რა უთხრა თევდორაძემ ადეიშვილს ვაზაგაშვილის თაობაზე და რას პასუხობს გაბუნიას ბრალდებას - კვირის პალიტრა

რა უთხრა თევდორაძემ ადეიშვილს ვაზაგაშვილის თაობაზე და რას პასუხობს გაბუნიას ბრალდებას

"პაპუაშვილის მკვლელობის გამო დაკავებული ზურა ვაზაგაშვილი საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსისა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის წყალობით გათავისუფლდა."

"ლევან გაბუნიას მეუღლემ გვითხრა ასეთი რამ - "ჩვენთან მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, უნდა თქვათ, რომ თქვენი შვილი ვაზაგაშვილმა მოკლა და მაშინვე სახლიდან გავყარეო".

მოქალაქე ლევან გაბუნია, ამტკიცებს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპრაციისას მოკლულმა ზურაბ ვაზაგაშვილმა 2002 წელს მოკლა ბექა პაპუაშვილი და როგორც თვითმხილველი, მოიშორა მისი შვილი - გიორგი გაბუნია. ამის შესახებ ლევან გაბუნიამ გადაცემა "არჩევანაში" განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, "პაპუაშვილის მკვლელობის გამო დაკავებული ზურა ვაზაგაშვილი საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსისა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის წყალობით გათავისუფლდა." მისივე თქმით, მაშინ ზურა ვაზაგაშვილის ოჯახმა, გათავისუფლებისთვის თანხა- 70 000 დოლარი გადაიხადა. "ყველამ კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ მე უნდა ამაფეთქონ, ან გივი პაპუაშვილი უნდა ააფეთქონ, რომ გამოიძიონ ჩვენი შვილების მკვლელობა?! საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ იყვნენ ზურა და იურა ვაზაგაშვილები, ზურა იყო კრიმინალი, მკვლელი იყო."- განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი გაბუნია

ბექა პაპუაშვილის მკვლელობასთან ზურაბ ვაზგაშვილის კავშირის ვარაუდებზე გაზეთი "კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ 2006 წელს წერდა, ამონარიდი სტატიიდან: "ზურაბ ვაზაგაშვილზე ოფიციალური კრიმინალური დოსიე არ არსებობს. იგი არც ნასამართლევი ყოფილა, თუმცა პაპუაშვილების ოჯახი მას შვილის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ბექა პაპუაშვილის მკვლელობა რესტორან "ვილა-ძარაში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება."

ბექა პაპუაშვილი 2002 წლის 25 ნოემბერს საბურთალოზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ის აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. სავარაუდოდ, მას სამი თავდამსხმელი ჩაუსაფრდა და ერთ-ერთმა სადარბაზოში ესროლა. იმჟამინდელი პრესა წერდა, რომ ბექა პაპუაშვილის მკვლელობას სამი ახალგაზრდა გეგმავდა, ხოლო კონფლიქტი 23 ნოემბერს დაიწყო, კაფეში, სადაც ბექა პაპუაშვილმა შენიშვნა მისცა პირს, რომელმაც მათი მაგიდიდან აღებული სანთებელა მაგიდაზე უხეშად მოისროლა. ლევან გაბუნიას მტკიცებით, მისი შვილი სწორედ ამ მკვლელობის მოწმე იყო და ამიტომაც მოიშორეს.

ლევან გაბუნია გასულ წელს, იური ვაზაგაშვილის პროკურატურაში გამართული ერთ-ერთი ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, მოულოდნელად გამოჩნდა და შვილის - გიორგი გაბუნიას მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილი დაადანაშაულა. გიორგი გაბუნია შარტავას ქუჩაზე მდებარე 16-სართულიანი კორპუსის სახურავიდან 2003 წლის 28 დეკემბერს გადმოაგდეს და მოკლეს. "ჩემი შვილი იყო ბექა პაპუაშვილის მკვლელობის მთავარი მოწმე, შესბამისად, ბექა პაპუაშვილი და ჩემი შვილი მოკლა იმან, ვისაც დღეს ძეგლი უდგას. ეს ზურა ვაზაგაშვილია." - აცხადებდა მაშინაც ლევან გაბუნია.

