ორმაგი მკვლელობა ერთი იარაღითაა ჩადენილი - კატალონიაში 2 ქართველი მოკლეს - კვირის პალიტრა

ორმაგი მკვლელობა ერთი იარაღითაა ჩადენილი - კატალონიაში 2 ქართველი მოკლეს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარსელონასთან მდებარე ქალაქ ტერასაში 4 იანვარს ნაპოვნი 2 ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა და ისინი ქართველები არიან, თუმცა საქართველოს საგარეო უწყება ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს. ინფორმაციას კატალონიური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. ტერასაში მოკლული პირები 31 და 46 წლის მამაკაცები არიან.

ორი გარდაცვლილი ადამიანი ქალაქ ტერასაში, ერთ-ერთ ბინაში ორშაბათს იპოვეს. ორივე მათგანს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილობრივ მედიაში მალევე გაჟონა ინფორმაციამ, რომ მოკლულები უცხოელები, სავარაუდოდ კი, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა სამი მამაკაცი, სავარაუდოდ, ასევე ეთნიკურად ქართველები, რომლებიც მკვლელობისას იმავე ბინაში იმყოფებოდნენ, თუმცა მომხდარის შემდეგ, დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი მკვლელობის თვითმხილველები იყვნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, პოლიცია ეჭვობს, რომ ისინი შესაძლოა დანაშაულის თანამზრახველებიც არიან.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ორმაგი მკვლელობა ერთი იარაღითაა ჩადენილი, შესაბამისად, პოლიცია ერთ მკვლელს ეძებს, რომელმაც მიმალვა მოახერხა.

დანაშაული 4 იანვარს, სავარაუდიდ, საღამოს 6 საათზე მოხდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ქუჩა, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, მეტად წყნარი და უხმაუროა.

წყარო