"იმ დღეების გახსენება ჩემთვის სიკვდილია..."
"თვალიდან არ ამომდის ის "ბართლომეს ღამე"
"სახლში შემოგვივარდა ლევან ტაბიძე თავის ნიღბიანებთან ერთად და დიდიან-პატარიანად ყველა სასტიკად გვცემეს. ცემის გამო დავკარგე დედა და ასევე შვილი, რომელსაც მუცლით ვატარებდი..."
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. "მუხროვანის ამბოხის" საქმე გახსნილად გამოაცხადა. წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის დაკავებულია შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე. პროკურატურის განცხადებით, 2009 წლის 20 მაისს მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა ძებნის დროს ტაბიძე კობა ოთანაძის ნათესავების, ზარიძეების სახლში ათობით სპეცრაზმელის თანხლებით მივიდა და მათ მოსთხოვა, ეთქვათ, სად იყო ოთანაძე. რახან ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასურველი პასუხები ვერ მიიღო, სპეცრაზმთან ერთად, მურად ზარიძესა და მის ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდა. "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა და-ძმა მურად და ნათია ზარიძეებს, რომლებიც მუხროვანის ამბოხის პერიოდში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ.
ნათია ზარიძე, კობა ოთანაძის ნათესავი:
- სახლში შემოგვივარდა ლევან ტაბიძე თავის ნიღბიანებთან ერთად და დიდიან-პატარიანად ყველა სასტიკად გვცემეს. ცემის გამო დავკარგე დედა და ასევე შვილი, რომელსაც მუცლით ვატარებდი. იმ დღეების გახსენება ჩემთვის სიკვდილია.
- რა მოხდა იმ ღამეს, რატომ გახდა თქვენი ოჯახი მაშინდელი ხელისუფლების სამიზნე?
- ჩემი ძმა იმ ღამით სამსახურში მორიგე იყო. სამხედრო პოლიცია მისულა და წამოუყვანია. გზაში ისე უცემიათ, რომ სასწრაფოს გამოძახება გამხდარა საჭირო. კარი მისი დახმარებით გააღეს და სახლში ოცამდე ნიღბიანი შემოვიდა. მხოლოდ ლევან ტაბიძეს ეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი და არც ნიღაბი ეკეთა... უკვე გვეძინა. ტაბიძე ჩემს ოთახში შემოვიდა, საწოლიდან ფეხებით გადმომათრია, მცემდა (ცხვირიც გამიტეხა) და ღრიალებდა, - გვითხარი, სად არის ოთანაძეო. ფეხმძიმედ ვიყავი და მუცელი მომეშალა. თვალიდან არ ამომდის ის "ბართლომეს ღამე".
დედაჩემს თავში და გულმკერდის არეში კონდახს ურტყამდნენ, მამასაც სასტიკად გაუსწორდნენ. ჩემი და არასრულწლოვანი იყო მაშინ, ამ საშინელების შემხედვარე, ფანჯარას მივარდა და ყვიროდა, - არ მომეკაროთ, თორემ გადავხტებიო. მისთვის ხელი არ დაუკარებიათ, მაგრამ ლანძღვა-გინება არ დაუკლიათ. ჩემს რძალს საძინებელში შეუცვივდნენ და ბავშვის თვალწინ სცემეს. ხმაურზე გამოსულ მეზობლებს სპეცრაზმელები უყვიროდნენ, - შედით სახლებში, თორემ ყველას ჩაგცხრილავთო.
- მოგვიანებით მოდულის შენობაში გადაგიყვანეს, სადაც გაძლიერდა თქვენზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა.
- მოდულში მთელი ოჯახი სხვადასხვა მანქანით წაგვიყვანეს. ჩემი მეუღლე იმ ღამეს შინ არ იყო და სამსახურში მიაკითხეს. ისიც სასტიკად იყო ნაცემი...
ჩემს პატარა ძმისშვილს ცალი ფეხით იქნევდნენ ჰაერში და ყვიროდნენ, - გვითხარით, სად არის კობა ოთანაძე, თორემ ბავშვს შუაზე გავხლეჩთო.
პატარა მანამ ჰყავდათ თავდაღმა დაკიდებული, სანამ არ გაწითლდებოდა. მერე, ალბათ, არ მოკვდესო და ზიზღით მოგვიგდეს...
- მოდულის შენობაში ტაბიძის გარდა, თუ ნახეთ სხვა მაღალჩინოსნები?
