნობა. საუბარი ცუდ კვებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, ვიზიტორების შეურაცხყოფაზე სრული სიცრუეა, მსგავსი არაფერი ხდება.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შედის გეგუთში.
- სპეცრაზმის შეყვანა გეგუთის დაწესებულებაში არც ყოფილა დაგეგმილი. ამის საჭიროება არც ერთ დაწესებულებაში არ არის.
- ამბობენ, რომ 10 წლის გოგონა გააშიშვლეს.
- სრული აბსურდია. მნახველებს ამოწმებენ, მაგრამ ამას არასოდეს ახლავს ღირსების შემლახავი ქმედება.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)