"დედა ვიდრე გონზე იყო, განწირულად მოსთქვამდა" - ტრაგედიით დასრულებული ქორწილი
"ლხინი უბედურებად გვექცა"
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვილი მთლიანად გალურჯებული იყო ,იმედი მაინც გვქონდა , რომ ცოცხალი იქნებოდა, მანქანიდან გადმოვიყვანეთ, მაგრამ..."
ტრაგედია დატრიალდა ზესტაფონის რაიონში. შორაპანთან მომხდარ ავტოავარიას გელაშვილების ოჯახის ორი წევრი - ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა, ათი ადამიანი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ხუთი ავტომანქანა შეეჯახა, მათგან სამი საქორწილო ესკორტს ეკუთვნოდა. დეტალებზე "კვირის პალიტრას" ტრაგედიის თვითმხილველი ესაუბრა:
მ.გ:
- ჩემი მეგობრის ქორწილი იყო. ჯვრისწერის შემდეგ მაყრიონი, ასე ვთქვათ, "საგონკაოდ" მოვემზადეთ. დიდად არ მომწონს ეს სიტუაცია, მაგრამ მეგობრის თხოვნით მეც შევუერთდი მექორწილეებს. შოროპანთან ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს ავარია მოხდაო, ზუსტად 2 წუთში შემთხვევის ადგილას ვიყავი. საშინელი სურათი დამხვდა. ქორწილის ესკორტში მყოფ ერთ-ერთ მძღოლს მანქანა მოუცურდა და საპირისპირო მხარიდან მომავალ "ოპელის" მარკის ავტომობილს შეეჯახა. ამ მანქანას კიდევ უკნიდან მომავალი "ჰონდა" შეეჯახა. ავტომობილი, რომელიც"ოპელს" წინიდან შეეჯახა ჰაერში ამოტრიალდა.
- რამდენი ადამიანი დაშავდა?
- ყველაზე მძიმე მდგომარეობა"ოპელის" მარკის ავტომანქანაში იყო, სადაც 60 წლამდე მამაკაცი, ახალგაზრდა ქალბატონი და 1 თვის ჩვილი იყვნენ. ჩვენ მანქანას მივვარდით, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვილი მთლიანად გალურჯებული იყო იმედი მაინც გვქონდა ცოცხალი იქნებოდა, მანქანიდან გადმოვიყვანეთ, მაგრამ.... დედა ვიდრე გონზე იყო, განწირულად მოსთქვამდა. ამასობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო ეკიპაჟიც მოვიდა, ქალბატონი "რეანომობილით" უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ქუთაისში. მისი მდგომარეობის გასარკვევად მოგვიანებით საავადმყოფოში მივედი, როგორც მითხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
- სხვა მანქანების მგზავრების მდგომარეობა როგორია?
- ქორწილის ესკორტის ავტომობილში, რომელიც საპირისპირო მხარეს გადავიდა და "ოპელს" შეეჯახა, ხუთი ბიჭია დაშავებული. მძღოლს ფეხი აქვს მოტეხილი, ერთ-ერთი ახალგაზრდა შოკურ მდგომარეობაშია, დანარჩენ სამს კი - მსუბუქი დაზიანებები აქვთ. "ჰონდას" მარკის ავტომობილში მსხდომებსაც მცირე დაზიანებები აქვთ. ამ ყველაფერმა საშინლად იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე, ცუდად ვართ ყველა, ლხინი უბედურებად გვექცა...
ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულას გამგებლის წარმომადგენლის, ვაჟა გველესიანის თქმით, გელაშვილების ოჯახი, რომელმაც ორი წევრი დაკარგა, სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია.
ვაჟა გველესიანი:
- გარდაცვლილია ბაბუა და შვილიშვილი, ხოლო რძალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში უგონოდ გადაიყვანა, მძიმე მდგომარეობაშია. ვანო, რომელმაც მამა და ერთი თვის შვილი დაკარგა, მეუღლეს საავადმყოფოში თავზე ადგას იმ იმედით, რომ ის მაინც გადარჩება. ქალს მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ახლახან შექმნეს ოჯახი, მოსიყვარულე წყვილია. სოციალურად საკმაოდ უჭირთ... რამდენიმე წლის წინ ვანოს ძმა დაეღუპა. დედა კი საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ. საბრალო ქალი ასაკშია უკვე და რომ გაიგებს მის ოჯახში რა უბედურებაც ტრიალებს, არ ვიცი, ამას რა შედეგი მოჰყვება.
როგორც "კვირის პალიტრას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 პუქტით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)