შაქრო კალაშოვი "სამართლიანობის აღსადგენად" მალე უკრაინაშიც გამოჩნდება - "რეფორმები" ქურდულ სამყაროში
ქართველი პოლიტიკოსებისა და ქურდების ექსპანსია უკრაინაში
"უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე. კრიმინალური სამყაროს ერთ- ერთი გავლენიანი კლანის" სოხუმის ფრთის" კანონიერი ქურდები ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე გავლენის სფეროების გადანაწილებას, მინდა გითხრათ, რომ "კანონიერი ქურდების" ხელისუფლება უკრაინაში არ იქნება, ისევე როგორც არ იქნება მათი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე"
არსენ ავაკოვი - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი. 4 დეკემებრი 2014წ
ბოლო რადენიმე თვეა პოსტსაბჭოური (და არა მარტო) სივრცის კრიმინალური სამყარო გაფაციცებით ადევნებს თვალს ქურდული სამყაროს ახალი "რეფორმატორის", შაქრო კალაშოვის ერთგვარად თამამ იდეებს. ესპანეთის ციხიდან გამოსული კალაშოვი ორიოდე თვით მოსკოვში აგარაკზე ჩაიკეტა, შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა და პირველმა ღიად განაცხადა იმ შეცდომების შესახებ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში პოსტსაბჭოთა ქურდული სამყაროს ნათლიმამად აღიარებული "დედ ჰასანის" ( ჰასან უსოიანი) კლანი სჩადიოდა.
ქურდული სამყაროს ამჟამინდელმა პირველმა ნომერმა ქურდულ სამყაროს ასევე დაუფარავად განუცხადა, რომ ის ამ სფეროში "სამართლიანობის აღდგენას" იწყებდა.. კალაშოვისა, განცხადებებმა არა მარტო ყოფილი საბჭოეთის არამედ ევროპის კრიმინალურ წრეებშიც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კალაშოვის ციხიდან დაბრუნების შემდეგ ბევრი ქურდულ სამყაროში სისხლისმღრელ ომებს წინასწარმეტყველებდა, ამბობდნენ კალაშოვი, რომელიც"დედ ჰასანის" იდეური მხარდამჭერი იყო, მისი მეტოქის, ტარიელ ონიანის "ქუთაისურ კლანს" "დედ ჰასანის" სიკვდილს არ შეარჩენსო, თუმცა მოვლენები, როგორც ჩანს, სულ სხვაგვარად წარიმართება,
პირველი ვისაც შაქროს "სამართლიანობის აღდგენა" შეეხება, ციხეში გამოკეტილი, ქუთაისელი კანონიერი ქურდი ბადრი კოღუაშვილი, იგივე "ბადრი კუტაისკია". კოღუაშვილი იმ თითზე ჩამოსათვლელ ქურდების რიცხვს მიეკუთნება, რომელზეც ჯერ პრეტენზია არავის ჰქონია კრიმინალურ წრეებში.
კოღუაშვილი იყო ერთადერთი ქურდი, რომელმაც ტარიელ ონიანის დაკავების შემდეგ, შესძლო ქურდები კიდევე ერთხელ შეეკრიბა და ჰასან უსოიანი განმარტებების მისაცემად დაებარებინა. თუმცა მანამდე ჯერ შაქრო კალაშოვს შეხვდა. კალაშოვი-კოღუაშვილის შეხვედრა 2010 წელს შედგა ამერიკაში, როდესაც შაქრო ცოტა ხნით გამოუშვეს ციხიდან. კოღუაშვილმა, როგორც სჩანს, შეძლო დაერწმუნებინა კალაშოვი, რომ ჰასან უსოსიანი ზღვარს გადავიდა, შაქრომაც მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ " დედ ჰასანი."
