"მანქანა ისეთი სისწრაფით მიჰყავდა, 115- კილოიანი ბავშვი 10 მეტრზე გადააგდო" - რას ყვება დაღუპული 15 წლის უშიშა ყორიაულის ოჯახი
"უცხოელ დიპლომატს იმუნიტეტი იცავს... ჯერ მაგის დროს არ გვაქვს, მიცვალებულს უნდა მივხედოთ, მერე საქმეს ბოლომდე მივყვებით"
"საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს არა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ვიცავთ?! ეგრე როგორ შეიძლება."
"ამ ტრაგედიას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ესკორტი შეესწრო... პრეზიდენტს იქ შეკრებილი ხალხისთვის უკითხვას, - რით დაგეხმაროთო?"
26 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელთან საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ავტომანქანა 15 წლის უშიშა ყორიაულს დაეჯახა. სამწუხაროდ, მოზარდი ადგილზევე დაიღუპა. ავტომობილს წარმოშობით პოლონელი დიპლომატი მართავდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლს მიმალვა არ უცდია. ავტოავარიას შემთხვევით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეესწრო, რომელიც დაშავებული მოზარდის დახმარებას ცდილობდა. თუმცა, უშედეგოდ. მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უცხოელმა დიპლომატმა საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა. როგორც ჩანს, ასეთ დროს დიპლომატის იმუნიტეტი კარგად მუშაობს, რადგან არცერთ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიებას ისინი არ დაუკავებია. ეს მაშინ, როცა აშშ-ში 1997 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქართველი დიპლომატი გიგა მახარაძე დააკავეს...
როგორ წარიმართება გამოძიება 15 წლის უშიშა ყორიაულის საქმესთან დაკავშირებით და ბრალის დადგენის შემთხვევაში პოლონელი დიპლომატი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აღმოჩნდება თუ არა, ამაზე პროგნოზირება რთულია. დაღუპული ბავშვის ოჯახი იმედოვნებს, რომ საქმეს ბოლო გამოიძიებენ და დამნაშავე დაისჯება.
"უშიშა ყველაფრით გამორჩეული, სკოლის თვალი და გული იყო" უშიშა ყორიაული თელავის რაიონ სოფელ თეთრწყლებში ცხოვრობდა. საბედისწერო დღეს დეიდაშვილ გოგონებთან ერთად ხევსურეთში მიემგზავრებოდა.
ყორიაულების ოჯახში ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებს. "კვირის პალიტრა" ბავშვის ბიძას, გელა ყორიაულს ესაუბრა:
გელა ყორიაული:
- უშიშა დეიდაშვილ გოგონებთან ერთად ხევსურეთში მიემგზავრებოდა. მისაქციელთან მიკროავტობუსი გაჩერდა. მგზავრები გადასულები იყვნენ. უშიშა დეიდაშვილებთან ერთად მაღაზიისკენ წყლის საყიდლად წავიდა. ერთი დეიდაშვილი მაღაზიაში შევიდა, ესენი გარეთ ელოდებოდნენ. გზის პირას იდგნენ, ხაზს იქით, როცა მოულოდნელად სწრაფად მომავალი მანქანა გამოჩნდა და უშიშას დაეჯახა. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ 115-კილოიანი ბავშვი 10 მეტრზე გადააგდო. ის ბავშვი, ვინც ამ უბედურებას შეესწრო, საშინელ დღეშია, ვერც ლაპარაკოს, მის თვალწინ თანშეზრდილი დეიდაშვილი მანქანამ გაიტანა... იმხელა ჯიპი დალეწილია, სწრაფად რომ არ ეტარებინა ასე დაიმტვრეოდა? სპორტსმენი ბავში იყო, მთასავით. მოჭიდავე იყო მძიმე წონაში. თებერვალში 15 წლის გახდა.
- მძღოლმა მიმალვა სცადა?
- მანქანა გაუჩერებია. მთვრალი არ ყოფილა. შეამოწმეს და ნასვამი არ იყოო.
- რას ამბობენ თვითმხილველები, ვისი ბრალი იყო?
- რა თქმა უნდა, მძღოლის ბრალი იყო. რამდენიმე თვითმხილველია, ვინც ამბობს, რომ ბავშვი ზოლს მიღმა იდგა. უშიშა ადგილზევე დაიღუპა. ოჯახს ერთი შვილი დარჩა. უშიშას და 13 წლისაა.
- როგორი ბავშვი იყო, გვიამბეთ უშიშას შესახებ...
- უშიშა ყველაფრით გამორჩეული, სკოლის თვალი და გული იყო. სასკოლო ტურებში ხშირად მონაწილეობდა, ნიჭიერი იყო. თავის ასაკთან შედარებით ზრდასრული ადამიანივით აზროვნებდა. დინჯი, დაკვირვებული, გამორჩეული ბავშვი იყო.
