"ქალს საძილე არტერია დანით აქვს გადაჭრილი" - იდუმალებით მოცული მკვლელობა
"ნეტავ რამე ხმაური გაგვეგო, იქნებ შველა მოგვეხერხებინა"
მოკლულის შვილი გაუჩინარდა, მას სამართალდამცველები ეძებენ...
29 წლის გურამ კვეზერელს დღემდე ეძებენ. მისი ტელეფონი რამდენიმე დღეა, გათიშულია. მეგობრებმა მას სახლში პირველად 16 დეკემბერს მიაკითხეს. ბინის კარი დაკეტილი დახვდათ, შუქიც - ჩამქრალი და უკან გაბრუნდნენ. მომდევნო დღესაც რომ არ გამოჩნდა, მისი 4 მეგობარი მივიდა კვეზერელის სახლში. კარი ისევ არავინ გააღო. ერთმა ძლიერად დაარტყა კარს ხელი და რკინის კარი გაიღო. შესასვლელთან სისხლის კვალი რომ შენიშნეს, პოლიცია გამოიძახეს. ბინაში პირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა და სააბაზანოში გურამის დედის, 49 წლის ნატო კვეზერელის ცხედარი იპოვეს. მას საძილე არტერია გადაჭრილი ჰქონდა. როგორც გაირკვა, ქალი სამზარეულოში მოკლეს და მკვლელმა ის შემდეგ სააბაზანოში შეათრია. სამზარეულოში მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, საჭმელი და სუფთა თეფშები ელაგა, ვახშმობა ვერ მოესწროთ.
როგორც ირკვევა, მკვლელობა 14 დეკემბერს მოხდა. დედა-შვილი კახეთიდანაა, ისინი 21 წელზე მეტია, თბილისის ზღვაზე მდებარე კადეტთა კორპუსში პირველ სართულზე ცხოვრობენ. აქ აფხაზეთიდან დევნილებიც სახლობენ. ბინაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომელიც ნოუტბუკზე იყო შეერთებული, კამერა ადგილზეა, მაგრამ ნოუტბუკი ვერ იპოვეს. ძვირფასეულობა წაღებული არ არის, ამიტომ ყაჩაღობა სავარაუდოდ, გამოირიცხა.
ნატო კვეზერელს სამი ძმისშვილი ჰყავს, რომლებიც ჩივიან, პოლიცია ბინაში შესვლის უფლებას არ გვაძლევს, რომ მამიდას ტანსაცმელი წავიღოთ და მიცვალებულს ჩავაცვათ, პოლიცია აჭიანურებს ცხედრის გადმოცემასაცო... ძალოვანები ვერსიაზე არ საუბრობენ. დღემდე არ ჩანს მოკლულის შვილი, გურამ კვეზერელი. ჩნდება კითხვა, მან ხომ არ მოკლა დედა? თუმცა, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ მეზობლები. არ სჯერათ, რომ გურამი ამას ჩაიდენდა. ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს. იმასაც ამბობენ, ექსპერტებმა მიცვალებულს სხეულზე რაღაც დამღა აღმოუჩინეს და რიტუალურ დანაშაულსაც არ გამორიცხავენო, მაგრამ მეზობლებმა მიიჩნევენ, რომ ეს ვერსია ვიღაცამ მოიგონა.
მარინა დევდარიანი, მეზობელი: - არ მინდა, დაჯერება, რომ სიცოცხლით სავსე ქალი მოკლეს და ჩვენ ვერაფრით დავეხმარეთ. თავიდან ყაჩაღობა გვეგონა, მაგრამ ოქროული არ წაუღიათ, არც ბინაა არეული. იქვე უნახავთ გურამის იარაღები (სანადირო თოფი და პისტოლეტი). ოთახში ტყვიებიც იყო მიმოფანტული. ქალს საძილე არტერია დანით აქვს გადაჭრილი. ყველა ვნატრობთ, გურამი ცოცხალი იყოს. მისი ტელეფონი გათიშულია. ორშაბათს ნატოს ნომერზე მისი ძმისშვილი გოგო რეკავდა, მამიდა უნდა გამყოლოდა რუსთავში მართვის მოწმობის ასაღებად, მაგრამ არ მპასუხობდაო. ნატოს ტელეფონი სახლში იპოვეს.
- შეიძლებოდა მკვლელობა გურამს ჩაედინა?
- ქალმა შვილი მარტომ გაზარდა. მათი სახლიდან ხმამაღალი საუბარი არ გამოსულა. ნატოს შვილზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. იმას ნატრობდა, როდის შეირთავდა ცოლს. წარმოიდგინეთ, ყოველ დილით აცილებდა სამსახურში. სანამ გურამი მანქანაში ჩაჯდებოდა, დედა პირჯვარს გადასახავდა, აკოცებდა და ისე უშვებდა. გურამი დიდი ხანი თბილისის მერიაში მუშაობდა, სამი თვეა, რაც წამოვიდა სამსახურიდან. ნატოს საოფისე ავეჯის ფირმა ჰქონდა... ტრაგედიის წინადღეს ვიყავი მათთან, ნატომ სუფრა გამიშალა, თქვა, ერთადერთს ვნატრობ, მალე მომიყვანოს გურამმა ცოლიო. ძალიან გაწონასწორებული ადამიანია გურამი - მშრომელი, მისალმებას ვერ დაასწრებ.
ნატოს პატარა ბოსტანი ჰქონდა, ყვავილებსაც უვლიდა. ზაფხულობით საღამოს ეზოში ვსაუბრობდით. არ მინდა დაჯერება, რომ ცოცხალი არ არის. ნატო როცა შინ იყო, სულ ინტერნეტთან იჯდა... გურამის მეგობრები ამბობენ, არასოდეს ყოფილა შემთხვევა, ტელეფონი გაეთიშა, გურამი დღეში რამდენჯერმე გვიკავშირდებოდა და რომ არ გამოჩნდა, ამიტომ ავფორიაქდითო. იუსტიციის სამინისტროში უნდა მისულიყო გასაუბრებაზე, ახალი სამსახური უნდა დაეწყო.
- დედა-შვილს მანქანები გაუყიდია, ფული შინ ექნებოდათ?
- გურამს "ჰამერი" ჰყავდა და 14.000 დოლარად გაყიდა, ხარჯიანი მანქანაა დაგამოვცვლიო. ნატოსაც "მიცუბიშის" ჯიპი ჰყავდა. დედა-შვილმა ახალი მანქანები გამოიწერა. ნატოს მანქანა უკვე თბილისში ყოფილა, ხელოსანთან შეკეთებაზე. იანვარში კი გურამი ელოდებოდა თავის მანქანას... ნეტავ რამე ხმაური გაგვეგო, იქნებ შველა მოგვეხერხებინა. საწყალი ქალის ძმისშვილები საქმის გამოძიებასა და გურამის ადგილსამყოფლის დადგენას ითხოვენ. იქნებ მასაც დახმარება სჭირდება.
კიდევ ერთმა მეზობელმა, ბატონმა როლანდმა, დადებითად დაახასიათა დედა-შვილი, -დედა-შვილს ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. კვირა დილას გურამი სახლთან, გაჩერებაზე ვნახე. გავეხუმრე კიდეც, ცოლი როდის მოგყავს-მეთქი, მითხრა, მალე მოვიყვანო. კარგად აღზრდილი ბიჭია, კარგი ადამიანი, ღმერთს ვთხოვ, იპოვონ...
თეა ხურცილავა