მაშინვე დაიბადა კითხვა, რატომ დუმდა წლების განმავლობაში გაბუნია?! გაბუნიას ბრალდების საპასუხოდ იური ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ როდესაც სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, გაბუნიას მეუღლე, სხვა შვილმკვდარ დედებთან ერთად, სასმართლოზე დადიოდა და სასამართლოდან საკუთარი მანქანით შინ ხშირად მიჰყვადა. "მისი მეუღლე დადიოდა სასამართლოზე. ჩემი მანქანით მიმყავდა ხოლმე სახლში. ლევან გაბუნიას მეუღლემ გვითხრა ასეთი რამ - "ჩვენთან მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, უნდა თქვათ, რომ თქვენი შვილი ვაზაგაშვილმა მოკლა და მაშინვე სახლიდან გავყარეო". ახლა გამოდის ლევან გაბუნია და ამას ამბობს. შემირცხვენია ის მამა, რომელმაც იცის ვინ მოკლა მისი შვილი და 10 წელი ხმას არ იღებს. ეთქვა, რისი ეშინოდა? ადეიშვილის და მერაბიშვილის მეთოდით მუშაობს ეს პროკურატურა დღემდე. ძველი კადრები გავლენას არ კარგავენ. ვერ შემაშინებენ და ვერ გამაჩერებენ ასეთი მეთოდებით." - აცხადებდა იური ვაზაგაშვილი.

საეჭვოს ამ ამბავს ისიც ხდის, რომ წინა ხელისუფლებამ არც პაპუაშვილის და არც გაბუნიას საქმე არ გამოიძია. ამ მკვლელობებში ზურაბ ვაზაგაშვილის კავშირის დამდასტურებელი იოტისოდენა მტკიცებულებაც რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, სააკაშვილის ხელისუფლება ამას აუცილებლად გამოიყენებდა სპეცოპრაციის "გასაპრავებლად". კიდევ ერთიც, რაც არ უნდა კრიმინალები ყოფილიყვნან ვაზაგაშვილი და ხუბულოვი, მათი ლიკვიდაციის სისხლიან სპეცოპერაციას ეს ვერ გაამართლებს.

დავინტერესდით რა კავშირი ჰქონდა ელენა თევდორაძეს 2002 წელს მომხდარ ბექა პაპუაშვილის მკვლელობასთან და უშაუმდგომლა თუ არა მან პროურატურაში ზურაბ ვაზაგაშვილს?- აი, რა გვითხრა ქალბატონმა ელენემ:

- მე ამ ბატონი გაბუნიას გამოსვლისთვის არ მიყურებია, როგორც გადმომცეს მას უთქვამს, რომ რაღაც მკვლელობაში შვილის კვალის დასაფარად იური ვაზაგაშვილმა გადაიხადა ფული, ასევე ზუსტად არ იცის, მაგრამ გული უგრძნობს, რომ რაღაც შუამდგომლობაში ვაზაგაშვილებისგან მეც ავიღე ფული. საქმე იმაშია, მე იური ვაზგაშვილი და მისი მეუღლე გავიცანი 2006 წელს, როდესაც კორტების ტრაგედია მოხდა. მაშინ ისინი მოვიდნენ ჩემთან კაბინეტში და მთხოვეს დავხმარებოდი, რომ პროკურატურას ისინი და მათი ადვოკატები საქმეში მხარედ ეცნო. პროცედურულად, თუ ხდებოდა დამნაშავეების ლიკვიდაცია, ლიკვიდირებულთა ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები სასამართლოში მხარედ არ მიიჩნეოდნენ. მე წავედი ადეიშვილთან და ამ საკითხზე დაველაპარაკე. მან მითხრა, რომ ადვოკატებს - არა, მაგრამ დედას ვცნობთ მხარედო. ამის შემდეგ ვაზაგაშვილები კიდევ ერთხელ მოვიდნენ ჩემთან, უკვე ადვოკატთან ერთად, ოღონდ აღარ ახსოვს, მადლობა გადამიხადეს თუ კიდევ რაღაც მთხოვეს. მეტი მე ამ ადამიანებთან არანაირი კავშირი არ მქონდა. იმაზე, რასაც ეს კაცი ყვება, მე არაფერი ვიცი.

- ანუ ბექა პაპუაშვილი მვლელობის საქმესთან დაკავშირებით თქვენ ზურაბ ვაზაგაშვილისთვის არ გიშუამდგომლიათ?

- რა შუამდგომლობა უნდა დამეწერა, ვინ არის ეს პაპუაშვილი წარმოდგენა არ მაქვს. მე ვაზაგაშვილების არსებობის თაობაზე არაფერი ვიცოდი, ვიდრე ეს სპეცოპერაცია არ ჩატარდა...

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)