"ამ ვერსიით ზურა ორჯერ მოკლეს!"
"ჩვენს შვილებს დიდი იმედი აქვთ, რომ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა"
რა სიახლეებია ჟვანიას საქმის არსებითი განხილვის პროცესში? ამ საკითხებზე ექსპრემიერის მეუღლე, ნინო ქადაგიძე, "კვირის პალიტრას" ესაუბრა.
- ნაფიც მსაჯულებთან მოვყევი ის, რისი თვითმხილველიც თავად გავხდი. გავიხსენე ზურას გარდაცვალების წინადღე, როცა დილის ხუთ საათზე დაიძინა, ათზე ადგა (რადგან მთავრობის სხდომა იყო), მთელი დღე კიდევ იმუშავა და დღის ბოლოსთვის ისეთი ქანცგაცლილი იყო, ყოველგვარი ლოგიკით, შინ უნდა წამოსულიყო და დაესვენა... ღამის 12 საათისთვის ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, უკვე 03:00 საათი იყო. ჯერ ზურასთან დავრეკე, არ მიპასუხა. მერე მის დაცვასთან... ძაძამიამ თავიდან - არა, მაგრამ ათი წუთის შემდეგ მიპასუხა, ზურა შეხვედრაზეა, ცოტა ხანში დარეკე და დაგალაპარაკებო. 10 წუთში კიდევ დავრეკე და კვლავ ვერ დამალაპარაკეს. მის უსაფრთხოებაზე ყოველთვის ვღელავდი. ხან აფეთქებას გადაურჩა, ხან სხვა უბედურებას. მუდმივად შიშში ვიყავი და როცა ვიღვიძებდი, ვამოწმებდი, სუნთქავდა თუ არა. ნინიკო, კარგად ვარ, - მეუბნებოდა მაშინაც კი, როცა ძალიან დაკავებული იყო და მე ვურეკავდი. ძალიან ტრადიციული ოჯახი გვქონდა... როცა ზურა არ დამალაპარაკეს, ისე შევშფოთდი, წყნეთიდან ფეხით წამოვედი. თოვდა. ნახევარი საათი მაინც ფეხით ვიარე და თან დაცვასთან ვრეკავდი. მათ გზაში მანქანა დამაწიეს და საბურთალოს ქუჩის #53-თან მიმიყვანეს, სადაც ბევრი ფორმიანი იდგა. თავიდან ხარშილაძემ ბინაში არ შემიშვა, ბოლოს, როგორც იქნა, შევაღწიე. დავინახე, ზურა იატაკზე იწვა, თეთრი პერანგი ეცვა, იქვე რაულის გულაღმა დამხობილი ცხედარიც ესვენა...
- დაცვის წევრების ადვოკატმა განაცხადა, სატელეფონო ამონაწერიდან არ ჩანს, რომ ნინო ქადაგიძე ძაძამიასა და ხარშილაძეს ურეკავდაო...
- დიახ, მან იქვე მაჩვენა ამონაწერი და ძალიან უცნაური იყო, რომ იქ ჩემი დანარეკი არ ჩანდა. სავარაუდოდ, ეს ამონაწერიც გაყალბებული საქმის მასალებიდან იყო ამოღებული, თუმცა მე თავის დროზე ამოვიღე დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ზურასა და მის დაცვას იმ ავბედით ღამეს ვურეკავდი. ყველაფერი პროკურატურას გადავეცი, რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა.
თავდაპირველი განცხადებით, ზურას სისხლში ნახშირბად კარბომონოქსიდის გაჯერების დონე 54%-ს არ აღემატებოდა. არადა, სიკვდილი მხოლოდ მაშინ დგება, თუკი მისი დონე 62%-მდე აღწევს. ეფ-ბი-აის დასკვნაში წერია, რომ ზურას სისხლში ნახშირბად კარბომონოქსიდის გაჯერების დონე 74% იყო. ესეც უცნაურად მოგვეჩვენა, რადგან 62%-ზე სიკვდილი უეჭველად დგება და 74% ზედმიწევნით მაღალი მაჩვენებელი იყო. მერე გავიგეთ, რომ არსებობს რკინის კარბომონოქსიდის პრეპარატი, რომლის ორგანიზმში შეყვანით მიიღება ასეთი შედეგი...
