"ფირცხალავას ცოლის ადგილას მკვლელი ქმრის დაკავება გამიხარდებოდა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვაზაგაშვილის ქვრივთან
"ჩემი ქმრის მკვლელობის მოტივი რა არის, ბავშვსაც რომ შეეკითხოთ, ისიც გიპასუხებთ...ჩემი მეუღლის მოკვლა მხოლოდ ზურიკოს მკვლელს შეეძლო. სხვას არც არავის მოუკლავს, იური ზურას მკვლელებმა მოკლეს."
"დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება მკვლელებს სათანადოდ დასჯის"
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მორიგი სიახლეა. პროკურატურის ინფორმაციით, ვაზაგაშვილის საფლავზე დნმ-ის მეორე ნიმუში აღმოაჩინეს. თუმცა, იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. პარალელურად, მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ მეორე დნმ-ის ნიმუში გენინსპექციის სამმართველოს მაღალჩინოსანს როინ ასანიძეს ეკუთვნის, რაც სოსანაშვილის დნმ-ს გაყალბებას ადასტურებს. "ეს ისეთივე ტყუილია, როგორსაც ბრალდებული გია სოსანაშვილი და მისი ადვოკატი ბოლო პერიოდში სისტემატურად ამბობენ," - ასეთია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის შეფასება. მისივე თქმით, ჯერ დნმ-ის ექსპერტიზა არ ჩატარებულა და შესაბამისად, ვის ეკუთვნის მეორე დნმ-ი, უცნობია. შოთაძის განცხადებით, სოსანაშვილისა და მისი ადვოკატის განცხადებების მიზანი გამოძიების დისკრედიტირებაა. ადვოკატ ჯოგლიძის განცხადებას ალოგიკურს უწოდებს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი. რას ფიქრობს მომხდარზე მოკლული იური ვაზაგაშვილის ქვრივი ციალა შანავა, ვის ადანაშაულებს მეუღლის მკვლელობაში, როგორ აფასებს საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს და დარწმუნებულია თუ არა ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობაში? - ამის ყველაფრის შესახებ ქალბატონი ციალა "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა. "ალბათ იცით, რომ ჟურნალისტებს ინტერვიუს არ ვაძლევ. ერთი-ორჯერ რაღაც ვთქვი და ისე დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი, სურვილი დავკარგე… განზე გავდექი, განა სანერვიულო ცოტა მაქვს, კიდევ ამაზეც არ ვინერვიულო?!" - გვითხრა თავადაპირველად, თუმცა ბოლოს ინტერვიუზე დაგვთანხმდა.
- ქალბატონო ციალა, რა იცით თქვენი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის შესახებ? ბატონ იურის მასთან რაიმე სახის ურთიერთობა ხომ არ ჰქონია?
- საერთოდ არ ვიცი ვინ არის ეს სოსანაშვილი. ამ ადამიანის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი, მისი გვარიც კი პირველად გავიგე, მოისპოს მაგის გვარი... მას იურიც არ იცნობდა.
- ცნობილია, რომ თქვენი მეუღლე შვილის მკვლელობაში ღიად ადანაშაულებდა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას, ბატონმა იურიმ ახალი მოწმეც ახსენა, რომელიც უკრაინიდან უნდა ჩამოსულიყო და ე.წ. კორტების საქმეზე გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა. ამ პროცესების გათვალისწინებით, თქვენ მეუღლეს ხომ არავინ ემუქრებოდა ან აფრთხილებდა?
- მოწმის შესახებ არაფერი ვიცი. არც ის ვიცი, კიდევ გამოჩნდება და გამოძიებას ჩვენებას მისცემს, თუ - არა. ბოლოს, როცა ახალი მოწმე გამოჩნდა და მკვლელებიც უნდა დაეკავებინათ, ჩემი ქმრის მკვლელობა დააჩქარეს... როგორც ვიცი, არავითარი მუქარის ზარები არ ყოფილა, იური რაიმე საშიშროებას არ გრძნობდა. ასე რომ ყოფილიყო, თავს ხომ გაუფრთხილდებოდა?
- თქვენი შვილის საფლავზე მეორე პიროვნების დნმ-ის ნიმუშია აღმოჩენილი, რომელიც სოსანაშვილის ადვოკატის თქმით, გენინსპექციის მაღალჩინოსანს როინ ასანიძეს ეკუთვნის...
- ამ პიროვნების სახელი და გვარიც პირველად მესმის... ჩემი ქმრის მკვლელობის მოტივი რა არის, ბავშვსაც რომ შეეკითხოთ, ისიც გიპასუხებთ - ჩემი მეუღლის მოკვლა მხოლოდ ზურიკოს მკვლელს შეეძლო. სხვას არც არავის მოუკლავს, იური ზურას მკვლელებმა მოკლეს. ამისთვის კი, სოსანაშვილი გამოიყენეს. სოსანაშვილს ჩემ ქმართან არავითარი კავშირი ან შუღლი არ ჰქონია, უბრალოდ გამოიყენეს, ის ქილერია, მკვლელი... ალბათ, ფული აიღო ან შეაშინეს. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი. ის ფირცხალავას ძმაკაცი იყო და როგორც სადისტი, არაკაცი, სატანის შვილი გამოიყენეს და ჩემი ქმარი მოაკვლევინეს, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ჩემი მეუღლე სოსანაშვილმა მოკლა! ტრაგედიის პირველ დღებში სხვადასხვა ვერსიები გამოითქვა, მათ შორის, თითქოს იური ვაზაგაშვილი გარკვეულ ბიზნესინტერესებს შეეწირა და დამნაშავეებმა ამის შესაფუთად ზურას მკვლელობის გარშემო ატეხილი ამბავი გამოიყენეს, ამ ვერსიას გამოვრიცხავ. არავითარი ბიზნესინტერესები, ჩემი მეუღლე ზურას მკვლელებმა მოკლეს! ამაში მალე ყველა დარწმუნდება.
- ირაკლი ფირცხალავას მეუღლის თქმით, სოსანაშვილს მისი ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ამბობს, რომ ციხეში ფირცხალავას და სოსანაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება...
- ეს სისულელეა. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. პირიქით, პროკურატურაში ადამიანები შიშისგან გათავისუფლდნენ ფირცხალავა და მისნაირები რომ დააკავეს. ფირცხალავას ცოლის ადგილას მკვლელი ქმრის დაკავება გამიხარდებოდა. ზურას საქმე ჩემმა მეუღლემ გამოიძია და პროკურატურას ყველას გვარები გადასცა. იქ ვინც დასახელებულია, ყველა მკვლელია.
- ქალბატონო ციალა, გამოძიება ამჟამად რა ეტაპზეა?
- გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურა ძალიან ნორმალურად მუშაობს. როგორც მითხრეს, სასამართლო პროცესი მაისის ბოლოს გაიმართება. არ ვფიქრობ, რომ ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა დაგვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება მკვლელებს სათანადოდ დასჯის. მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი საშინელება, რომ მოკლული შვილის საფლავზე მამაც მოეკლათ. იური ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ შვილის საფლავზე ააფეთქებდნენ...
იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს შვილის საფლავზე ააფეთქეს. ტრაგედია კასპის რაიონ სოფელ ყარაფალაში მოხდა. მომხდარიდან დაახლოებით ერთ თვეში, მთავარმა პროკურატურამ ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, სოსანაშვილმა ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე ხელყუმბარა დაამონტაჟა, რომლის აფეთქების შედეგადაც იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილის შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წელს თბილისში, "კორტებთან" სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)