"საქმეში უკვე დევს ახალი მტკიცებულებები" - ვინ ეხმარებოდა სოსანაშვილს ვაზაგაშვილის მკვლელობის განხორციელებაში?!
"სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არც დაუგეგმავს მარტოს და არც განუხორციელებია"
"გამორიცხული არ არის, მალე დადგეს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი"
იური ვაზაგაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა - "საზოგადოება მალე მიიღებს ყველა კითხვაზე პასუხს"
საზოგადოების ინტერესი არ ცხრება 20 ინვარს, ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე სასტიკად მოკლული იური ვაზაგაშვილის საქმის მიმართ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, თუმცა ოფიციოზის თქმით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მკვლელობის საქმის სიახლეები არ საჯაროვდება. ამ ეტაპზე დანაშაულში ბრალდებულია მხოლოდ მოქმედი პოლიციელი გია სოსანაშვილი, თუმცა ვაზაგაშვილების დაცვის მხარის მტკიცებით, მას არც მარტოს დაუგეგმავს და არც მარტოს შეუსრულებია მკვლელობა. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას ახალი მტკიცებულებები აქვს და გვარწმუნებს, რომ მალე გაეცემა პასუხი მნიშვნელოვან კითხვას - ვინ და რატომ მოკლეს სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანი.
გაგი მოსიაშვილი, იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი:
- მოგეხსენებათ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაზარალებული ოჯახის ადვოკატებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ და სკურპულოზურად შევისწავლოთ საქმის მასალები. პარალელურად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ხდება მტკიცებულებების მოძიება. საქმეში უკვე დევს ახალი მტკიცებულებები.
- კონკრეტულად რა ახალი მტკიცებულებებია საქმეში? სოსანაშვილი გამოძიებასთან ვიცით, არ თანამშრომლობს და მისი ჩვენებისგან დამოუკიდებლად, ამ მტკიცებულებების შესწავლის შედეგად თუა მოსალოდნელი სხვა პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხი?
- ეს არის ის მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც შემდგომში, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს დაადასტურებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ობიექტურობას. გამოძიების მიზანია დაამტკიცოს არა მარტო სოსანაშვილის, არამედ იმ პირთა ბრალეულობაც, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ. იკვეთება, რომ სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არც დაუგეგმავს მარტოს და არც განუხორციელებია. ამ კითხვებზე პასუხი იმ მასალების ერთობლივი ანალიზის შემდეგ გაეცემა, რომლებიც აქვს და რომელთაც კვლავაც მოიპოვებს გამოძიება. გამორიცხული არ არის, მალე დადგეს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
- როგორც ითქვა, სხვა საეჭვო პირებსაც აუღეს დნმ-ს ანალიზი, ვინ არიან ისინი?
- ეს გამოძიების თანმდევი პროცესია. გამოძიება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სრული და ობიექტური სურათი დაიდოს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ დანაშაულში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
- გია სოსანაშვილის ოჯახის წევრები გაყალბებულ, ფალსიფიცირებულ დნმ-ზე საუბრობდნენ. ისინი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას ისევ მოითხოვენ?
- მე და ჩემი კოლეგა მერაბ ჩიქოვანი ნაწილობრივ გავეცანით მასალებს და ცალსახად დასტურდება ის, რომ საქმეში არსებობს გია სოსანაშვილის დნმ, რომელიც უტყუარია და არანაირ გაყალბებას და ფალსიფიკაციას ადგილი არ აქვს. ბრალდებულის დაცვის მხარე ვერ შეძლებს ამ ინფორმაციის დადასტურებას, ვინაიდან ის არ შეესაბამება რეალობას. მათი მხრიდან ამ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი მიზანი იყო გამოძიების პროცესის მიმართ უნდობლობის დათესვა. მასალები უტყუარად ადასტურებს იმას, რომ არანაირ გაყალბებას სოსანაშვილის დნმ-ს მიმართ ადგილი არ ჰქონია.
- როგორც ითქვა, სოსანაშვილი ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე მარტო არ მოქმედებდა. თუ გამოიკვეთა ის პიროვნება, რომელიც მასთან ერთად "მუშაობდა"?
- კი, ითქვა, რომ სოსანაშვილს ვიღაც ეხმარებოდა. ეს გავრცელებული ინფორმაცია მოითხოვს სამართლებრივ დადასტურებას. სწორედ იმ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, რომ სხვა პირის მონაწილეობა დადასტურდეს. ვიქრობ, მალე მივა საქმის გამოძიება ბოლომდე და ის გასცემს პასუხს იმ მნიშვნელოვან კითხვაზე, ვინ და რატომ მოკლეს იური ვაზაგაშვილი. საზოგადოება მალე მიიღებს ყველა კითხვაზე პასუხს.
ნანა ფიცხელაური (სპეცალურად საიტისთვის)