დაცვის მოქმედებაზეც უამრავი შეკითხვა გაჩნდა. კერძოდ, დაცვის უფროსმა არ მოიკითხა პრემიერი, ისე წავიდა, დალია და დაიძინა. ასევე, დაცვის წევრების ცნობილმა განცხადებებმა გაზის სუნისა და გამათბობლის შიშინის შესახებ, გაგვაოცა, ვინაიდან CO-ს სუნი არ აქვს და იმ დროს, როცა ისინი ოთახში შევიდნენ, გაზი ორი საათის გათიშული იყო. ამასთან, ექსპერიმენტის დროს ხარშილაძე ვერ გადაძვრა იმ გისოსებიდან, რომელსაც ჩვენებაში უთითებდა. "თბილგაზის" წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ სამის ნახევარზე გაზი რაღაც დაზიანების გამო გადაკეტილი იყო. ძიებისას ახალი დეტალიც გამოიკვეთა, კერძოდ, გაზის მრიცხველის ამონაწერი ადასტურებს, რომ იმ პერიოდში ბუნებრივი აირი აღნიშნულ ბინაში გახარჯული არ არის. გაგვაოცა იმანაც, რომ პრემიერის გარდაცვალების მერე ხარშილაძემ ზურას ჯიბიდან გასაღები ამოიღო, წავიდა და მოწმის გარეშე პრემიერის სეიფები გახსნა, საიდანაც, ჩვენი ინფორმაციით, თოფები დაიკარგა... ნაფიც მსაჯულებთან ვისაუბრე იმაზეც, რომ ხარშილაძე ზურას გარდაცვალების შემდეგ გახდა მილიონერი, მიიღო თანამდებობები და სხვა პრივილეგიები. რაც მთავარია, ვთქვი, რომ ზურას აღენიშნებოდა ტუჩთან ჭრილობა და დიდი სისხლჩაქცევა. ასევე, კეფაზე ჰქონდა ნაჭრილობევი, იუსუპოვს კი - ნანემსრები. სამწუხაროდ, ზურას დაცვამ ვერ მოახერხა, ეღიარებინა, რომ საჭირო დროს დასაცავ ობიექტთან არ იყო, რითაც თანამდებობრივი გულგრილობა გამოიჩინა.
ნაფიცი მსაჯულები საკმაოდ ახალგაზრდები არიან, შესაძლოა, ბევრმა ზურას მოღვაწეობის შესახებ არაფერი იცის, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, იმ პოლიტიკური დაძაბულობის შესახებ მესაუბრა, რაც იმხანად ზურასა და სააკაშვილს შორის არსებობდა. გავიხსენე, თუ როგორ გამწვავდა 2004 წელს ცხინვალთან დაკავშირებით სიტუაცია. იმხანად ზურა ყველაფერს აკეთებდა, რომ უაზრო ომი არ წამოწყებულიყო. არსებობდა ეკონომიკური თემებიც და დიდი წინააღმდეგობა იყო... ყოფილმა ხელისუფლებამ ზურას სიკვდილის ისეთი ვერსია შეთხზა, რომ მერე მის დამსახურებებზე აღარავის ესაუბრა, შეიძლება ითქვას, მათ ზურა ამით ორჯერ მოკლეს!
- უახლოეს დღეებში სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან ხათუნა გოგორიშვილი, გია ბარამიძე, მიშა მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი...
- ნამდვილ მეგობრებს ღირებულებები აერთიანებთ, რომლის ერთგულებიც არიან. მათ ათი წლის მანძილზე ამ ღირებულებების ჩვენება ვერ მოახერხეს. სასამართლო პროცესზე მხოლოდ იმისთვის ალაპარაკდებიან, რომ კობა ხარშილაძის უფლებები დაიცვან. სხვა რა უნდა თქვან?!
- ბარამიძეს არაერთხელ უთქვამს, მართალია, ამ თემაზე დუმილს ვარჩევ, თუმცა პროკურატურასა და სასამართლოსთან ყველაფერს ვიტყვიო.
- თუ რამე ჰქონდა სათქმელი, დიდი ხნის წინ იტყოდა. როცა ზურა ცოცხალი იყო, ბარამიძე სამჯერ გადააყენეს და გადაიყვანეს სხვა თანამდებობებზე, მას ირაკლი ოქრუაშვილი დაუპირისპირდა, ბოლოს ის კორუფციაშიც დაადანაშაულეს და დაჭერას უპირებდნენ. მერე ზურამ მისთვის შექმნა ვიცე-პრემიერის თანამდებობა. ზურას გარდაცვალების შემდეგ კი ის ხელშეუხებელი გახდა, ჰქონდა გარანტირებული თანამდებობა, შემოსავალი, სტატუსი, უცხოეთში ვოიაჟების შესაძლებლობა.
- ხარშილაძემ და ძაძამიამ ის თუ დააზუსტეს, ვისი დავალებით გაიტანეს ბინიდან იუსუპოვის ცხედარი?
- ამბობენ, ცხედარი საკუთარი ინიციატივით გავიტანეთ, თუმცა შემდეგ გვიბრძანეს, უკან დაგვებრუნებინაო. საინტერესოა ისიც, რომ თავის დროზე არ დააკავეს და ცალ-ცალკე არ დაჰკითხეს ეს ორი მთავარი მოწმე. იქნებ ისინიც იყვნენ მკვლელობის თანამონაწილენი ან სულაც ცრუობდნენ? ცხადზე უცხადესია, როცა ისინი რაღაც ახალს ამბობენ, მათი ტყუილები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება...
- თქვენი შვილები უკვე დიდები არიან, როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს?
- სხვათა შორის, საკმაოდ ლოგიკურ კითხვებს სვამენ. მათ მითხრეს, პროკურატურას თუ არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები, მაშინ რატომ დაიწყებდნენ ამ საქმის ქექვასო. ჩვენს შვილებს დიდი იმედი აქვთ, რომ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.