ვინ უმაგრებდა ზურგს მექრთამეობაში ბრალდებულ ჯოკია ბოდოკიას?!
"ბატონ დავით ნარმანიას არასდროს ჰქონია მექრთამეობისკენ მისწრაფება."
"მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ოთხფეხა ცხოველის "სეხნიამ", პატივცემულმა მელიამ, ასეთი ტიპის განცხადებებით, კიდევ უფრო გამოააშკარავა თავისი სახე."
"ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მიმდინარე გამოძიებას." - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ, ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.
თბილისის მერიაში დანიშვნამდე ბოდოკია, თბილისის ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. ასევე გაირკვა, რომ ბოდოკია ჯერ კიდევ 2001-2003, შევარდნაძის მმართველობისას ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
2003 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, იმჟამად დედამისი, მანონ ბოდოკია თბილისში, შროშის ქუჩაზე 175 000 ლარად შეფასებულ ბინას ფლობდა, მისივე სახელზე იყო გაფორმებული 350 000 ლარად შეფასებული სახლი წყნეთში; 40 000 ლარად შეფასებული სასადილო; 10 000-ლარიანი საძინებელი; 11 000-ლარიანი როიალი და 50 000 ლარად შეფასებული სხვა ნივთები, რომლებიც დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის.
ასევე, ირკვევა მანონი ბოდოკია იმ პერიოდში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში პედაგოგად მუშაობდა და მისი წლიური ანაზღაურება 305 ლარსა და 54 თეთრს შეადგენდა. თავად ჯოკია ბოდოკიამ თბილისის 54-ე სკოლა დაამთავრა...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას თქმით, ჯოკია ბოდოკია, 2010 წელს მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. მისი დაკავებისთანავე, გავრცელდა ინფორმაცია ნარმანიასა და მისი ახლო მეგობრობის თაობაზე. ითქვა ისიც, რომ ეჭვმიტანილის უფლებებს თბილისის მერის, დავით ნარმანიას ძმა, ადვოკატი ირაკლი ნარმანია იცავდა, თუმცა ეს ინფორმაციები დავით ნარმანიამ კატეგორიულად უარყო.
საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ჯოკია ბოდოკია ხელმძღვანელობის გარეშე ამხელა თანხის აღებას ვერ გაბედავდა.
სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:
- მექრთამეობა დანაშაულებს შორის საკმაოდ რთული "დარგია" და გააჩნია რა კვალიფიკაციის არის ამ დარგში ესა თუ ის პირი. ვერასდროს დავიჯერებდი, რომ "მექრთამეობის" ტექნოლოგოებზე მსჯელობა ოდესმე კიდევ მომიწევდა... რატომღაც ყველა ცდილობს, რომ მომხდარში როგორმე სავარაუდო მექრთამესა და მერის ურთიერთობა და ახლო კავშირი იპოვოს... რასაკვირველია, უფრო მშვიდად გრძნობს მექრთამე თავს, როდესაც ზურგს გამოცდილი და წარმატებული მექრთამეები უმაგრებენ, თუმცა ბატონ დავით ნარმანიას არასდროს ჰქონია მექრთამეობისკენ მისწრაფება.
- ცნობილია, რომ ბოდოკია დავით ნარმანიას კადრი იყო...
- ამაზე არაფერი მსმენია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბატონი ნარმანია ვალდებულია გაასაჯაროოს ვინ გაუწია ბოდოკიას რეკომენდაცია ამ თანამდებაზე დასანიშნად... რაც შეეხება, კავშირის ძებნას, თითქოს ისინი თანასოფლელები და ახლო მეგობრები იყვნენ, უკაცრავად, მაგრამ მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ოთხფეხა ცხოველის "სეხნიამ", პატივცემულმა მელიამ, ასეთი ტიპის განცხადებებით, კიდევ უფრო გამოააშკარავა თავისი სახე. თბილისელები გადარჩენილები ვართ, თუ ასეთი ფანდებით აპირებდა მერობას.
- საზოგადოების ერთ ნაწილს ის პერიოდი გაახსენდა, როდესაც ალასანიას მინისტრობის დროს, ამ უწყებაში ერთდროულად რამდენიმე პირი დააკავეს... თქვენ ხედავთ მსგავსებას?
-არა, მერიის მაღალჩინონის შემთხვევაში, საქმე გვაქვს წმინდად სამართლებრივ საქმეთან, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში, ის იყო პოლიტიკური გადავწყვეტილება. ამას ამტკიცებს იმ ადამიანებს მიმართ წაყენებული სრულიად დაუჯერებელი ფაქტები, ამის დასტურია ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, მათ ვერც ბრალი წაუყენეს და ვერც მოწმეები დაკითხეს. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყება ელოდება შესაბამის ზარს იმ ადამიანისგან, ვინც ამ სისტემის დეპოლიტიზაციით ამაყობს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)