საბოლოოდ კოღუაშვილი, დედ ჰასანის დამსახურებით, ქურდული შეხვედრის ნაცვლად საგამოძიებო იზოლიატორში აღმოჩნდა. უსოიანმა მაშინ ფულიც არ დაიშურა რომ კოღუაშვილი "ბუტირკაში" მომხვდარიყო, სადაც მას " დედ ჰასანი" შავ დღეებს ჰპირდებოდა. აღქმული "შავი დღეები" ბადრისთვის მაშინ დაიწყო, როდესაც ბუტირკაში ე.წ. ზეპირი წერილი ( "პრაგონი") გავრცელდა, რომელშიც ქურდები "არესტანტებს" უცხადებდნენ, რომ კოღუაშვილი ქურდი არ იყო.. აღნიშნულ წერილს ქურდულ სამყაროში დიდი აურზაური მოჰყვა, ავტორობა კანონიერ ქურდს გელა ქარდავას დააბრალეს (მას და კოღუაშვილს დიდი ხანია კონფლიქტი აქვთ)... ქურდული სამყარო " წერილის" ამბით იყო დაკავებული კოღუაშვილმა 9 წლიანი სასჯელიდან 3 წელი უკვე მოიხადა და " დედ ჰასანის" ფულისა და კავშირების წყალობით თითქმის რუსეთის ნახევარი კოლონიები მოიარა, მასზე სასჯელაღსრულების ადგილებში უკვე ლეგენდები დადის.
შაქროსეულ" სამართლიანობის აღდგენის" ფორმატში კოღუაშვილის ციხიდან გამოსახსნელად ქურდულმა სამყარომ ორ მილიონამდე დოლარი მოაგროვა...
გელა ქარდავა ჯერჯერობით ქურდულ რისხვას გადაურჩა, მაგრამ, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ქარდავა აუცილებლად გახდება განტევების ვაცი კოღუაშვილის საქმეში, მას მოიშორებენ, უბრალოდ, ეს დროის საკითხია.
" სამართლიანობის აღდგენას ელოდებიან ე.წ "სტამბოლის" საქმის მონაწილეებიც, გასულ წელს ონიანის კლანის ქურდები გიორგი უგლავა (ტახი) და როვშანი, თავის ამფსონებთან ერთად, სტამბოლის ერთ- ერთ სასტუმროში შეიჭრნენ, სადაც მათი ინფორმაციით, "დედ ჰასანი" კლანის ახლადგამომცხვარი ქურდები უნდა ყოფილიყვნენ, სასტუმროს ნომერში მათ მხოლოდ ორი - როლადნ გეგეჭკორი და პაატა თვალმჭრელიძე დახვდათ, ვინაიდან არ იყო ბოლომდე გარკვეული პაატა ვის უჭერდა მხარს, ის ხელშეუხებელი აღმოჩნდა, ამიტომ ჯავრი გეგეჭკორზე იყარეს, სცემეს და გაუჩინარდნენ. პატივაყრილი გეგეჭკორის დასაცავად ქუდები დაირაზმნენ (34 ქურდი) და უგლავას და რავშანს ქურდის ტიტულები ჩამოართვეს. მალე გიორგი, იგივე ტახი უგლავა სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა მისი ადგილი ქურდმა კახა პარპალიამ დაიკავა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ სტამბოლის ინციდენტში თავადც იღებდა მონაწილეობას და შაქრო კალაშოვს .ე.წ დაზარალებულებთან პირისპირ შეხვედრა სთხოვა. ამრიგად სამართლიანობი აღდგენას ორივე მხარე ითხოვს.
ამასობაში შაქრო კალაშოვმა ქურდების დიდი შეხვედრა გამართა, სადაც 4 ბელარუსი, კანონიერი ქურდი ტიტულის გარეშე დატოვა, სამართლიანობის აღდგენის გარდა შაქროს ყურადღების ცენტრში ახლა უკრაინაა, სადაც ქართველი კანონიერი ქურდები უკრაინული "დოვლათის" ხელში ჩასაგდებათ უკვე, ფაქტობრივად, ხელისუფლებას ებრძვიან. ქართულ ქურდულ ექსპანსიაზე უკრაინაში უკვე ღიად ლაპარაკობენ, აღარც იმას მალავენ, რომ დონეცკში მოსახლე ქართველი ქურდები ე.წ. მოხალისეებს იარაღითაც ამარაგებენ. უკრაინის საკითხის განხილვა ერთხელ უკვე გადაიდო ქურდულ სამყაროში, თუმცა ამბობენ, რომ შაქრო "სამართლიანობის აღსადგენად" მალე უკრაინაშიც გამოჩნდება.
ნინო ბურჭულაძე