"გოგა ონიანმა მაწამა, წიხლი ჩამარტყა მუცელში, მერე სანთლით ხელი დამიწვა"
რას ჰყვება "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრი, ამჟამად პატიმარი თამარ ბაშარაძე
"გოგა ონიანს წინ კიდევ 4 საქმე აქვს!.."
თამარ ბაშარაძეს 18 წელი აქვს მისჯილი - ბრალად მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება. იყო "ნაცმოძრაობის" აქტიური წევრი და სააკაშვილის პიარსამსახურშიც მუშაობდა. დღეს ციხიდან ყოფილ ჩინოსნებს, მათ შორის გოგა ონიანს უპირისპირდება.
თამარ ბაშარაძე: - ჯიპა დავამთავრე, სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი მაქვს დაცული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც გახლდით, სამი უცხო ენა ვიცი. სააკაშვილი 2003 წლის ბოლოს ახლანდელმა მაღალჩინოსანმა და პარლამენტარმა გამაცნო (თავს შევიკავებ მისი დასახელებისგან). ჯერ მცხეთის გუბერნატორის მოადგილედ დამნიშნეს, მერე სახელმწიფო კანცელარიაში გადამიყვანეს და სააკაშვილის პიარზე ვმუშაობდი... 2007 წელს დაიწყეს თანამშრომლების მასობრივად დაკავება. პროფესიით იურისტი ვარ და ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი აბსურდამდე მიდიოდა. აქაურობას გავეცალე და საზღვარგარეთ წავედი, 8 თვის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი - ფეხმძიმედ ვიყავი და გადავწყვიტე, შვილი აქ გამეჩინა, მერე კი ისევ წავსულიყავი ქვეყნიდან. 6 თვის ბავშვი მყავდა, რომ ამითვალწუნეს და დამაკავეს.
- რას გედავებოდნენ?
- ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეობისთვის ვიხდი სასჯელს. მოკლული მზია ბორტიშვილის სახელი და გვარი საბრალდებო დასკვნიდან გავიგე. თავიდან ბრალი დანაშაულის დაფარვაში დამდეს, მერე დამიმძიმეს. თითქოს ჯგუფმა 20 ათასი დოლარის გულისთვის მოვკალით ქალი, მე კი იმ თანხიდან 7.500 დოლარი ავიღე. არადა, ამ დროს ძვირად ღირებული ჯიპი, 2.000-დოლარიანი ტელეფონი და ანგარიშზე ფული მქონდა, ამას დაუმატეთ ორი სახლი მცხეთაში, ერთი - თბილისში. ვკითხულობდი ლექციებს, მქონდა ჩემი საგანმანათლებლო ცენტრი "ერუდიტი"... ციხეში რომ გამომკეტეს, მერე დამიწყეს ვაჭრობა თანამშრომლობაზე.
- რას გთხოვდნენ?
- ორი ოპოზიციონერი უნდა მემხილებინა. გვარებს ვერ დაგისახელებთ, რადგან მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მალე ყველაფერს მოგიყვებით, თუნდაც გოგა ონიანზე. მას წინ კიდევ 4 საქმე აქვს! ონიანმა მაწამა, წიხლი ჩამარტყა მუცელში, ხელზე ნაიარევი ახლაც მეტყობა - ჩემს ჩანთაში საეკლესიო სანთელი იპოვა, აანთო და მარჯვენა ხელი დამიწვა... მაშინ მხოლოდ "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" დამიდგა გვერდში. ადვოკატ ეკა ქობეზაშვილის ბრძოლის შედეგია, რომ დღეს ჩემს საქმეზე ძიება მიმდინარეობს. მე ვარ ის ქალი, რომელსაც 6 თვის ჩვილი ძუძუდან მოჰგლიჯეს და ციხეში უკრეს თავი. არადა, ონიანი ძალიან კარგად მიცნობდა. მაშინ ის მთავარ სამმართველოში მკვლელობების განყოფილების უფროსი იყო. გამომძიებლის ოთახში რომ შემოვიდა, ჯერ ჩემი შვილი მოიკითხა, მერე მითხრა, - გახსოვს, ტრენინგებზე რა გვასწავლესო და "ნაციონალების" მესიჯი გამახსენა: კაცს დანაშაული უნდა დააბრალო და როცა თავის მართლებას დაიწყებს, მაშინ არის მიზანი მიღწეულიო...
