"ჩემს შვილს რომ კლავდნენ, ტელეფონით მესმოდა"
"ჩემს შვილს არაფერი ეშველება, მაგრამ სიმართლე უნდა გაირკვეს!"
თბილისის საქალაქო სასამართლო 18 წლის გაბრიელ (ბეგი) მამალაძის მკვლელობაში ბრალდებულ როინ ქარდავას განაჩენს ამ დღეებში გამოუტანს. ტრაგედია 25 მაისს, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონში დატრიალდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მას ორი ახალგაზრდა დაესხა თავს, მაგრამ მხოლოდ 19 წლის როინ ქარდავას წაუყენეს განზრახ მკვლელობისთვის ბრალი.
მარიკა ზედელაშვილი, ბეგის დედა:
- გამოძიება ცდილობს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი გასამართლდეს, მეორე კი დაუსჯელი დარჩეს. წარმოიდგინეთ, ჩემს შვილს რომ კლავდნენ, ტელეფონით მესმოდა. ბეგის უნდოდა მეგობრისთვის 30 ლარი მიეცა და მკითხა, დედა, ფული სად არისო, ამ დროს დაესხნენ თავს ქუჩაში მიმავალს. გაკოჭეს და წამებში მომიკლეს შვილი. გამომძიებელი მეუბნებოდა, ექსპერტიზას ველოდები და მასალებს მერე გაგაცნობთო. 10 დღე იყო დარჩენილი საქმის სასამართლოში გადაცემამდე, რომ დამირეკა, შეგიძლიათ, მასალებს გაეცნოთო. ბევრი კითხვა გამიჩნდა, მაგრამ მითხრეს, გამომძიებელი შვებულებაშია, დრო არ ითმენს, ხელი უნდა მოაწეროთ დადგენილებას და სასამართლოში გაირკვევა ყველაფერიო. ამ იმედით დოკუმენტებს ხელი მოვაწერე და ახლა ფაქტის წინაშე დავდექი. ჩემი შვილის მკვლელის პროცესები ისე წარიმართა, არც კი უცნობებიათ. ქარდავას თანამზრახველი იყო ლაშა ტუხაშვილი, მისი ნათლული. ჩვენებაში ქარდავა წერს: ჯიბეში "კნოპკიანი" დანა ჩავიდე, დავურეკე ჩემს ნათლულს და ბეგის მოსაძებნად წავედითო... დახვდნენ ქუჩაში და მომიკლეს. ორივემ გაკოჭა ჩემი შვილი. ამას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. ბეგის ერთ ხელზე ქარდავას დნმ-ის კვალია, მეორეზე - უცხო მამაკაცის. თუმცა, არ დაუდგენიათ, ვინ არის ის. რამდენი ხანია ვითხოვ, ჩაუტარდეს ექსპერტიზა ტუხაშვილს, მაგრამ...
- რატომ?
- მითხრეს, ოქროს მოწმეა, ის ამხელს ქარდავას და თუ ჩვენება შეცვალა, შეიძლება მკვლელმა თავი დაიძვრინოსო. ტუხაშვილს ვიღაც მფარველობს. ეჭვის საფუძველიც მაქვს - ამ საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი მისი მოსახელე და მოგვარე ლაშა ტუხაშვილი იყო. ბეგის ორი ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული. მოკლეს და გაიქცნენ. პირველ პროცესზე მივედით. გადაიდო და გვითხრეს, შეგატყობინებთ თარიღსო, მაგრამ არც კი დარეკეს. მერე გვითხრეს, პროცესი უკვე ჩავატარეთ და იმიტომ არ შეგატყობინეთ, რომ მოწმე ხართ და სარკმელიდან ხომ არ გაყურებინებდით პროცესსო(?!). ჩემს შვილს არაფერი ეშველება, მაგრამ სიმართლე უნდა გაირკვეს! სახეზეა ჯგუფური განზრახ მკვლელობა. ჩაატარონ ექსპერტიზა, იყო თუ არა ჩემი შვილის სხეულზე ტუხაშვილის დნმ-ი.
- მკვლელობის მოტივი დადგინდა?
- მკვლელობის წინადღეს ბეგის ბოლო ზარი ჰქონდა... მერე მეგობარ დათო კირვალიძესთან ერთად დაურეკა გოგონებს, რომლებიც, სხვა ბიჭებთან ერთად, ბარში იყვნენ პეროვსკაიაზე. იქ მოხდა კონფლიქტი ქარდავასა და ჩემს შვილს შორის, მეორე დღეს კი ქარდავამ თავის ნათლულს დაურეკა და ბეგიზე შური იძია. ქარდავა თან ნასამართლევი იყო. მოვითხოვ, პროკურატურამ დამნაშავეები საკადრისად დასაჯოს!
თეა ხურცილავა
იხილეთ ასევე: "ნეტავ შემდეგ რა იქნება? ალბათ, დანას გამიყრიან" - მართლაც დანით მოკლეს...