"ჩემი შვილი მოკლეს" - რა მოხდა ახმეტაში?!
"იმ დღეს სტუმრად წავიდა დეიდაშვილებთან ალვანში. იქ ვიღაცამ დაურეკა და სახლიდან გაიყვანა. ამის მერე დამეკარგა შვილი..."
"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცამ სულ სხვაგან მოკლა, მერე კი გვამი სასაფლაოზე მიიტანა!"
ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელად ინფორმაცია, რომ ახმეტის სასაფლაოზე მესაფლავეებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 26 წლის ჯარჯი კახიაშვილი აღმოჩნდა. ოჯახის წევრები თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ ჯარჯი კახიაშვილი მოკლული იყო. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა ქალთან, ამ ამბის გახმაურების შემდეგ კი ქალის ახლობლებმა კახიაშვილზე შური ამ ფორმით იძიეს. დღეს გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები დაბეჯითებით ამბობენ, რომ კახიაშვილი მოკლულია.
კახა კახიაშვილი, ჯარჯი კახიაშვილის მამა:
- რა ვთქვა, რა გავაკეთო, არც ფიქრის თავი მაქვს და არც - ლაპარაკის... დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მოკლეს, ვხედავ, რომ პოლიცია მუშაობს და მაგათი იმედიღა მაქვს. იმედი იმისა, რომ იპოვნიან დამნაშავეს და მეც გავიგებ ვინ წამართვა შვილი. ჩემი შვილი ჩემ გვერდით მუშაობდა, სხავადასხვა ფიზიკურ სამუშაოს არ თაკილობდა, ასე ვირჩენდით თავს. იმ დღეს სტუმრად წავიდა დეიდაშვილებთან ალვანში. იქ ვიღაცამ დაურეკა და სახლიდან გაიყვანა. ამის მერე დამეკარგა შვილი...
- იმ საღამოს რომ არ გამოჩნდა, მასპინძლებს არ მოუკითხავთ?
- სტუმარს როგორ არ მოიკითხავდნენ, მაგრამ ჩემი ჯარჯის ტელეფონი უკვე გამორთული იყო. რაღას იპოვიდნენ...
- თქვენი მეუღლე თუ ჩამოვიდა უცხოეთიდან? როგორც ირკვევა, იქ სამუშაოდ იყო წასული და ოჯახს ეხმარებოდა.
- ჩამოვიდა, ვაი, მაგ ჩამოსვლას, შვილი აღარა გვყავს...
ლ. შ; ახმეტის მცხოვრები:
- ეგ ყველამ იცის, რომ ჯარჯი ციხეში იყო ნამყოფი; მაგრამ იქ კაცის სიკვდლის გამო არ მჯდარა. ადამიანს შეიძლება შეეშალოს რაღაც, ასეთი რაღაც ხშირად ხდება... ჯარჯისაც შეეშალა, მაგრამ ამის გამო სასჯელი მოიხადა, ციხიდან გამოვიდა, ცდილობდა ადამიანურად ეცხოვრა. ბიჭი მამას მხარში ედგა და ყველაფერში ეხმარებოდა. შეიძლებოდა მისგან კარგი კაცი დამდგარიყო, მაგრამ ვინ აცალა... ბიჭისთვის ტყვია არ უსვრიათ, მაგრამ სხეულზე აშკარად ეტყობოდა, რომ მიწაზე კარგა ხანს მიათრევდნენ. თან მესაფლევაეებმა წელსზემოთ შიშველი ნახეს, მაისურიც აღარ ეცვა... ზოგმა თქვა, შეიძლება თავი მოიკლაო, რა თავის მოკვლა, სასაფლაოზე თავისი ფეხით ხომ არ მივიდოდა, გაიხდიდა და მერე საწამლავს დალევდა?! თავის მოკვლა თუ უნდოდა, სხვა ადგილსაც მონახავდა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცამ სულ სხვაგან მოკლა, მერე კი გვამი სასაფლაოზე მიიტანა!
- როგორც ფიქრობთ, ჯარჯი კრიმინალური წარსულის გამო შეიძლება მოეკლათ?
- ზოგიერთი ამბობს, ჯარჯის ვიღაც ქალთან ახლობლობდა და იმ ქალის გამო მოკლესო.
- ის ქალი გათხოვილია?
- მაგის თქმის უფლება არ მაქვს. ისე ჯარჯის ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ გაშორებული იყო, ციხე კაცს ყველაფერზე აგაღებინებს ხელს. შვილები კი უყვარდა, ციხიდან გამოსული ცდილობდა ბავშვებისთვის ყურადღება მიექცია.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)