რაც არ ჩამიდენია, არასდროს ვიტყვი-მეთქი! გამხეცდა და ზემოთ უკვე გიამბეთ, რაც დამმართა.
ვფიქრობ, უფალმა იმიტომ დამსაჯა, რომ "ნაციონალების" გვერდით ვიდექი.
ალბათ, როგორ ვეზიზღებოდი ხალხს, როცა შევდიოდი "ნაციონალების" ოფისში... ჩემდა უნებურად ვაუბედურებდი ადამიანებს, როცა არჩევნებს ვაყალბებდი.
- როგორც ვიცი, თქვენთან ერთად თქვენი მეუღლეც გაასამართლეს.
- ჩემი ქმარი, დათო ლორია, ისე აწამეს, "ბრალი" აღიარებინეს. ამიტომ მას ჩემზე ნაკლები, 13 წელი აქვს მისჯილი. არადა, იმ კაცის მკვლელობის დროს თბილისშიც კი არ ყოფილა. ისეთი ნაცემი იყო, იძახდა, - კი ბატონო, მე ჩავიდინეო. არ იცით, რა გამოვიარეთ. 5 წელზე მეტია, რაც სასჯელს ვიხდი. ადრე კოლონია ფულის საკეთებელი ადგილი იყო. პატიმრების ნაწილი ფულს აპროცენტებდა და ადმინისტრაცია აშკარად ეხმარებოდა მათ. ქალთა კოლონიაში იყვნენ ფავორიტები, რომლებიც მართავდნენ ციხეს.
- ახლა რა ხდება?
- ახლა გვაქვს წამლები, ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი. თუმცა ციხე არ არის გამოსასწორებელი, ეს არის დასასჯელი ადგილი. ჩემი შვილი 6 წლის ხდება, და მიზრდის, პრაქტიკულად, პაემნებზე გაიზარდა...
- თუ თქვენი მეგობრები იყვნენ ხელისუფლებაში, არავინ დაგეხმარათ?
- რა დახმარებაზეა ლაპარაკი. იმასაც ვერ მივაღწიე, ჩემი შვილი მინის აქეთ მენახა და ჩავხუტებოდი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა, დავით ჭაკუამ, - ვითანამშრომლოთ და შვილსაც შეEგახვედრებთ, დედასაც და დასაცო. მადლობა ღმერთს, ახალი ხელისუფლება მოვიდა და ამნისტია შემეხო. 20 წელი მქონდა მისჯილი და კასაციით 18 წლამდე ჩამოვიდნენ. თუმცა უსამართლობის განცდა მაინც მეუფლება, რატომ არ შეიქმნა ხარვეზების დამდგენი კომისია? ბევრი გავიდა ციხიდან, მაგრამ რა დააშავეს მათ, ვინც ძალადობრივი აღიარებით ზის, ან საერთოდ არ უღიარებია დანაშაული და მაინც გამოკეტილია.
- თავის დროზე თქვენ აღიარეთ ბრალი?
- არ მიღიარებია... ორმა მაღალჩინოსანმა მატროსოვის ციხეში მომაკითხა, - ხელმოწერით დაგვიდასტურე, რომ ამა და ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საარჩევნოდ ფინანსები რუსეთიდან ეგზავნებათ და მათი საბანკო ანგარიშის ნომერიც იციო...
- როგორ ფიქრობთ, რატომ გაგწირეს?
- ჩემნაირად ბევრი გაწირეს. ბევრზე ჩვენება მაქვს მიცემული... იმედია, ახლა მაინც აღდგება სამართლიანობა.
თეა ხურცილავა