"ცოლს უღალატა და სიმამრმა არ აპატია" – კავკასიური ვენდეტა
"მეორე ცოლად პირველის მამიდაშვილი მოიყვანა"
"ძნელია მოთმენა, როცა შვილი უბედურია"
შემთხვევა, რომელმაც მარნეულის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის პატარა მაღაზიაში სისხლიანი კვალი დატოვა, ალბათ "მარადიული კონფლიქტების" ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა, რასაკვირველია, ეს ოდნავაც არ ცვლის ამაზრზენი დანაშაულის საბოლოო შედეგს, - როცა პატარა სურსათო მაღაზიაში 30 წლის ნაზიმ მამედოვი სიმამრის ნასროლი ტყვიით სისხლისაგან იცლებოდა, თვით ის ხალხიც იფარებდა თვალებზე ხელს, ვისაც მსგავსი შურისძიება გამართლებულად მიაჩნია. არადა, ალბათ ყველა ჩვენგანს გვითქვამს, რომ შვილის დაჩაგვრისა და შეურაცხყოფის გამო ყველა დანაშაული შეიძლბა ჩაიდინო…
დილაადრიან სახლიდან გასული ნაზიმი ის იყო, მუშაობას უნდა შესდგომოდა, რომ მაღაზიაში ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, რაც თვითნაკეთი ყუმბარის შეგდებას მოჰყვა, შემდეგ კი იქ რევოლვერით შეიარაღებული მამედოვის ყოფილი სიმამრი, ხალიდ გასანოვი შევარდა, ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო და ყოფილ სიძეს თავში საკონტროლო გასროლით მოუღო ბოლო. ყოფილმა სიმამრმა მაღაზია აუჩქარებლად დატოვა, გაქცევა არც უცდია.
ვ. შ; მარნეულის მკვიდრი:
- ორივეს ვიცნობ, ნაზიმსაც და ხალიდსაც. არც ერთი არ იყო ცუდი კაცი, მშრომელი ხალხია… ვინ იფიქრებდა, რომ დიდი უბედურება მოხდებოდა…
- როგორ მოხდა? საიდან დაიწყო კონფლიქტი?
- როგორ და ნაზიმს ხალიდის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად და ცოლს უღალატა… სხვა ქალი შეუყვარდა. გოგოს სხვა წასასვლელი სად უნდა ჰქონოდა და მამასთან მივიდა. ხალიდი უვლიდა შვილსაც და შვილიშვილებსაც. აჭმევდა და ასმევდა.
- ღალატში რა იგულისხმეთ, ნაზიმს ვინმე შეუყვარდა და ცოლმა ეს გაიგო?
- მარტო კი არ შეუყვარდა, ცოლადაც მოიყვანა. თანაც ეს გოგო მაგის პირველი ცოლის ნათესავია.
- როგორი ნათესავია?
- მამიდაშვილია. ჰოდა, ამ ახალ ცოლთან ერთად დადიოდა. გახარებულები იყვნენ. ის საწყალი პირველი ცოლი ამას რომ ხედავდა, სულ ტიროდა. ამ ცრემლებს მამამისიც ხომ უყურებდა და ვეღარ მოუთმინა გულმა. მაგ კაცს იარაღი კანონით ჰქონდა, გამოიტანა სახლიდან და მოკლა.
- მერე მიიჩნევთ, რომ სწორად მოიქცა?!
- არ ვიცი. ძნელია მოთმენა, როცა შვილი უბედურია. შვილი ყველას უყვარს. ასე ის ქალიც დასაჯა, ვინც მაგის სიძეს მეორე ცოლად გაჰყვა.
- როგორც ვიცი, ის ხალიდ გასანოვის დისშვილია.
- ჰო.
- მკვლელი თავად ჩაჰბარდა პოლიციას?
- ჰო. ამბობდა, მე მოვკალი, უნდა მომეკლა, ჩემს შვილს თვალებში ვეღარ ვუყურებდიო. მთელი ოჯახი გაუბედურდა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ხალიდი უნდა გავამართლოთ თუ გავამტყუნოთ. შეიძლება მართალიც არის!
… ასე დაასრულა ჩემმა თანამოსაუბრემ "კავკასიურ ვენდეტაზე" საუბარი… და საუბედუროდ, ისიც მიანიშნა, რომ ეს გამართლებულია. თუ იმას გავიხსენებთ, რომ მსგავსი დანაშაული სულ რამდენიმე ხნის წინაც მოხდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომრავლებულ დანაშაულებს შესაძლოა, კიდევ ბევრი დაემატოს.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)