"ან როგორ უნდა ეცხოვრა, იმისთანა გოგო მოკლა" - საზარელი ტრაგედია ბოდბისხევში
"ბავშვებმა დაინახეს, გზაზე როგორ დახვდა ქალს და რაღაცას ელაპარაკებოდა, მერე ამოიღო თოფი და პირდაპირ თავში დაუმიზნა."
"იქვე, ისევ ბოდბისხევში მივიდა ძმაკაცთან, ვინ იფიქრებდა, რომ ადამიანი ჰყავდა მოკლული... მალევე გარეთ გასულა, პირუტყვის სადგომში თოკი აუღია და იქვე ჩამოუხვრჩია თავი..."
მორიგი საზარელი მკვლელობა, მსხვერპლი ისევ ახალგაზრდა ქალია, რომელსაც 2 წლის შვილი დარჩა. თავი მოიკლა მკვლელმაც... ტრაგედია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში 19 მარტს მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ვითარება სხვაგვარად იყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, 36 წლის გიორგი გელაშვილმა ლალი ბალიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. მკვლელობის მოტივზე ოფიციალურად არავინ ლაპარაკობს. როგორც გაირკვა, ლალი ბალიაშვილი და გიორგი გელაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში გარკვეული დროის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ.
ლალი მეუღელს 2 წელია რაც დაშორდა. როგორც ირკვევა, მისი ყოფილი მეუღლე ვასილ ფხოველიშვილი სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. წყვილი ოფიციალურად გასულ წელს განქორწინდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ხანს ყოფილი ქმარი ლალის არაერთხელ დაემუქრა ანგარიშსწორებით, ასევე ბავშვის წართმევით, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში ლალი ბალიაშვილმა სიღნაღის პოლიციას მიმართა. ამავე წყაროს ინფორმაციით, რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ქალის დასაცავად შემაკავებელი ორდერი მხოლოდ მას შემდეგ გამოწერეს, რაც ლალი ბალიაშვილმა ადგილობრივი პოლიციის უმოქმედობის თაობაზე შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ლალი ბალიაშვილს უცნობები ტელეფონზე ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ.
კომისარიატში, სადაც ლალიმ 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, მომხდარით თავზარდაცემულები არიან.
თამარ მენთეშაშვილი:
- ლალი ისეთი თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, სასიკვდილედ როგორ გაიმეტეს, არ ვიცი. სადაც ის იჯდა იმ ადგილისკენ გახედვაც აღარ მინდა, ლალის დედამ როგორღა უნდა იცოცხლოს? 27 წლის საღსალამათი, ლამაზი შვილი დილით გალაღებული გაუშვა და საღამოს მკვდარი მიუსვენეს სახლში! რა მოხდა, რატომ მოხდა, არაფერი ვიცით. გაოგნებულები ვართ მომხდარით, ის ბიჭიც, ვისზეც ამბობენ რომ ლალი მოკლა და მერე თავი მოიკლა, ჩვენი თანამშრომელი იყო. სამსახურში ბევრი არ ვართ, წლების განმავლობაში ერთ ოთახში თვალებში შევუყურებდით ერთმანეთს და ამ კაცისთვის არასოდეს შეგვიტყვია, რომ ადამიანის მოკვლას შეძლებდა, არც ის შეგვიმჩნევია თუ ლალი მოსწონდა და უყვარდა. 4 თვეა, რაც გოგიტა ჩვენი სამსახურიდან წავიდა. უწყინარი და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მომხდარის დაჯერება მიჭირს...
- ლალის არასდროს უთქვამს, რომ ამ კაცს უყვარდა?
- ლალი ქმართან გაშორებული იყო, მარტო იმას ამბობდა, გაათხოვებას აღარ ვაპირებ, ერთხელ არ გამიმართლა და იგივე რომ განმეორდეს, მერე რა ვქნა, ან ბავშვს რა ვუყოო?! გოგიტა ისე წავიდა სამსახურიდან, ლალის ერთხელ არ დაუჩივლია, თავს მაბეზრებსო...
- მკვლელობა სად და როდის მოხდა?
- ლალი ბოდბისხევში დადიოდა, მანქანის ტარებას სწავლობდა. ეს ტრაგედიაც იქ მოხდა. გოგიტაც ამ სოფელში ცხოვრობს. ამბობენ, ლალის თოფით დაუხვდა - ან ცოლად გამომყევი ან მოგკლავო. ამან უარი უთხრა, როგორც ჩანს და ამისთვის მოკლა. მერე თავი მოიკლა, ან როგორ უნდა ეცხოვრა, იმისთანა გოგო მოკლა.
ლ.შ; ბოდბისხევის მცხოვრები:
- უბედური გოგიტა არ იყო ცუდი ადამიანი, ერთი ძმა ჰყავს, ის ცოლ-შვილით ცალკე ცხოვრებს, თვითონ მარტო ცხოვრობდა. ბავშვებმა დაინახეს, გზაზე როგორ დახვდა ქალს და რაღაცას ელაპარაკებოდა, მერე ამოიღო თოფი და პირდაპირ თავში დაუმიზნა. გოგო რომ წაიქცა, თოფი იქვე ეზოში მოისროლა თურმე და ნელ-ნელა წავიდა, არც გაქცეულა. იქვე, ისევ ბოდბისხევში მივიდა ძმაკაცთან, ვინ იფიქრებდა რომ ადამიანი ჰყავდა მოკლული... მალევე გარეთ გასულა, პირუტყვის სადგომში თოკი აუღია და იქვე ჩამოუხვრჩია თავი...
პ.ს. მომხდარ ტრაგედიაში ძალიან ბევრი რამაა ბურუსით მოცული. როგორც ირკვევა, ლალი ბალიაშვილის ახლობლები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, გიორგი გელაშვილიც მოკლეს და მომხდარი თვითმკვლელობად წარმოაჩინეს.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის )