"თავი ამიწიეს და მაყურებინეს, როგორ ხვრეტდნენ ომეხს" - როდის გაიხსნება აფრასიძეების საქმე?!
"ყველაზე სასტიკი და საშინელი მეთოდებით გულუას სპეცრაზმელები მოქმედებდნენ."
"უკრაინაში მიდიოდა, "ნაციონალების" და ყველა საზიზღარის თავშეყრის ადგილი ხომ იქაა და ალბათ მის პატრონებთან მიდიოდა. იქნებ გაქცევასაც აპირებდა, ვინ იცის?"
"ფილტვში ვიყავი დაჭრილი. თავი ამიწიეს და მაყურებინეს, როგორ ხვრეტდნენ ომეხს - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მას მთელი მჭიდი დააცალა გულმკერდის არეში, მთლად დაფლითეს. დავინახე, როგორ იღებდნენ ამ ყველაფერს ვიდეო კამერით. მე ვერტმფრენით გადამიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში და ბორკილებიც არ მომხსნეს, ისე გამიკეთეს ოპერაცია, მეტიც, ანესთეზიის და ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე გამჭრეს და გამკერეს." – ეს არის ამონარიდი გოჩა აფრასიძის 2012 წელს გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემული ინტერვიუდან, რომელშიც ის 2004 წლის სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებდა.
ა.წ. 22 აპრილს კი მთავარ პროკურატურაში აფრასიძეების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 7 საათის განმავლობაში იკითხებოდა გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაია. მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ უსაუბრია, რასთან დაკავშირებით დაიბარეს მოწმის სტატუსით დასაკითხად, თუმცა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დაკითხვაზე გამოცხადებამდე ის უკრაინაში გამგზავრებას აპირებდა, საიდანაც მისი დაღუპული მეგობრი და თანამებრძოლი უნდა გადმოესვენებინათ. სამართალდამცველებმა ზურაბ ქაჯაია პროკურატურაში პირდაპირ აეროპორტიდან წაიყვანეს. ქაჯაიას დაკითხვა მე-2 დღესაც გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში სისხლიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეები შეეწირნენ.
ბარამიძის თქმით, ევგენი და ომეხ აფრასიძეები იმიტომ დაიღუპნენ, რომ მათ ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი სპეცდანიშნულების რაზმს.
ფრაგმენტი 2012 წლის ინტერვიუდან:
გოჩა აფრასიძე:
- ეს ბრალდებაც აბსურდულია. ჩვენ არც საბრძოლო რესურსი გვქონდა და არც საშუალება. როგორ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, როდესაც ოჯახში იყვნენ ქალები და 4 მცირეწლოვანი ბავშვი? ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაგვიხსნეს ცეცხლი - ისროდნენ როგორც ვერტმფრენებიდან, ისე მიწიდან. მამაჩემი ხელებაწეული გავიდა აივანზე და სთხოვდა, ცეცხლი შეწყვიტეთ, სახლში ქალები და ბავშვები არიანო. სწორედ ამ მომენტში მოხვდა სნაიპერის ნასროლი ტყვია. რამდენიმე წამში ოთახში ასაფეთქებელი შემოაგდეს, რის შემდეგაც გონება დავკარგე. როდესაც გონს მოვეგე, მე და ჩემი ძმა ომეხი ბორკილდადებული ვიყავით. მე ფილტვში ვიყავი დაჭრილი. თავი ამიწიეს და მაყურებინეს, როგორ ხვრეტდნენ ომეხს - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მას მთელი მჭიდი დააცალა გულმკერდის არეში, მთლად დაფლითეს. დავინახე, როგორ იღებდნენ ამ ყველაფერს ვიდეოკამერით. მე ვერტმფრენით გადამიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში და ბორკილებიც არ მომხსნეს, ისე გამიკეთეს ოპერაცია, მეტიც - ანესთეზიის და ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე გამჭრეს და გამკერეს. ომეხს ის თითი, რომელზეც ბეჭედი ეკეთა, მოკვეთილი ჰქონდა... გამომძიებელი ომეხის ოქროს ნივთებს შმაგის ცხვირწინ უტრიალებდა. ეს ისეთი ამაზრზენია, არ მინდა ამის გახსენება…
დოდო სიდიანი-აფრასიძე, ევგენი აფრასიძის ქვრივი:
- როგორც ვიცი, ზურაბ ქაჯაია აეროპორტში დააკავეს და იქიდან წაიყვანეს დასაკითხად. უკრაინაში მიდიოდა, "ნაციონალების" და ყველა საზიზღარის თავშეყრის ადგილი ხომ იქაა და ალბათ მის პატრონებთან მიდიოდა. იქნებ გაქცევასაც აპირებდა, ვინ იცის?
