"ორ წამში მთელი ცხოვრება თვალწინ დამიდგა..." - კაცი, რომლიც შეიარაღებულ მძარცველს არ შეეპუა
სოციალურ ქსელში სავალუტო ჯიხურის ძარცვისას სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა - დაჭრილი სავალუტო ჯიხურის მფლობელი შეიარაღებულ მძარცველს წინააღმდეგობას უწევს, ამ დროს მის დასახმარებლად უამრავი ადამიანი იკრიბება და მძარცველის განიარაღებას ახერხებენ... ჩვენ სავალუტო ჯიხურის მფლობელ დავით ბექაურს დავუკავშირდით:
- საღამოს ათი საათი იქნებოდა, როცა შეიარაღებულმა პიროვნებამ ჯიხურის ფანჯრიდან დამიყვირა - დროზე, ფული მომეციო. მაშინვე სკამი მოვიმარჯვე, ვიფიქრე, ყაჩაღს შევაშინებ-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. გარეთ გამომათრია, ორჯერ მესროლა და თავად ჯიხურში შევარდა. ორ წამში მთელი ცხოვრება თვალწინ დამიდგა...
წერეთლის გამზირზე, სავალუტო ჯიხურში ვმუშაობ. ამას უფრო წვალება ჰქვია - თანხას ვსესხულობ და ასე ვცდილობ ოჯახისთვის "ორი თეთრის" შოვნას.
იმ დღესაც, როცა მძარცველი შემომივარდა, ნახევარი სხვისი, დანარჩენიც - ნასესხები ფული მქონდა... შვილების გარდა, როგორც შემიძლია ყველას ვეხმარები. თითოეული მათგანის სახე რომ წარმომიდგა, გადაწყვეტილება ორ წამში მივიღე და ყაჩაღს ჯიხურში შევყევი.
- დასახმარებლად პოლიციას რატომ არ მიმართეთ?
- ამდენის გააზრების დრო აღარ მქონდა. ჯიხურში მაშინ შევედი, როცა მძარცველი სალაროდან ფულს იღებდა.
იარაღი მინდოდა წამერთმია, მაგრამ ხელზე "მისკოჩილი" ჰქონდა.
სისხლისგან ვიცლებოდი, ღონე მერთმეოდა, მაგრამ დრო უნდა მომეგო, რომ გამვლელები დამხმარებოდნენ. რომ ვერ მოვერიე, ყვირილი დავიწყე, - დაჭრილი ვარ, მიშველეთ-მეთქი. თვალები გამინათდა, როცა დავინახე, უამრავი ადამიანი როგორ მორბოდა ჩემს დასახმარებლად. ხალხმა მძარცველი ჯიხურიდან გამოათრია და იარაღი წაართვა. მერე უცნობმა ახალგაზრდამ დაიყვირა, დაჭრილიაო, მაისური შემოიხია და ჭრილობა შემიხვია. ამ ბიჭს დღესაც ვეძებ, მინდა მადლობა გადავუხადო.
რთული ოპერაცია გამიკეთდა, მუხლი და ვენები სულ გადაგლეჯილი მქონდა. დღესაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ.
- გამოძიება რა ეტაპზეა.
- მძარცველს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, მეტი არაფერი ვიცი. მხოლოდ ის მითხრეს, რომ გორელია და 57 წლის არის. ჩვენების მიცემისას უთქვამს, დაყაჩაღებას უფრო ადრე ვგეგმავდი, მაგრამ დრო ვერ შევარჩიეო. ჩანს, მაკვირდებოდა, ჯიხურში მარტო როდის დავრჩებოდი...
რუსუდან შელია