"ამ ნაძირალამ ჩემს ქმარს წინასწარ გაუთხარა ბეტონის საფლავი"
"მოვითხოვ, უმკაცრესად დაისაჯოს მკვლელიც და ამ სასტიკი დანაშაულის ყველა თანამონაწილეც!"
ორიოდე კვირის წინ საზოგადოება საზარელი ფაქტის მომსწრე გახდა - სამართალდამცველებმა 9 დღის დაკარგული 44 წლის მამაკაცის გვამი ვაჟა-ფშაველას 1-ელ კვარტალში, კორპუსების წინ მდებარე ავტოფარეხში იპოვეს... დამარხული. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს, ის ავტოფარეხის დროებითი მფლობელი აღმოჩნდა. ჩვენი ინფორმაციით, მან დანაშაული აღიარა...
როგორ მიაგნეს ადგილს, სადაც მოკლული დამარხეს, გამოძიების დასრულებამდე შსს კომენტარს არ აკეთებს.
"კვირის პალიტრამ" სცადა ამ საქმის დეტალები შემთხვევის ადგილიდან, მეზობლებისა და მოკლული გია ბაქრაძის ოჯახის წევრებისგან გაეგო.
მაია ჯ. მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი: "იმ კაცს, მალხაზ ჯაშიაშვილს, აქ თითქმის არავინ იცნობდა. ავტოფარეხი ქირით ჰქონდა აღებული. იმ დღეს ჩვენს ერთ მეზობელს რაღაც ხმა შემოესმა, მე კი ფარეხის წინ სისხლის კვალი შევნიშნე. რა ხდება-მეთქი, ვიკითხე. ავტოფარეხიდან გამოვიდა ჯაშიაშვილი და მშვიდად მითხრა: არაფერი, ქალბატონო, რაღაცას ვაკეთებთ, მუშამ ხელი გაიჭრა და სისხლიც ამიტომ არის, თუ არ გჯერათ, შემობრძანდით და ნახეთო. ისე დამაჯერებლად მითხრა, ეჭვი არაფერში შემპარვია".
ქეთევან სვანიძე, გია ბაქრაძის მეუღლე: "ჩვენ ზესტაფონიდან ვართ. მე და გია სავაჭრო ცენტრ "საბაში" რბილ ავეჯს ვყიდდით, გიას რამდენიმე სატვირთო მანქანა ჰყავდა და ავეჯი შემოჰქონდა თურქეთიდან. ძალიან კეთილი და უკონფლიქტო იყო. ცდილობდა, ყველას დახმარებოდა. ვსაყვედურობდი, ყველა შენი მეგობარი როგორ არის-მეთქი... მალხაზ ჯაშიაშვილიც ზესტაფონელია. პირველად გიამ ის აღდგომის დღეებში გამაცნო. თუმცა მისი სახე კარგად არც დამამახსოვრდა. მეორედ ზუსტად იმ დღეს ვნახე, როცა გია გაუჩინარდა. 17:00 საათი იქნებოდა, როცა ჩემი მეუღლე მასთან ერთად "საბაში" შემოვიდა. ჯაშიაშვილს რბილი ავეჯის შეძენა სურდა, თანაც ორის. შეარჩია და ფასზეც შემევაჭრა. ვუთხარი, 3.200 ლარად შემიძლია მოგყიდო-მეთქი. კარგი, წავიღებ და თანხას ნაწილ-ნაწილ, ათ დღეში მოგაწვდიო... დავპირდი, რომ ორ დღეში ავეჯს შინ მივუტანდით, მაგრამ მისამართი არ დატოვა. ჩვენს დამხმარე ბიჭს უთხრა, მეტრო "დელისთან" შეგხვდებით და სახლამდე თავად აგაცილებთო.
