"ცხრაწლიანი ლანძღვა-გინების მერე ხომ დადასტურდა, რომ გურამ დონაძეს არავინ მოუკლავს?!" - კვირის პალიტრა

"ცხრაწლიანი ლანძღვა-გინების მერე ხომ დადასტურდა, რომ გურამ დონაძეს არავინ მოუკლავს?!"

"მთელი ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს და ა.შ. ახლა მომიხადონ ბოდიში... სოზარ სუბარმა, ნოდარ ხადურმა... მათი ინტერვიუების ჩანაწერები გამზადებული მაქვს სტრასბურგისთვის"

"არანაირ დანაშაულში მონაწილეობა არ მიმიღია, თორემ ამდენი ხანი ქუჩაში არ ვივლიდი"

გუშინ სანდრო გვირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა. მან ფატქობრივად დაადასტურა ის, რასაც გვირგვლიანის ოჯახი ამბობდა. მელნიკოვის ჩვენების შეფასება შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექს-ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს ვთხოვეთ:

- მე აღნიშნულ საქმეზე მიცემული მაქვს ჩვენება და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ "შარდენ ბარში" გურამ დონაძის გამო არავითარი ინციდენტი არ მომხდარა, ხოლო გარეთ რა მოხდა და ვინ ვის რა ანიშნა, ეს ჩემთვის უცნობია. რაც ვიცოდი, მე გამოძიებას ყველაფერი ვუთხარი

- მელნიკოვმა თქვა, რომ დათა ახალაიამ თქვენი ტელეფონით დაურეკა გია ალანიას...

- ეს გამოძიებაშიც დევს, რომ ჩემი ტელეფონი სუფრაზე იდო. მგონი ნორმალურია, როდესაც მეგობრები იკრიბებიან სიგარეტი და ტელეფონი ჯიბეში არავის არ უდევს. როგორც წესი, მაგიდაზე დებენ ხოლმე. ტელეფონი იდო მაგიდაზე და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ესარგებლა, მითუმეტეს, თუ დამჯდარი ჰქონდა ტელეფონი.

- მელნიკოვის ყოფილი ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი თვლის, რომ მელნიკოვმა ეს ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა, ეთანხმებით მის ამ განცხადებას?

- თქვენ ცდილობთ, რომ მე მოვახდინო მელინკოვის ჩვენების შეფასება. ჩვენებას კი აფასებს საგამოძიებო ორგანო და მართლმსაჯულება. მე ზუსტად ვიცი, რომ შემთხვევის ადგილზე არაფერი ჩამიდენია, არანაირ დანაშაულში მონაწილეობა არ მიმიღია, თორემ ამდენი ხანი ქუჩაში არ ვივლიდი. ცხრაწლიანი ლანძღვა-გინების მერე ხომ დადასტურდა, რომ გურამ დონაძეს არავინ მოუკლავს?! ამ ტყუილი ლანძღვის გამო ვინმე მიხდის ბოდიშს?! მთელი ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს და ა.შ. ახლა მომიხადოს ბოდიში იმ საზოგადოებამ, ვინც ამ ყველაფერს მეძახდა. მათ შორის, ბოდიში უნდა მომიხადონ სოზარ სუბარმა, ნოდარ ხადურმა და სხვ. მე მათი ინტერვიუების ჩანაწერები გამზადებული მაქვს სტრასბურგისთვის, უბრალოდ, ველოდები როდის დასრულდება სასამართლო პროცესები, ველოდები, რომ ჩემი დანაშაული არ გამოიკვეთება, მექნება საბუთი ხელში და მერე მე გავაგრძელებ ჩემი ღირსების აღდგენის სამართლებრივ გზას. მე წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები მაქვს შეგროვილი. ქალბატონი ეკა ბესელია მეძახდა მკვლელს და მლანძღავდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ დადასტურდა და თუნდაც ერთი სიტყვით ვინმემ ხომ უნდა მომიხადოს ბოდიში, ვინაიდან წლების მანძილზე ჩემს ოჯახს აყენებდნენ შეურაცხყოფას, დასცინოდნენ და სხვ. მე რომ დამნაშავე ვყოფილიყავი, ქუჩაში არავინ მატარებდა, გინდა გვირგვლიანის ოჯახი აიღეთ და გნებავთ, რობაქიძის ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ბუტა რობაქიძის ოჯახმა არაერთხელ ანთხია ბოღმა და ღვარძლი ჩემს წინააღმდეგ, ბევრ უზუსტობაში დამდო ბრალი, მაგრამ მე ეს ყველაფერი მოვითმინე, როგორც დაზარალებული და გაუბედურებული ოჯახისგან. ეს არის უბრალოდ გაუგებრობას შეწირული შვილის ოჯახი და მხოლოდ ამიტომ ვაპატიე მათ ის, რასაც ჩემზე ამბობდნენ. მე აქ ვარ და სხვებისგან განსხვავებით, არ გავქცეულვარ და არ დავმალულვარ, მე ვიბრძვი იმისთვის, რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა

