"მკვლელობის იარაღებად შეშის ნაჭერი, ეზოს საკრეჭი მაკრატელი და დანა გამოიყენა..." - შვილმა მამა წამებით მოკლა - კვირის პალიტრა

"მკვლელობის იარაღებად შეშის ნაჭერი, ეზოს საკრეჭი მაკრატელი და დანა გამოიყენა..." - შვილმა მამა წამებით მოკლა

"ყელი გამოჭრა, ხორხიც კი ამოუღო თურმე..."

"რაც მოხდა, ექიმების ბრალიც არის, ასეთი პრობლემების მქონე ადამიანი შინ როგორ გამოუშვეს"

"შეშინებია უბედურ დედას, შვილიშვილებიც არ დამიხოცოსო, ბავშვები მეზობლებთან

გაუხიზნია."

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კახათში მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 70 წლის ჯამბულ კვარაცხელია საკუთარმა შვილმა, 47 წლის დემნა კვარაცხელიამ საშინელი წამებით მოკლა. მან მამას თავში ჯერ შეშის ნაჭერი ჩაარტყა," შემდეგ აბაზანაში გაათრია და იქ წამებით ამოხადა სული. მოკლულს სხეული მთლიანად დასახიჩრებული აქვს. მრავლობითი დაზიანებები დანით და მაკრატლითაა მიყენებული. ამ ტრაგედიის თვითმხილველია დემნას დედა, რომელმაც, შვილის შეჩერება ვეღარ შეძლო. დემნას მკვლელობის შემდეგ სახლიდან გაქცევა არ უცდია, მამის სისხლში მოსვრილი, უხმოდ ჩაბარდა სამართალდამცავებს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც ირკვევა, მამის მკვლელი შვილი სასჯელს ციხეში ვერ მოიხდის. მეზობლების თქმით, დემნას ფსიქიკური პრობლემები აქვს, რის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მკურნალობდნენ, მაგრამ იქიდან გამოწერეს, რის შემდეგაც სოფელში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. დემნა სისტემატურად იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, როგორც მეზობლები ამბობენ, ბოლო დღეები მას წამალი არ დაულევია. ვარაუდობენ, რომ ტრაგედია ამან გამოიწვია. კვარაცხელიების მეზობელი ნარგიზა ფანჯიკია მომხდარით შეძრულია. მან დასახიჩრებული ჯამბული თავისი თვალით ნახა:

- საშინელება მოხდა, ჯამბულ კვარაცხელიას მთელი სოფელი დასტირის. მისი ოჯახი სოფელში გამორჩეული იყო. ჯამბული მეტყევე იყო, ყველას გვერდში მდგომი კაცი. მისი მეუღლე, ციური სკოლის პედაგოგია. სამი ძალიან კარგი შვილი გაზარდეს. დემნა ოჯახის უფროსი შვილი იყო. ძალიან ნიჭიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა, პროფესიით ეკონომისტია. წლების მანძილზე თბილისში მუშაობდა. თუმცა ამ ბიჭის ცხოვრება მას შემდეგ აირია, რაც წამალზე დამოკიდებული გახდა. დემნა ნარკომანი იყო და ამან მისი ფსიქიკა დაანგრია. ძალიან გაინადგურა თავისი ცხოვრება და ოჯახიც.

- ცოლ-შვილი ჰყავს?

