"არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გავისროლე, არაფერი მახსოვსო" - ორმაგი მკვლელობა პაპისეული თოფით
"ოჯახი მალავდა, სანდროს ფსიქიკური პრობლემები რომ ჰქონდა"
გალავანზე ასულა და იქიდან უსვრია საპირფარეშოში მიმავალი გოგოსთვის. ამის მერე გაუნძრევლად იჯდა და როცა გარეთ გამოსული სხვა პოლიციელი დაინახა, ახლა იმას ესროლა. შემდეგ მშვიდად ჩამოსულა გალავნიდან და შინ შესულა, გაქცევაც კი არ უცდია. არც იქ მისულ პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა
2015 წლის ბოლოს ბოროტმოქმედის ტყვიას ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემზარავი ტრაგედია 30 დეკემბერს თელავში, საპატრულო პოლიციის ეზოში მოხდა. იმ დილით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სამსახურში ჩვეულებრივ მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი მეწყვილესთან ერთად საპატრულო მანქანით ქუჩაში უნდა გასულიყო. ის ეზოში გამოვიდა და მოულოდნელად გასროლის ხმაც გაისმა. გოგონა მიწაზე მოწყვეტით დაეცა. პოლიციის თანამშრომლებს ეგონათ, ბავშვებმა საახალწლო შუშხუნა ააფეთქეს - ვინ წარმოიდგენდა, რომ მათ კოლეგას პოლიციის ეზოში ტყვიას ესროდნენ! პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი დაჭრილი კოლეგისკენ გაიქცა და ამ დროს მეორე გასროლაც გაისმა. ამჯერად დამნაშავემ დაჭრილის საშველად მისულს დამიზნებით ესროლა. შენობიდან პოლიციელები გამოცვივდნენ. გელამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ გვერდით ეზოდან ისროლეს.
დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში წაიყვანეს. 49 წლის გელა ლამაზოშვილი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. 35 წლის მაია ჯავახიშვილი სიკვდილს ებრძოდა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაჭრილის გადასარჩენად თბილისიდან ექიმები ვერტმფრენით ჩაიყვანა, მაგრამ ამაოდ - მაია ჯავახიშვილი მეორე დილას გარდაიცვალა.
ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის სანდრო მეტრეველი დააკავეს. ბრალდებული პოლიციის გვერდით ცხოვრობს - მის სახლსა და პოლიციის შენობას ერთი გალავანი აქვს. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღეს, რომელიც სანდრო მეტრეველის დიდ პაპას ეკუთვნოდა და ოჯახის რელიკვია იყო. მეზობლები ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ.
- ბიჭები "ბირჟაზე" ვიდექით, გასროლის ხმა რომ გაისმა. თავიდან ასაფეთქებელი გვეგონა... როცა დავინახეთ, როგორ შეცვივდნენ პოლიციელები მეტრეველის სახლში, მივხვდით, რაღაც საშინელება მოხდა და ჩვენც იქით გავიქეცით. ჭიშკარს რომ მივადექით, სანდრო უკვე ხელბორკილით გამოჰყავდათ. გაოგნებული ვართ, ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა და კონფლიქტური არასდროს ყოფილა. არც ის ვიცოდით, ფსიქიკური პრობლემები თუ ჰქონდა. არაფერი შეგვიმჩნევია, არც აგრესიული გვინახავს. პაპამისი ცნობილი მეღვინე იყო. ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, ვერ აგვიხსნია, რატომ დახოცა პოლიციელები, - მითხრა მეზობელმა. ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მას მკურნალობდნენ.
ალექსანდრე შათირიშვილი, თელავის გამგებელი:
- გელა ლამაზოშვილი სოფელ აკურაში ცხოვრობდა. წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციაში მსახურობდა და ყველა პატივს სცემდა... მაია თელაველია, 5-6 წელია, რაც საპატრულო სამსახურში დაიწყო მუშაობა... მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ოჯახი მალავდა. სანდროს კლასელებმა, მეგობრებმა, მეზობლებმაც კი არ იცოდნენ, რომ ავად იყო. სანდრო მორაგბეა და ფიზიკურად ძლიერია. წლებია, ვარჯიშობს... როგორც ამბობენ, დიდი ხანი არ არის, რაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მეტრეველების სახლში ინახებოდა პაპისეული იარაღი და იმ თოფით დახოცა პოლიციელები. გალავანზე ასულა და იქიდან უსვრია საპირფარეშოში მიმავალი გოგოსთვის. ამის მერე გაუნძრევლად იჯდა და როცა გარეთ გამოსული სხვა პოლიციელი დაინახა, ახლა იმას ესროლა. მერე მშვიდად ჩამოსულა გალავნიდან და შინ შესულა. გაქცევა არ უცდია. არც იქ მისულ პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა. მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა - არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გავისროლე, არაფერი მახსოვსო.
სანდროს პოლიციელებთან არასოდეს ჰქონია კონფლიქტი, არც მანქანა ჰყავს, რომ საპატრულო პოლიციასთან პრობლემები შეჰქმნოდა. ტრაგედიის დროს შინ არავინ იყო. დედა ამბობს, წინა ღამეს ჩვეულებრივ დაიძინა, აღელვება არ შემიმჩნევია, დილით სამსახურში რომ წავედი, მძინარე დავტოვე, მერე რა მოხდა, არ ვიციო.
გელა ლამაზოშვილს ქალ-ვაჟი ჰყავს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და იქ შეიტყვეს მომხდარი.
ოთარ ხატიაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ აკურაში: - გელა სოფელში ყველას უყვარდა. კეთილი ადამიანი იყო, უსიამოვნება არავისთან ჰქონია. თბილი, მოსიყვარულე, ყველას გვერდში ედგა.
დოდო ზაკალაშვილი, გელას კლასელი: - შემძრა გელას სიკვდილმა. ვერ ამიხსნია, რატომ ესროლეს. კარგი ადამიანი იყო, კეთილი. ვინც მას იცნობდა, ყველა ძალიან დამწუხრებულია...
მაია ჯავახიშვილი თელავში, მშობლებთან ცხოვრობდა.
- ძალიან განვიცდით მაიას დაღუპვას. სულისშემძვრელია მაიას მამის გოდება. ჯერ მაშინ უნდა გენახათ, რა დღეში იყო, როცა მომაკვდავი შვილი საავადმყოფოში ეწვა. ბღაოდა. ვამშვიდებდით, გადარჩებაო, მაგრამ მერე გაგვიჭირდა სანუგეშო სიტყვების მოძებნა. ოჯახი განადგურებულია. ძალიან კარგი შვილი დაკარგეს. ვერ ამიხსნია, როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ, - მითხრა ჯავახიშვილების მეზობელმა.
ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას ექიმები შეისწავლიან და გამოძიება დაადგენს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი. მომხდარის გამო თელავში დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა.
თეა ხურცილავა