- რა თქმა უნდა, იყვნენ და ჩვენს წამებაშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ გამოძიებას არ მინდა ხელი შევუშალო, ამიტომ მათზე ჯერ არაფერს გეტყვით. ყველაფერი, რაც დაგვმართეს, მოყოლილი მაქვს პროკურატურაში და ისინი გაარჩევენ მტყუან-მართალს. იმ დროს დედაჩემი სრულიად ჯანმრთელი იყო, შარშან თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. უბედურება ის იყო, რომ დასისხლიანებულ-ნაწამებნი გამოგვიშვეს მოდულიდან, მაგრამ საავადმყოფოშიც ვერ მივედით სამკურნალოდ, რადგან შიშით მედპერსონალს სიმართლეს ვერ ვეტყოდით.
- ტაბიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ თქვენ იცოდით მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა ადგილსამყოფელი და მათი კოორდინატები სწორედ თქვენგან გაიგეს, რაშიც სოლიდური თანხა აიღეთ.
- ეს სიცრუეა. ოჯახი აგვიწიოკეს და კიდევ ჩვენ გვდებენ ბრალს?! ადვოკატმა ისიც თქვა, რომ თურმე ტაბიძეს იმ ღამემდეც ვიცნობდი. ეს კაცი პირველად მხოლოდ მაშიIნ ვნახე, როცა ჩემს ოჯახში უბედურება დაატრიალა.
- მოისმენდით ალბათ, დაცვის მხარე რაღაც დოკუმენტებით აპელირებს, რომელზეც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს ხელი გაქვთ მოწერილი.
- ცემისა და მთელი უბედურების შემდეგ ბევრ რამეზე მოგვაწერინეს ხელი. არ ვიცი, რა ეწერა იმ დოკუმენტებში - ვინ გვაძლევდა გაცნობის ნებას, ერთი სული გვქონდა, როდის დავაღწევდით თავს იქაურობას. თუ ფულის აღება მინდოდა, თავს რატომ ვაცემინებდი ამ გავეშებულ ხალხს და ოჯახს რატომ ავაწიოკებინებდი?! შეამოწმონ ჩვენი საბანკო ანგარიშები, სადმე ხომ უნდა იყოს გადარიცხვის დოკუმენტი? ნუღარ გვწამებენ ბრალს, დედაჩემის სული მაინც დაასვენონ.
მურად ზარიძე, კობა ოთანაძის ნათესავი: - იმ ღამით მორიგე ვიყავი და სამხედრო პოლიციამ სამსახურში მომაკითხა - ნასვამი ხარ და გამოგვყევიო. ნასვამი არ ვარ-მეთქი, მაგრამ ჩემი ფიცის არავის სჯეროდა. ჩამსვეს მანქანაში და ჩემი სახლისკენ წამიყვანეს. გზაში გამეტებით მირტყამდნენ - გვითხარი, კობა ოთანაძე სად იმალებაო. როცა შინ მიმიყვანეს, ტაბიძემ და მისმა სპეცრაზმმა მთელი ოჯახი გამილახეს. ვერაფერს ვაკეთებდი, დაჩოქილი ვყავდი და ვუყურებდი ოჯახის წევრების უბედურებას. არადა, ამ ამბოხზე მხოლოდ ის ვიცოდი, რაც ტელევიზიით გადმოსცეს. ჩვენც სამხედროები ვიყავით, თან ოთანაძის ნათესავები და ეტყობა იფიქრეს, ეცოდინებათო.
კობა ოთანაძე:
- ჩემს ნათესავებს ბევრი მიზეზის გამო არ ეცოდინებოდათ, სად ვიმალებოდით. ადვოკატი ტყუის. მეტი გასამართლებელი საბუთი არ აქვთ და რაღაც ხომ უნდა მოიგონონ! ჩემი ნათესავები ფულს თუ იღებდნენ, თავს რატომ აცემინებდნენ ტაბიძეს და მის რაზმს? დოკუმენტებით რომ აპელირებს ადვოკატი, მაშინ ისეთ დღეს გაყრიდნენ, ყველაფერს მოაწერდი ხელს. მერაბიშვილი და სააკაშვილი ფულს არავის მისცემდნენ, თავად აყაჩაღებდნენ ხალხს. ფული, რომელიც გამოყოფილი იყო ჩვენი ადგილსამყოფლის დასადგენად, თავად ჩაიჯიბეს. ახლა აღარაფერი აქვთ სათქმელი და ასეთ სიბინძურეებს იგონებენ.
უტა ბიწაძე