რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც 17 იანვარს, პოლიციის მიერ მისი დევნის ოპერაციისას, თავი მოიკლა. (ფოტოზე: ბიძინა კუჭავა)
შეგახსენებთ, პროკურორი, რომლიც შინიდან 13 იანვარს გავიდა სახლიდან და შინ აღარ დაბრუნებულა, 16 იანვარს თბილისში მოკლული იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული. მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს ინფორმაციითვე, ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა მისმა ძმამ, ელდარ ქირიამ: "ზუსტად ვერაფერს გეტყვით, გამოძება მიმდინარეობს და მოტივიც მაშინ გამოიკვეთება და სხვა დეტალებიც".
"კვირის პალიტრის" არქივში ვიპოვეთ სტატია, რომელიც ორ ძალიან გახმაურებულ მკვლელობას შეეხება, რომელთაგან ერთ-ერთის სასამართლო პროცესზე ბიძინა კუჭავას, როგორც აზარტული მოთამაშის გვარ-სახელიც იყო ნახსენები.
2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა, - 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.
თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ, მკვლელს ნინუები იცნობდნენ, საკუთარი ხელით გაუღეს კარი და სახლშიც შეიყვანეს.
როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა. როგორც წესი, დანაშაულის გასახსნელად ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხელ კვალზე მაძებარი ძაღლის მეშვეობით გასვლაა. ამ შემთხვევაში ძაღლის გამოყენება ძალოვნებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა... გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომელბზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა.
მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა დღემდე არ უღიარებია.
სოწრედ მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ამოტვტივდა კიდევ ერთი 2007 წელს ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ, ვაკეში მომხდარი გოჩა მაღალდაძის მკვლელობა, რომელიც აზარტული მოთამაშე იყო.
მკითხველს გაუჩნდება ალბათ კითხვა, რა შუაში იყო აზარტული მოთამაშე ამ შემზარავ მკვლელობებთან. საქმე ისაა, რომ 2007 წელს თბილისში, ვაკეში მომხდარი გოჩა მაღალთაძის მკვლელობისა და ნინუების მკვლელობის ხელწერა იდენტური იყო. მაღალდაძის სხეულიდანაც სწორედ ის უიშვიათესი მასრა ამოიღეს, რაც ნინუებთან და ვერც იქ იპოვეს იარაღი. ოთახშიც ანალოგიური სურათი იყო - ყველგან დაფქული წიწაკა მოყრილი და ელექტროგამათბობელი ჩართული (?!). მაღალთაძესაც სასიკვდილო ტყვია საფეთქელთან ჰქონდა ნასროლი. მაღალთაძის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და უცნობია მისი მკვლელობის მიზეზიც.
გოგიას სასამართლო პროცესზე მეტად საყურადღებო იყო ერთ-ერთი მოქალაქის ვაჟა ნუცუბიძის დაკითხვა, მას არ დაუმალავს, რომ აზარტული მოთამაშეა და რომ პირველი კაზინო თბილისში მან გახსნა.
"გოჩა მაღალთაძე მოთამაშე იყო. ამ ვითარებაში გავიცანი და საქმეშიც ერთად ვიყავით. კაზინო ჰქონდა გუგულასთან ერთად.... ბიძინა კუჭავას 50. 000 დოლარი და მერაბ ჟორდანიას 69. 000 მოუგო. ჟორდანიამ შემოთვალა, რომ თურქეთის ვალში "გაარასხოდა". კუჭავა დაიკარგა, მერე თქვა, რომ ისევ ითამაშა გოჩასთან და მოუგო. ეს რომ ასე ყოფილიყო, მეცოდინებოდა. კუჭავას ეს ფული მისატანი აქვს მის ოჯახში... 2007 წლის მაისში გოჩა ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული ვიპოვე...
მეუღლე ეძებდა, ჯერ კაზინო "აჭარაში", მერე მის ნაქირავებ ბინაში მივედი, შემთხვევით ხელი გავკარი კარებს და გაიღო. სააბაზანოსთან გოჩა დასისხლიანებული ეგდო, თავიდან მკვლელობაზე არც მიფიქრია, ვიფიქრე, თავი რაღაცას დაარტყა-მეთქი. მერე შევნიშნე, რომ საფეთქელთან ჰქონდა წერტილი. ცოლს და ყველა ახლობელს დავურეკე. გოჩა მოთამაშე იყო, მაგრამ არავინ გაუმწარებია. ძალიან კარგი ადამიანი იყო. დღემდე სულ მაგას ვფიქრობ, ვინ მოკლა, ვერ წარმოვიდგენ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. სამორინეები რომ დაიხურა, მერე "მაზავშიკობდა". დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს,"- განაცხადა ნუცუბიძემ" - ვკითხულობთ "კვირის პალიტრის" საარქივო სტატიაში.