ნინო დიდებულიძე: "თუ ოქროპირიძე გარეთ გამოვა, ხალხი ლინჩის წესით გაასამართლებს"
"ის არ არის ჩვეულებრივი დამნაშავე, ის ცივსისხლიანი მკვლელია"
27 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს - თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 საათი მსჯელობდნენ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ მოსამართლემ მსაჯულები დაითხოვა და ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს დანიშნა. ახალი შემადგენლობაც თუ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. ამასობაში ოქროპირიძეს ცხრათვიანი პატიმრობის ვადა 12 ივნისს ეწურება. კანონით, ამ ვადაში პირის ბრალეულობა თუ არ დამტკიცდა, ის უნდა გაათავისუფლონ.
დანაშაული 2013 წლის 2 სექტემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა - ლაშა მახარაძეს სახლთან ახლოს მანქანიდან მაყუჩიანი იარაღი რამდენჯერმე ესროლეს, რის შემდეგაც მკვლელი მიიმალა. მაშინვე ითქვა, რომ დანაშაული გიორგი ოქროპირიძემ ჩაიდინა.
გიორგი ოქროპირიძე ცოტა ხანში ცხინვალის მხარეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულში მას მოწმე ვლადიმერ ბერძენიშვილი ამხელს: "იმ დღეს მთხოვა, ვაკეში მანქანით წამეყვანა, რას წარმოვიდგენდი, ლაშას რომ მოკლავდა. ეს რომ მცოდნოდა, იქ არ მივიდოდი. მე ვიცოდი, რომ ლაშას უნდა დალაპარაკებოდა, კონფლიქტი მოსვლიათ და ამის გასარკვევად მივდივარო. ამიტომ წავიყვანე, მან კი უცებ ლაშას ესროლა. ახლა ისიც იკადრა, რომ თითს ჩემკენ იშვერს და ამბობს, თითქოს ლაშა მე მოვკალი. ვფიქრობ, მას თავიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ ეს მკვლელობა ჩემთვის დაებრალებინა და ამიტომ წამიყვანა, ალბათ, იქ". თავად ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დაკავების მომენტიდან ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. ბრალდებულის ადვოკატის, დავით მოდებაძის მტკიცებით, გარდა ბერძენიშვილის ჩვენებისა, სხვა სამხილი ოქროპირიძის წინააღმდეგ არ მოიპოვება.
გიორგი ოქროპირიძე ყოფილი წყალბურთელია. როგორც ამბობს, 2009-დან 2013 წლამდე სასჯელს უკანონოდ იხდიდა და მეგობარი თალაკვაძეც არ მოუკლავს. "ეს დანაშაულიც არ ჩამიდენია, ჟურნალისტები ისე ხატავენ, თითქოს მე მკვლელი და საშიში დამნაშავე ვარ". მან სასამართლოზე კატეგორიულად უარყო ლაშა მახარაძის მკვლელობა. "ციხიდან რომ გამომიშვეს, მუშაობის დაწყებას ვაპირებდი, ოჯახი უნდა შემექმნა. პატიოსნად მინდოდა, მეცხოვრა, მაგრამ ახლა მკვლელობას მაბრალებენ. მკვლელი არა ვარ. ლაშა მახარაძესთან შეხება არ მქონია, არც დამიშავებია მისთვის არაფერი. იარაღი არ მდებია, რითი უნდა მომეკლა?„შორტებით“ ვიყავი შეყვარებულთან გასული. საერთოდ არ გავდიოდი გარეთ, როგორ უნდა მენახა, ბებიაჩემს ვუვლიდი", –- განუმარტა გიორგი ოქროპირიძემ ნაფიც მსაჯულებს.