- დიპლომატი ოჯახს ხომ არ დაკავშირებია?
- არა, არ დაკავშირებია. დღეს უშიშას მამას პროკურორმა დაურეკა, პოლონეთის ელჩს მისამძიმრება უნდა თუ მიიღებთო. თანხმობა უთხრეს, ელჩს ვინ რას ერჩის?!
- საქმის გამოძიება მიმდინარეობს, რას ითხოვთ?
- კი, მიმდინარეობს. ჯერ არ დაუკავებიათ. დიპლომატიური იმუნიტეტი იცავსო და.. მაგისი დრო ჯერ არ გვაქვს. ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. რას ჰქვია, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს არ ვიცავთ და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ვიცავთ?! ეგრე როგორ შეიძლება. ამ გზაზე ეს უკვე მეხუთე შემთხვევა ყოფილა, რომ ამ მისიის წარმომადგენლებს ადამიანი გაუტანიათ, - გიჟივით დაჰყავთ მანქანებიო. ასე ყველას როგორ ვუჩოქებთ? მთელი ერი როგორ დავდამბლავდით ასე, რომ ყველა უცხოელს ვუჩოქებთ?
- სად ჰქონდა დაზიანებები?
- ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ ვიცით. ვიზუალურად მარჯვენა საფეთქელი აქვს დაზიანებული... ბავშვი თავის თავს არ ჰგავს. გოლიათი ბავშვი ამხელა მანძილზე მოისროლა და რა იქნებოდა ...
- ამბობენ, ავარიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეესწრო და ბავშვის დახმარებას ცდილობდაო..
- კი, მართალია. იმ დროს პრეზიდენტის ესკორტს ჩაუვლია და ამ ამბავს შესწრებია. მანქანიდან გადმოსულა და ერთადერთი შეკითხვა დაუსვამს იქ შეკრებილი ხალხისთვის - რას ითხოვთ, რითი დაგეხმაროთო? ხალხს უთქვამს, ამ საგიჟეთს მიხედეთ, ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა ამ ადგილზე უცხოელმა დიპლომატმა საქართველოს მოქალაქე გაიტანა და ეს მოაწესრიგეთო. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს...
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილი მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმხობს.
სალომე გოგოხია(სპეციალურად საიტისთვის)
პ.ს. როგორ უკვე ვთქვით, აშშ-ში, 1997 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქართველი დიპლომატი გიგა მახარაძე დააკავეს. ის 16 წლის გოგონას დაეჯახა. ამერიკა გულწრფელად აღშფოთებული იყო, რომ უცნობი ქვეყნის ახალგაზრდა დიპლომატი, შესაძლოა ამერიკული მართლმსაჯულების მიღმა აღმოჩენილიყო. პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ირიბად თუ პირდაპირ მიანიშნებდნენ იმაზე, რომ უცხოელი, განსაკუთრებით კი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დიპლომატები არად დაგიდევენ ამერიკულ კანონებსა და ტრადიციებს. იმ პერიოდში სენატის ასიგნებათა ქვეკომისიის თავმჯდომარემ და სახელმწიფო დეპარტამენტის კურატორმა ჯად გრეგმა პრეზიდენტ ბილ კლინტონს განცხადებით მიმართა და სთხოვა, შეეჩერებინა საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება - 30 მილიონი დოლარის გამოყოფა, თუ საქართველოს ხელისუფლება იმუნიტეტს არ მოუხსნიდა თავის დიპლომატს. საქმეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოურენ კრისტოფერიც კი ჩაება. მან პრეზიდენტ შევარდნაძეს სთხოვა, არ აღდგომოდა წინ მახარაძის საქმის ამერიკის სასამართლოში განხილვას და ამით დაეშოშმინებინა საზოგადოებრივი აზრი. მართლაც, საქართველოს ხელისუფლებამ ზეწოლას ვერ გაუძლო და ქვეყნის პრესტიჟი შექმნილ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა. ამ გადაწყვეტილებამ ამერიკული საზოგადოება დააკმაყოფილა, ხოლო მაძარაძეს პატიმრობა შეუფარდეს. გიგა მახარაძის ექსტრადირება ამერიკიდან 2000 წლის ზაფხულში განხორციელდა. მისი ვადამდე გათავისუფლება კი 2002 წლის 8 აპრილს მოხდა, ანუ მას შემდეგ, რაც სასჯელის ნახევარი მოიხადა.
ცნობისთვის, მანამდე 1993 წელს ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვში ქვეითად მოსიარულე გაიტანა. რუსეთის პოლიცია ამტკიცებდა, რომ დიპლომატი საჭესთან მთვრალი იჯდა, მაგრამ ამის გადამოწმების საშუალება არ მიეცა - ვაშინგტონმა საკუთარი დიპოლომატი 36 საათში ქვეყნიდან გაიწვია.