“ალბათ, ეს ნაძირლები ჩვენი მეზობლები არიან” - დაყაჩაღების მსხვერპლი მალავს, რომ დააუთოეს?!
“ცოლმა კივილი ატეხა. კიდევ კარგი, იატაკზე დაგდებული მამა შვილებმა ვერ ნახეს”
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კრიმინალებმა დაყაჩაღებისას მსხვერპლი დააუთოეს, თუმცა მოგვიანებით, დაზარალებულმა, ეროვნებით აისორმა საშა პ-მ ჟურნალისტებთან საუბარში დაუთოების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ყაჩაღებს გარკვეული თანხა საკუთარი სურვილით გაატანა. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ დაზარალებულის მეზობლები...
- ნატაშა კ. დაზარალებულის მეზობელი: - საშა ძალიან მშრომელი და პატიოსანი ადამიანია, იმდენად კეთილი, რომ ეზოში მოხუცს არ ტოვებს, არ მოიკითხოს და რაიმე არ მიაწოდოს. ასეთი ადამიანი იშვიათია, ამიტომაც ყველას გვიყვარს. იმ საშინელებამაც რაც მას დაემართა, ყველა შეგვზარა, - ფიქრითაც ძნელია იმის წარმოდგენა ადამიანს გახურებულ უთოს რომ ადებენ შიშველ კანზე და მთელი ძალით აწვებიან! ასეთები ქუჩაში როგორ უნდა დადიოდნენ! განა რამდენი უნდა ჰქონებოდა უბრალო მუშას, - სატვირთო მანქანაზე მუშაობს მშენებლობაზე, რომ სამი ნაძირალა ერთად დასხოდა თავს. საშა მთასავით კაცია, ესე იგი, რამდენხანს აწამებდნენ, რომ ამხელა კაცმა გონი დაკარგა! საწყალი ალბათ სადმე რეისში წავიდა და დიდი-დიდი 500 ლარი აიღო, მერე ეს ამბავი ვიღაცასთან თქვა და იმან კიდევ ყაჩაღებს გააგებინა. ციხე შიგნიდან ტყდება, ალბათ, ეს ნაძირლები ჩვენივე მეზობლები არიან, რადგან ჩვენს კორპუსში ბოლო ხანს არაერთი ბინა გაიძარცვა; სხვა უცხო ვინ მოვიდოდა აისორ მუშასთან, რომელსაც მუდმივი სამუშაოც არ აქვს. ამას წინათ ჩვენი ერთი მეზობელი მძინარე გაძარცვეს, - თუ სახლის ყველა კუთხე-კუნჭული არ იცოდნენ, ისე ფრთხილად როგორ იარეს, რომ მძინარე ბინის პატრონს არ გაეღვიძა? ეს ყველაფერი პოლიციამაც უნდა იცოდეს, მაგრამ საშა რომ სახლში უგონოდ ეგდო, მეზობლებთან დადიოდნენ და გვეკითხებოდნენ, - ამ საათებში ეზოში უცხო ვინმე ხომ არ გინახავთო.
- თქვენ ხშირად ახსენებთ “დაუთოებას”, თავად დაზარალებული ამ ფაქტს უარყოფს...
- უარყოფს იმიტომ რომ ვერავინ დაიცავს, ის ყაჩაღები რომ მასთან ისევ მივიდნენ, ორი პატარა შვილი ჰყავს და ეშინია. ეგ ამბავი რომ მოხდა, მთელი კორპუსი ერთმანეთს ურეკავდა, საშა დააუთოეს და ყველამ კარი გადაკეტეთ, ის ყაჩაღები თქვენთანაც არ მოვიდნენო!
- რა ვითარებაში მოხდა ეს ფაქტი?
კ. ხ.: - საშას ცოლმა დილით ბავშვები ბაღში რომ წაიყვანა, ყაჩაღები ამას დაელოდნენ და მერე ავიდნენ საშასთან. იცოდნენ, რომ ამ დროს მარტო იქნებოდა. საშა ტანად პატარა კაცი არ არის, მაგრამ ერთ კაცს სამი ნიღბიანი კაცი რომ ურტყამს თავში, მოერევა, აბა რას იზამს! ჯერ იატაკზე დააგდეს, შეკოჭეს, მერე კი უთო ჩართეს და ადამიანის გაუთოებას შეუდგნენ, - იციან, რომ ასეთი წამების გაძლება შეუძლებელია. კაცი იმდენად ნაწამები იყო, ცოლი რომ შემოვიდა სახლში, გონწასული იატაკზე ეგდო და ამიტომ ატეხა ცოლმა კივილი. კიდევ კარგი, იატაკზე დაგდებული მამა შვილებმა ვერ ნახეს…
ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)