რა მოხდა კარალეთის საჯარო სკოლაში?
გასულ კვირას სოფელ კარალეთის პირველ საჯარო სკოლაში მოულოდნელად მე-7 და მე-8 კლასის გოგონებმა გონება დაკარგეს. ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "კვირის პალიტრას" შსს-ს პრესცენტრში განუცხადეს, მოსწავლეებს ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად ნიმუშები აუღეს. ექსპერტიზის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
რა მოხდა კარალეთის საჯარო სკოლაში? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთ-ერთით, ბავშვები საკვებით ან წყლით მოიწამლნენ, თუმცა, ეს ვერსია ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი წამალი მიიღეს.
სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გორის გამგებელმა დავით ონიაშვილმა:“"მოკვლევა ყველა მიმართულებით დაიწყო. მედიკოსები ამბობენ, რომ მოწამვლის ან ინტოქსიკაციის ნიშნები არ არის. გაკეთდა წყლის ანალიზიც. საქმეში ჩართულია პოლიციაც. ეჭვი აქვთ, თვითონ ბავშვებმა ხომ არ მიიღეს რაიმე საშუალებები".
გორის სტაციონარში მოთავსებული მოზარდი ლიკა გოგიაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, რატომ გახდა ცუდად: "გაკვეთილზე თავი შეუძლოდ ვიგრძენი. შემდეგ მასწავლებელმა მეგობართან ერთად გამგზავნა ამბულატორიაში, იქ კი გონება დავკარგე. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიმე შევისუნთქეთ ან პრეპარატები მივიღეთ, რაც აბსურდია. არანაირი პრეპარატი არ მიგვიღია".
იმავეს ამბობს კიდევ ერთი მოსწავლე ნათია ადუაშვილი: "შინ რომ მივედი, რამდენიმე წუთში თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ჰაერი არ მყოფნიდა, თავბრუ მეხვეოდა და ცოტა ხანში ძლიერი კანკალი დამეწყო".
"კვირის პალიტრა" მე-7 კლასის დამრიგებელს, ეკა ჭილაძეს, ესაუბრა. მასწავლებლის თქმით, ბავშვებს პირველი სპორტის გაკვეთილი ჰქონდათ, რომელიც ეზოში ჩაუტარდათ. ამის შემდეგ, ისტორიის გაკვეთილზე, ერთი გოგონა მოულოდნელად ცუდად გახდა:“"მასწავლებლისთვის უთქვამს, ცუდად ვარ, ჰაერი არ მყოფნისო და ცახცახმაც აიტანა. მოგვიანებით იმავე სიმპტომებით სხვა გოგონებიც გახდნენ ცუდად. ამბულატორიაში გადავიყვანეთ, მაგრამ საავადმყოფოში წაყვანა გვირჩიეს.
მოგვიანებით იმავე სიმპტომებით კიდევ მოიყვანეს სამი მერვეკლასელი გოგონა. ბავშვებს სისხლის ანალიზი აუღეს, მაგრამ არაფერი არ აღმოაჩნდათ. ეჭვი, რომ საკვებით ან წყლით მოიწამლნენ, არ დადასტურდა. ვერ ვხვდებით, რა მოხდა".
არჩილ მიხანაშვილი, კარალეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი: "მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სკოლაში ჰიგიენა უმაღლეს დონეზეა. ვიცი, გავრცელდა ვერსია, თითქოს ბავშვებმა "პლანი" მოსწიეს და ცუდად ამიტომ გახდნენო. აქ მაინც სოფელია, ყველა ყველას იცნობს, არა მგონია. თუმცა, გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ".
სალომე გოგოხია