- არა. მისი უმცროს ძმას კი ორი შვილი და შესანიშნავი მეუღლე ჰყავს. ძმები მეზობლად ცხოვრობდნენ. ეკონომიური პრობლემების გამო დემნას ძმის ცოლი რუსეთში წავიდა სამუშაოდ, ახლა მისი ძმაც თურქეთში იყო, აქ რომ ყოფილიყო, იქნებ, ეშველა საწყალი მამისთვის. მისი ბავშვები ბებია-ბაბუასთან და ბიძასთან ერთად იყვნენ. დემნას ძალიან უყვარდა ძმისშვილები და თავს ევლებოდა. ბავშვებსაც უყვართ ბიძა. სამაგალითო ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ დემნას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვალები დაედოთ. ბევრი იწვალეს, რომ ბიჭი მდგომარეობიდან გამოეყვანათ. ძალიან კარგი და ჰყავს, ისიც პედაგოგია, თბილისში ცხოვრობს. ოჯახმა, როცა შენიშნა დემნას ფსიქიკური პრობლემები, მამამ მაშინვე ფსიქიატრიულში წაიყვანა. იქ მკურნალობდა, მაგრამ ექიმებს გამოუშვიათ. ვფიქრობ, რაც მოხდა, მათი ბრალიც არის. ასეთი პრობლემების მქონე ადამიანი სახლში როგორ გამოუშვეს?! ბევრი ოჯახი ცდილობს დამალოს ოჯახის წევრის ფსიქიკური პრობლემები და არ მიჰყავს შვილი საავადმყოფოში, მაგრამ მათ ასე არ გაუკეთებიათ. მამამ დემნა საავადმყოფოში წაიყვანა, უნდოდა გამოჯანმრთელებულიყო. შეიძლება მამას ის არ აპატია, ფსიქიატრიულში რომ წაიყვანა და იქ დატოვა.

- აგრესულობით გამოირჩეოდა?

- რა ვიცი, მეზობლებს არ ერჩოდა. მეც შემხვდა ქუჩაში ცოტა ხნის წინ, გადამკოცნა და მომიკითხა. უცხო ვერ შეამჩნევდა, რომ შეურაცხადი იყო. ბოლო დღეები თურმე მამას დასდევდა სულ ეფერებოდა, კოცნიდა. ეუბნებოდა, მამა რაც გაგაბრაზე, ყველაფერი მაპატიეო. ამას ვინ წარმოიდგენდა, თუ ასე სადისტურად მოკლავდა. შეშის ნაჭერი, ეზოს საკრეჭი მაკრატელი და დანა, ყველაფერი აქვს მკვლელობის დროს გამოყენებული. საწყალ კაცს ყელი გამოჭრა, ხორხიც კი ამოუღო თურმე. იმ ღამეს ღუმელთან, დივანზე ჩასძინებია. ჯამბული შესულა ოთახში, დემნა არ გაცივდესო და საბანი გადაუფარებია, ღამის 12 საათი ყოფილა, მერე ღუმელთან მისულა, რომ შეშა შეემატებინა. ამ დროს გამოეღვიძა დემნას, მამისთვის უთქვამს, რისთვის გინდა აწი ცეცხლიო, დახრილი ყოფილა ჯამბული ღუმელთან და ამ დროს მოულოდნელად თავში ჩაარტყა შეშა, ეტყობა გათიშა. მერე შეათრია იქვე სააბაზანოში, მამა რაღაც პერიოდში გონზე მოვიდა, ცოლმა მისი არაადამიანური ყვირილი გაიგონა, გაიქცა ოთახისკენ, სცადა შვილი შეეჩერებინა, მაგრამ დედისკენ მობრუნებულს უთქვამს, - მომეშვი, თორემ შენც მოგკლავო. შეშინებია უბედურ დედას, შვილიშვილებიც არ დამიიხოცოსო, გარეთ გამოვარდნილა, ბავშვები მეზობლებთან გაუხიზნია. მეზობლებიც შეიყარნენ ამასობაში და მალე პოლიციაც მოვიდა, მაგრამ უკვე ვერაფერი უშველეს საწყალ ჯამბულს. დემნა არ გაქცეულა, კიბეზე იჯდა და იძახდა თურმე: - ჩემი საქმე გავაკეთეო. საშინელ დღეშია დედამისი, როგორ უნდა ვანუგეშოთ. ვიმეორებ, მომხდარში ექიმებიც დამნაშავეები არიან, საავამდყოფოში რომ დაეტოვებინათ და არ გამოეშვათ, ეს ტრაგედია ხომ არ დატრიალდებოდა?!

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)