გიორგი ოქროპირიძის დედა, ცირა გოდერძიშვილი, შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მან სოციალურ ქსელში შვილის დღიურიდან ამონარიდიც გაასაჯაროვა: "2014 წელი ყველაზე მაგარი წელია ჩემს ცხოვრებაში. იმდენი კარგი რამე მოხდა, რომ ვერასოდეს ვიოცნებებდი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძნელია მოულოდნელობები და ხანდახან სიზმარი მგონია ყველაფერი. ცუდიც კი კარგად მახსენდება. ძალიან მაგარი მოხდა ის, რომ ბავშვობის ნატვრა ამიხდა და ციხეს დავაღწიე თავი - იმ სიბნელეს, იმ ჯურღმულს, სადაც ჩემი ადგილი არასდროს ყოფილა. იქ არაა ჩემი ადგილი, მე სხვანაირი მენტალობა მაქვს, ძალიან შორს ვარ იმ ადგილიდან. ყველაზე კარგი მოხდა, რომ გოგო გავიცანი", - წერდა ოქროპირიძე. ბრალდებულის დედა ირწმუნება, რომ მის შვილს ბრალი შეუთითხნეს.
"ყველა მტკიცებულება პროკურატურამ გააყალბა, წაშლილია ყველა კადრი... ყველა ექსპერტიზა ადასტურებს, რომ გიორგი არ არის დამნაშავე, იმ დღეს შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა".
ნინო დიდებულიძე, ლაშა მახარაძის დედა: - მკვლელი მოსამართლემ უნდა გაასამართლოს და არა ნაფიცმა მსაჯულებმა. არ მაინტერესებს, რას ითხოვს მანიაკი ოქროპირიძე, მან შვილი მომიკლა. ოქროპირიძე გარეთ არ უნდა გამოუშვან. დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.
ოქროპირიძე სასამართლოზე დარბაზში მყოფ ხალხს მოკვლით ემუქრებოდა. ხელით აჩვენებდა, შუბლს გაგიხვრეტთ, ორ კვირაში გამოვალო. ის საშინელი მკვლელია. თუ გარეთ გამოვა, ხალხი ლინჩის წესით გაასამართლებს; ან ის ჩაიდენს კიდევ ახალ უბედურებას. მერწმუნეთ, დიდი სისხლის ღვრა ატყდება.
მას სხვა დანაშაულიც აქვს ჩადენილი - დოლიძის ქუჩაზე დაკრძალვაზე დაჭრა ლობჟანიძე, მან ორი ოპერაცია გაიკეთა. ამ ფაქტსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი. ოქროპირიძემ მაშინ თურმე დედამისს გაატანა იარაღი და ვერ დაიჭირეს. ამ დანაშაულისთვის ბრალი მისთვის არ წაუყენებიათ. ეს არ არის ჩვეულებრივი დამნაშავე, ის ცივსისხლიანი მკვლელია".
ლაშა მახარაძის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, 29 აგვისტოს, ლაშას უფროსი ძმა თენგო, მეუღლესა და შვილთან ერთად, ავტოავარიაში მოყვა. სამივე დაიღუპა. ეს ტკივილი არ ჰქონდა მოშუშებული დედას, როცა ერთადერთი იმედი, ლაშაც მოუკლეს.
გიორგი ოქროპირიძე
გიორგი ოქროპირიძე უახლოესი მეგობრის, თალაკვაძის განზრახ მკვლელობისთვის, იარაღის უკანონო ტარება-შენახვისა და ქურდობისთვის იყო გასამართლებული. სასჯელთა შეკრებითობით მას 16 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. უზენაესმა სასამართლომ სასჯელი შეუმცირა, 13 წელი და 5.000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მერე როგორც ყველა პატიმარს, ოქროპირიძესაც შეეხო საყოველთაო ამნისტია. შეკრებითობაც გაუქმდა, საბოლოოდ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა განუსაზღვრეს. შეწყალება სთხოვა პრეზიდენტს, მანაც სასჯელი გაუნახევრა, ამის შემდეგ ოქროპირიძემ კიდევ ერთი გზა გამოიყენა ციხიდან გამოსასვლელად. ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისიას მიმართა და ის ციხიდან გამოუშვეს.
თეა ხურცილავა