"გოგონა კიოდა, მშველელს უხმობდა..." - არასრუწლოვანმა 35 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლა
"35 წლის კაცი 15 წლის ბავშს რას ეღირღიტებოდა?! - ახია მაგაზე!.. ერთი გამხდარი და გაცქნაფული გოგოა, გასაკვირიც არის, ამხელა კაცს როგორ მოერია"
"ეს იმის ბრალიც არის, რომ პატრული მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე დასეირნობს და იმას არ ფიქრობს, ბნელ შუკებშიც შეიხედოს!"
"თქვენ რომ ყოფილიყავით, გამოიხედავდით?! რა იცი, ამ დროს რა ხდება, თუ გაიხედე, ეგებ შენც გაგიყარონ დანა და წადი და უყარე მერე კაკალი!"
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელსაც ღამის 2 საათზე, ქუჩის ბნელ კუთხეში მუცელში დანა რამდენჯერმე ჩაარტყეს. დაჭრილმა ტრაგედიის ადგილიდან რამდენიმე მეტრის გავლა შეძლო და გამვლელი მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვანმა გოგონამ მოკლა. ბრადლებული მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გაჩნდა ვერსია, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო და თავს იცავდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც გავარკვიეთ, გოგონა ხუდადოვის ქუჩაზე, ოჯახან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, თუმცა მისი მისამართის დასახელებაზე ქუჩის პრაქტიკულად ყველა მცხოვრებმა უარი თქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია უკიდურესად მწირია, ქუჩის მცხოვრებლები კი მომხდარზე საკმაოდ ბევრს ყვებიან, მაგრამ მათი მოყოლილის მიხედვით, რთულია, დაადგინო იმ ღამე რეალურად რა მოხდა. იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ ტრაგედია, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ამჯერადაც ოჯახისა და საზოგადოების პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით დატრიალდა. ქუჩის მაცხოვრებელების თქმით, გოგონა კიოდა და მშველელს უხმობდა, თუმცა არავინ გამოხედა.
ლევან კობაიძე, ხუდადოვის ქუჩის მცხოვრები:
- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩიხი, რომელშიც მკვლელობა მოხდა, ამ ქუჩაზე ყველაზე ბნელი ადგილია და ყველა, ვისაც რამე ოხრობის გაკეთება მოუნდება, იქ იყრის თავს. იმიტომაც მუდმივად ყრია პრეზერვატივები და ნახმარი შპრიცები. ახლა კი იმ კაცის სისხლის გუბეც დაემატა, გოგომ რომ გამოშიგნა. ეს იმის ბრალიც არის, რომ პატრული მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე დასეირნობს და იმას არ ფიქრობს, ბნელ შუკებშიც შეიხედოს!
- ბნელ "შუკებში" პატრულმა რომ "შეიხედოს", ქალაქის თითქმის ნახევარი საპატრულო სამსახურში უნდა მოუშაობდეს.... ალბათ ჯობდა, გოგონას კივილზე ვინმეს გარეთ გამოეხედა და ეს საშინელება შეეჩერებინა.
- თქვენ რომ ყოფილიყავით, გამოიხედავდით?! რა იცი, ამ დროს რა ხდება, თუ გაიხედე, ეგებ შენც გაგიყარონ დანა და წადი და უყარე მერე კაკალი! ისე, იმ გოგოს რა უნდოდა, ღამის 2 საათზე გარეთ? 35 წლის კაცს რომ მიჰყვებოდა შუაღამისას, სად მიჰყვებოდა?! ან მშობელი სად ჰყავდა, გააჩენენ კურდღლებივით შვილებს და მერე მიუშვებენ, - რაც გინდათ ის აკეთეთო! 15 წლის გოგო ღამის 2 საათზე რომ გარეთ დადის, პირველ რიგში დედ-მამაა დასაჭრი!
ბატონმა ლევანმა ბოლო კითხვაზე - სად ცხოვრობდა გოგონა, არ მიპასუხა. იგივე კითხვით იმავე ქუჩაზე მცხოვრებ ქალბატონს მივმართეთ.
თამარ ლობჟანიძე:
- რატომ უნდა გითხრათ?! მაგ გოგომ რაც გააკეთა ძალიანაც კარგი გააკეთა! მაგისთანა კაცებს უფრო უარესიც ეკუთვნის, შვილისტოლა გოგოს "გასაჟიმად" რომ გამოიყვანენ გარეთ. არ უნდოდა ზრდასრულ კაცს 15 წლის ბავშვთან?
- ეს რას ნიშნავს?!
- იმას, რაც მოხდა! ეგ გოგო შეიძლება განათხოვარი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 35 წლის კაცმა 15 წლის ბავშვი არ მოასვენოს და გარეთ გამოიყვანოს, მერე კი ჩაბნელებულ ადგილზე მიიპატიჟოს.
- არასრუწლოვანი გოგონა განათხოვარი იყო?…
- დიახ, იყო. მე როგორც ვიცით, სკოლიდანაც მაგიტომ გამოიყვანეს, ვინც წაიყვანა, ის არაფრად არ ვარგოდა და იმასთან არ გააჩერეს. სკოლაში სიარულსაც მაგიტომ დაანებებინეს თავი, - ოჯახი არ არის იმდენად ძლიერი, რომ გოგოსთვის მეთვალყურეობა გაეწიათ, რაიონიდან არიან ჩამოსულები და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.
- 15 წლის გოგოსთვს ეს საკმაოდ მძიმე ბიოგრაფიაა.
- უარესი ბიოგრაფიებიც არსებობს და ადამიანი ფეხზე დგება, თხოვდება და შვილებს აჩენს! ახლა კი ამ გოგომ მთელი ცხოვრება მკვლელის დაღი უნდა ატაროს. არადა, ერთი გამხდარი და გაცქნაფული გოგოა, გასაკვირიც არის, ამხელა კაცს როგორ მოერია.
- დანა ვისი იყო?
- როგორც ვიცი, გოგოს ისეთი სტრესი ჰქონდა გათხოვება-დაშორებისაგან, რომ აჩემებული ჰქონდა და დანას ატარებდა. ეტყობა, მერე, როცა კაცი "ეჭიდავებოდა" დანა ამოიღო და ურტყა. ის კაცი ძნელად წარმოიდგენდა, რომ ამ პატარა გოგოს დანა ექნებოდა! ეს პატარა გოგო ისე გაამწარა, როგორც ჩანს, რომ დანა რამდენჯერმე დაარტყა, დანაგაყრილმა კაცმა ასი მეტრის იქით გავლა ვეღარ შეძლო და შუკაში ჩამოიარა თუ არა, პირდაპირ ცენტრალური ქუჩის პირზე დაეცა. ალბათ, იფიქრა, მთავარ ქუჩაზე მანქანას გავაჩერებ და საავადმყოფოში წავალო, აბა, სასწრაფო ბნელ შუკაში როდის იპოვიდა! ის უბედური ტაქსის შოფერმა დაინახა წაქცეული, ტაქსი გააჩერა და მივიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო...
ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)