ტელეფონის ნომერი დაგვიტოვა. შემდეგ გია და ის ერთად გავიდნენ. მე გიას შესაფუთი მასალა გავატანე, იმ დღეს ახალ ბინაში უნდა გადავსულიყავით და გიას ვთხოვე, მალე დაბრუნებულიყო. მოკლედ, გიას შესაფუთი მასალა შინ მიუტანია და ჩვენი ვაჟისთვის დაუბარებია, საბურთალოზე მივდივარ და მალე მოვალო. გარეთ ჯაშიაშვილი ელოდებოდა. ექვსის ნახევრისთვის დავურეკე, შენ რომ კაცი მოიყვანე, მთხოვა, ავეჯი 3.000-ად მიგვეცა, მაგრამ არ დავთანხმდი-მეთქი. ამაზე მერე დავილაპარაკოთო... მივხვდი, კვლავაც ერთად იყვნენ. ექვსი საათისთვის გიას კიდევ დავურეკე და აღარ მიპასუხა. კიდევ რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ ისევ არ მპასუხობდა. ასეთი რამ არ სჩვეოდა. გავბრაზდი, ახალ ბინაში უნდა გადავიდეთ და ასე უყურადღებოდ როგორ დაგვტოვა-მეთქი. მერე ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არის-მეთქი. გია დიაბეტით იყო დაავადებული. გამახსენდა, რომ იმ კაცთან ერთად იყო და ჯაშიაშვილის დატოვებულ ნომერზე დავრეკე. არავინ მიპასუხა. ამის შემდეგ განუწყვეტლივ ვრეკავდით ხან გიას, ხან ჯაშიაშვილის ნომრებზე. ცოტა ხანში გიას ტელეფონი გაითიშა. ჩავთვალეთ, რომ დაჯდა...
ამასობაში გიას მეგობარმა მაცნობა, იმ კაცის ნომერზე მხოლოდ ერთხელ მიპასუხა ქალმა, აქ მალხაზ ჯაშიაშვილი არავინ არისო. გავოცდი. გაუთავებელი რეკვის შემდეგ, როგორც იქნა, ჩემს ვაჟს თავად ჯაშიაშვილმა უპასუხა: - მანქანაში დამრჩა ტელეფონი და გვიან ვნახე თქვენი ზარები, ხომ მშვიდობა გაქვთო? ჩემმა შვილმა აუხსნა, მამა ბოლოს თქვენთან ერთად წავიდა და მას მერე აღარ ჩანსო. ისევ თქვენს სახლთან მოვედით და იქ დავშორდითო, აუღელვებლად უთხრა ამ ცივსისხლიანმა მკვლელმა. მასზე ეჭვი არც კი მიგვიტანია. გადავწყვიტეთ, პატრულისთვის გვეცნობებინა. 9 დღე ვეძებდით საავადმყოფოებში, მორგებში... არსად ჩანდა. ავტომანქანა, რომლითაც გია ჯაშიაშვილთან ერთად წავიდა, ჩვენს ვაჟს ეკუთვნოდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ ვნახეთ, ბორდიურზე. მასში გიას მობილური და აიდი-ბარათიც აღმოჩნდა. ოპერატიული სამძებრო მოქმედებების შედეგად დადგინდა გადაადგილების მარშრუტი. თავიდან მანქანაში ოთხნი მსხდარან...
ბოლოს ავტოგასამართ სადგურთან დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა, რომ მანქანა ბორდიურზე გაჩერდა და ორი კაცი გადმოვიდა, რომლებმაც ჩვრით გაწმინდეს ავტომობილი (ალბათ, კვალის წაშლის მიზნით). მანქანა იქვე დატოვეს, თავად კი ფეხით გაუყვნენ გზას. ფირზე გამოსახულება ცუდად ჩანს და თავიდან ძალიან გაჭირდა იმ ორის ამოცნობა, თუმცა მაინც დაადგინეს: ერთ-ერთი მალხაზ ჯაშიაშვილია, მეორე - დავით ასანიძე. ერთმა მკვლელობა აღიარა, მეორემ - თანამონაწილეობა. დადგინდა, რომ გია იმ ავბედით დღეს მათთან და კიდევ ერთ პირთან (რომლის ვინაობაც, ალბათ, უახლოეს დღეებში დადგინდება) ერთად იყო. მოვითხოვ, უმკაცრესად დაისაჯოს მკვლელიც და ამ სასტიკი დანაშაულის ყველა თანამონაწილეც!
- დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს?
- დიახ. ჯაშიაშვილმა წინასწარ მკვლელობისთვის დაიქირავა და მოამზადა ავტოფარეხი. გააღრმავა ის თხრილი, სადაც ავტომობილის შესაკეთებლად ხელოსნები დგებიან. მკვლელს მიცვალებულის შიგ ჩაბეტონება უნდოდა. მერე დავით ასანიძესთან ერთად შეიტყუა ჩემი მეუღლე, - ნახე, რა კარგი გარაჟი მაქვსო, თხრილთან მიიყვანა და ნაგანით ზედიზედ სამი ტყვია ესროლა მუცლისა და გულმკერდის არეში. ამ დროს გიას დაუყვირია, რას შვრები, ბიჭო, მკლავო? და გაქცევა უცდია. იმ ნაძირალას კი ზურგშექცეული გიასთვის თავში დაუხლია ტყვია, რაც, ცხადია, სასიკვდილო აღმოჩნდა. შემდეგ ჯაშიაშვილს ასანიძე დახმარებია ცხედრის თხრილში დაფვლაში. ამას ორივე აღიარებს. ბეტონის დასხმაც რომ მოესწროთ, ალბათ, გიას ვეღარასოდეს ვიპოვიდით.
ასანიძე ადრეც ნასამართლევი ყოფილა და ჯაშიაშვილის ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად მჯდარა საკანში. დასაზუსტებელია, იყო თუ არა მათთან ერთად დანაშაულის ჩადენისას კიდევ ერთი პირი. და კიდევ, მინდა გავიგო, ვინ იყო ის ქალი, რომელმაც ჩემი ქმრის მეგობარს ტელეფონზე უპასუხა, აქ ჯაშიაშვილი არავინ არისო...
- ჯაშიაშვილმა რატომ მოკლა თქვენი მეუღლე ასე სასტიკად?
- ნამდვილად არ ვიცი. იმედია, გამოძიება დაადგენს. სხვათა შორის, იმ ავბედით დღეს "საბაში" ჩემი მეუღლე და ჯაშიაშვილი კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერში ჩანს, როგორ შემოჰყავს იმ ცივსისხლიან მკვლელს ჩემი მეუღლე ხელკავით. არადა, ამ დროს გიასთვის უკვე გაჭრილი ჰქონია საფლავი.
- იქნებ ფულის გამო ჰქონდათ კონფლიქტი?
- ჩემი ერთი მეზობელი შეესწრო საუბარს, როცა გიას, სავარაუდოდ, ჯაშიაშვილმა დაურეკა. ჩემს მეუღლეს უთქვამს, ახლა ჯიბეში ფული არ მიდევსო. თუმცა არა მგონია, ფულის გამო კონფლიქტი მოსვლოდათ. გია მას ისედაც დაეხმარებოდა. იმ კაცს გიას ვალი რომ ჰქონოდა, მეც მეცოდინებოდა... აღარც კი ვიცი, რა ვიფიქრო. როცა ჯაშიაშვილი დააკავეს, მის სახლში ბევრი იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვეს. ვეჭვობ, ჯაშიაშვილი გიას იმ იარაღის სატვირთო მანქანით სადღაც გადატანას სთხოვდა და უარი მიიღო, შემდეგ კი არასასურველი მოწმე თავიდან მოიცილა. თუმცა, ეს მხოლოდ ეჭვია, რადგან სხვას ვერაფერს ვფიქრობ... ბევრი რამ ჯერ ისევ ბურუსით არის მოცული.