- სხვებში ვის გულისხმობთ?

- ზოგადად ვამბობ. ადამიანებს ყველას საკუთარი სიმართლე და გადაწყვეტილება აქვთ.

მე წელიწადი და რვა თვე ველოდები სასამართლო პროცესის დაწყებას. თქვენ გინახავთ, ბრალდებული ითხოვდეს, წელიწადი და რვა თვე სასამართლო პროცესის გამართვას?! 40 პატრული ერთ დღეს წერდა, რომ მე იარაღები მივიტანე და მას მერე რაც ფირცხალავამ ფირი გამოაჩინა, აღმოჩნდა, რომ იარაღები მანქანაში ყოფილა. ფირის უწყვეტობა დაადასტურმა ხუთმა საერთაშორის ლიცენზიის მქონე საექსპერტო ბიურომ. პირველი ერთი წუთი და ხუთი წამი არის უწყვეტი კადრი, ამ დროს ბუტა რობაქიძე ცოცხალია და მანქანაში ჩანს იარაღები. საინტერესოა, რომ ეს იარაღი პატრულის იმ თანამშრომლებს გადმოაქვთ მანქანიდან, ვინც მერე თქვა, იარაღი გურამ დონაძემ მოიტანაო, თუმცა ეს ხალხი გამოძიებას ხელმეორედ აღარ დაუკითხავს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გრძელდება სასამრთლო პროცესები, ხომ არ ცდილობს პროკურატურა საკუთარი სისუსტის დაფარვას?

-ამას სასამართლო გადაწყვეტს ვისი მტკიცებულებები უფრო სუსტი იყო ჩვენი თუ პროკურატურის. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, თუ ადეიშვილის დროს პროკურატურა საქმეებს კერავდა, სჩადიოდა უკანონობას, თუ ადეიშვილის დროს ადამიანებს აწამებდნენ და ადეიშვილის პროკურორები იყვნენ კანონის დამრღვევები, ამ ყველაფრის ფონზე გასაოცარი არაა, რომ ჩემი საქმის ხელმძღვანელი "სოდის" ზედამხედველი პროკურორია? თუ "სოდი" ხალხს ქონებას ართმევდა და ხალხს იტაცებდა, მაშინ ეს პროკურორი დღეს რატომ ხელმძღვანელობს ჩემს საქმეს?! ძალიან ბევრი სალაპარაკო მაქვს, მაგრამ კიდევ ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს და არ მინდა, ამ ხელისუფლებას ხელი შევუშალო საქმეების ბოლომდე მიყვანაში, რომ შემდეგ მეც მქონდეს სათქმელი, რომ ვარ უდანაშაულო და ამდენი წელი ვითმინე მხოლოდ იმის გამო, რომ საბოლოოდ დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა, თუმცა, გარკვეულ პირებს ცხრა წლიანი ტალახის სროლისთვის აუცილებლად მივიყვან სასამართლო სკამზე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)