- ამ ადამიანის ვინაობა აქამდეც იყო თქვენთვის ცნობილი? როგორც ამბობენ, გულუას სახელობის სპეცრაზმი მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, კონკრეტულად რა ქმედება მიეწერება მათ და იყო თუ არა ადგილზე ეს ადამიანი?
-ამ ამბის ყველა შემსწრე იმას ამბობდა, რომ ყველაზე სასტიკი და საშინელი მეთოდებით გულუას სპეცრაზმელები მოქმედებდნენ. მათ კისერზეა ყველაფერი, ყველამ ერთად ჩაიდინა უსასტიკესი დანაშაული და ყველას წვლილს ალბათ გამოძიება დაადგენს. როგორ არ ვიცოდი, რომ ქაჯაია ხელმძღვანელობდა სპეცრაზმს.
- ქაჯაია ჯერჯერობით მოწმის სახით იკითხება და როგორ ფიქრობთ, დაეკისრება პასუხისმგებლობა?
- რა თქმა უნდა, მასაც და ყველა დამნაშავეს მოეკითხება - დაწყებული სააკაშვილით და რიგითი სპეცრაზმელით დამთავრებული. ყველამ თავისი შესაბამისი სასჯელი უნდა მიიღოს. სააკაშვილს მათთვის უთქვამს, აფრასიძეები რომც დაგნებდნენ, მაინც ამოხოცეთო. ბარამიძემაც გაიმეორა, რომ სააკაშვილი იძლეოდა ბრძანებასო, მაგრამ ასეთი საშინელება მაინც როგორ უნდა ჩაედინათ?!
- ბარამიძე ჯერ არ დაუკითხავთ. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე ბარამიძის დაკითხვის საჭიროება არ არსებობსო...
-ვიცი, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და 100-მდე მოწმეა დაკითხული. გივი თარგამაძე გამოვიდა და თქვა, ქაჯაია დასაკითხად მიიყვანეს და პროკურატურას უნდა, მაინც და მაინც ბარამიძე დაასახელოსო. ამას რად უნდა ლაპარაკი, რომ ბარამიძე ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას? მართალია, სააკაშვილი იძლეოდა ბრძანებას, მაგრამ ის ხომ შემსრულებელი იყო. ხომ შეიძლებოდა, ნორმალურად და უსისხლოდ ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია და ცოცხლად აეყვანათ მამა-შვილი? ომეხი სასიკვდილოდ დაჭრეს, ევგენი კი ცოცხლად ამოწვეს. ეს რაში სჭირდებოდათ?! განა ყველა დეტალს სააკაშვილი კარნახობდა ბარამიძეს? ისიც იმან უკარნახა, მიცვალებუულს თითი მოაჭერით, გაძარცვეთ და ჯერ კიდევ ცოცხალი ევგენი ცეცხლში დახრუკეთო?
ყველაფერს მთელი სოფელი ხედავდა და ამას სად გაექცევა ბარამიძე? პირველი ის ხალხია ციხეში შესაყრელი, ვინც ძვლებზე ვითომ ექსპერტიზა ჩაატარეს და მე-18--19 საუკუნეში გარდაცვლილების ძვლებზე დაასკვნეს, 4 წლის წინ გარდაცვლილების ძვლებიაო.
- თქვენ არასდროს გითქვამთ, თუმცა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ აფრასიძეებზე იერიშის მაპროვოცირებელი ის იყო, რომ ომეხი ლევან კალაძის გამტაცებლების შესახებ ინფორმაციას ფლობდა
- როგორც მე და თქვენ არაფერი ვიცოდით, ისე ომეხმა იცოდა გამტაცებლების შესახებ. თუმცა შესაძლოა, სპეცოპერაციის დამგეგმავებს ეგონათ, რომ ომეხმა იცოდა მათ შესახებ. ამ სისასტიკის უკან სწორედ კალაძის გამტაცებლები დგანან, რომლებიც შიშობდნენ, მართლა რამე არ იცოდეს და არ დაგვასმინოსო. ომეხს საიდან უნდა სცოდნოდა რამე, როცა ფეხი არ გაუდგია ეცერიდან. ზოგადად, ომეხი არავის ენდობოდა და თავისთვის იყო ჩაკეტილი. მას არავისთან ჰქონდა ისეთი კავშირი, რომ სცოდნოდა, ვის ჰყავდა გატაცებული ბიჭი. იმ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო გამომძიებელი ვახტანგ ჯაფარიძე, რომელმაც დაითანხმა ომეხი, პოლიციას ჩაბარებოდა. ეს რომ შეიტყვეს, მისი ცოცხლად აყვანა აღარ აწყობდათ. თვითონ აღიარონ ყველაფერი, ველოდები.
ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)