რითი ჰგავს იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობები?!
როგორც კი, გახმაურდა ამბავი, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მომხდარს შესაძლოა ბევრი საერთო ჰქონოდა ა.წ. იანვარში შვილის საფლავზე აფეთქებულ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან.
როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ამგვარ ვარაუდს აქვს სერიოზული საფუძველი. მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივის გამორიცხვა არ შეიძლება. "ორივე გამომწვევი დანაშაულია, გამომწვევი საზოგადოებისთვის... რადგან გია უდესიანის სახელი ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ახსენეს, ერთი საინტერესო დეტალი გამახსენდა: როგორც მახსოვს, სოსანაშვილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დააკავეს, უდესიანთან ახლობლობს... შესაძლოა, ამას ერთმანეთთან არც აქვს კავშირი, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ყურადღება: ძველმა ხელისუფლებამ სამართალდამცავ ორგანოებში ბევრი თავისი კადრი შეინარჩუნა და ისინი დიდწილად კრიმინალთან არიან კავშირში. როდესაც დამნაშავე სამართალდამცავის მანტიას ირგებს, უფრო საშიში ხდება. სწორედ ამიტომაც არის საჭირო სისტემის სრული დემონტაჟი, რაც დღემდე ვერ მოუხერხებია ხელისუფლებას." - აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით: "სახელმწიფომ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იმოქმედოს და არ დაუშვას ქუჩის ტერორის დაბრუნება. არც ის უნდა დავუშვათ, რომ სამართლიანობის აღდგენის მომხრეებზე ნადირობა დაიწყოს. ამ ტრაგედიას რამდენიმე პოლიტიკური გათვლა შეიძლება ჰქონდეს, კერძოდ, საზოგადოებისა და განსაკუთრებით იმ პირების დაშინება, ვინც სამართლის აღდგენას ითხოვს და ამის მისაღწევად იბრძვის, და კიდევ, ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა. ერთიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, მომხდარი შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს ძველ ხელისუფლებას, მაგრამ ვიღაცამ იმ დაპირისპირებით ისარგებლოს, რაც ხარძიანს "ნაციონალთა" ხელისუფლებასთან ჰქონდა. იმედია, რომ საქმე მალე გაიხსნება და თუ შეკვეთილი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, მარტო შემსრულებელს კი არა, შემკვეთსაც იპოვიან და სათანადოდ დასჯიან."
"პროკურატურა ამ სისხლის სამართლის საქმეზე ფლობს დიდ ინფორმაციას. ჩვენ უკვე ვიცით, სად უნდა ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და შესაბამისი მტკიცებულებები. საგამოძიებო მოქმედებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს." - ეს კი მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ამ ცოტა ხნის წინ განაცხდა. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამძიებას უკვე აქვს ბესო ხარძიანის მკვლელის ფოტორობოტი.