ვის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას თამაზ თამაზაშვილის ყოფილი თანასაკნელი?!
რატომ დაიბარეს პროკურატურაში მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პატიმარი, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიდა
"66-ე საკანში ვისხედით მე, თამაზაშვილი და თორნიკე მოლაშვილი"
რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა 260-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაული) გასამართლებული ვუგარ ალიევი?! ვინ უშუამდგომლა მას გიორგი მარგველაშვილთან?! დაეხმარა თუ არა ვუგარ ალიევს თამაზ თამაზაშვილი?! ამის შესახებ ვუგარ ალიევი ექსკლუზიურად გვესაუბრა. ის ახლახან პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა.
შეგახსენებთ, "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: "პროკურატურამ საქმე თამაზაშვილის და ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრა?" ნანა კაკაბაძე აცხადებდა, რომ პროკურატურა დაინტერესდა, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა საკუთარი ცოლისძმა და ერთ-ერთი ნარკორეალიზატორი... რედაქციაში ყოფილი პატიმარი ვუგარ ალიევი გვესტუმრა და განაცხადა: "მე არ ვარ ნარკორეალიზატორი!"
- ნანა კაკაბაძეს არ უთქვამს, ვის გულისხმობდა. რატომ ჩათვალეთ, რომ თქვენზე ლაპარაკობდა?
- იმიტომ, რომ მე ვიჯექი თამაზაშვილის საკანში.
- სტატიაში არც ეს თქმულა...
- რა მნიშვნელობა აქვს, მივხვდი, რომ ჩემზე იყო საუბარი.
- რისთვის იხდიდით სასჯელს და რატომ შეგიწყალათ პრეზიდენტმა?
- 2009 წლის 22 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილისა და ერეკლე კოდუას ბრძანებით დამაკავეს. ადრე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ვიყავი და ზემდგომებთან ინფორმაცია მივიტანე, რომ მარნეულში კუდ-ის ყოფილი უფროსი და სოდ-ის თანამშრომელი ნარკორეალიზატორებისგან ფულს იღებდნენ. ეს არ მოეწონათ.
"ბარიგას" დაჭერა რომ მინდოდა, ზემოდან მირეკავდნენ, თავი დაანებე, ჩვენი კაციაო. ერთი-ორჯერ "მოდულშიც" დამიბარეს. კოდუას მოადგილე და მარნეულის სოდ-ის ყოფილი უფროსი დამემუქრნენ, თუ არ გაჩერდები, "კისლატას" გადაგასხამთ და შენგან ძვალიც არ დარჩებაო. ერთ კვირაში კი მანქანაში 3 გრამი ჰეროინი ჩამიდეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დამაკავეს. გასამართლებული ვარ თაღლითობისა და ქრთამის აღების ბრალდებითაც. მერე ყველა სასჯელი შემიკრიბეს და 27 წელი მომისაჯეს.
- დაზარალებული გეჯიაელ ალახვერდიევი ვინ არის, რომელიც თქვენი შეწყალების წინააღმდეგი იყო?
- ნარკორეალიზატორია. ის და მისი ორი ბიჭი მე დავიჭირე. პროკურატურა მედავებოდა, თითქოს ერთხელ ალახვერდიევისგან ქრთამი ავიღე. მსგავსი არ ყოფილა. ის მერაბიშვილისა და კოდუას პირველი "ნასედკა" იყო. მას არ უნდოდა, ამნისტია შემხებოდა.
- და ციხეში თქვენი თანამესაკნე აღმოჩნდა თამაზ თამაზაშვილი?
- დიახ, მე-8 საპყრობილის 66-ე საკანში ვისხედით მე, თამაზ თამაზაშვილი და თორნიკე მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმა. მერე თორნიკე სხვაგან გადაიყვანეს და მე და თამაზაშვილი დავრჩით. მე-8 საპყრობილეში მაშინდელი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მოდიოდა ხოლმე, ციხის დირექტორს დავით ხუჭუას კი კაბინეტში ავყავდი. კალმახელიძე მეკითხებოდა, აბა, მითხარი, თამაზაშვილი რას ამბობს, "ოცნება" ხელისუფლებაში მოვა თუ არა, ან ამ ხნის განმავლობაში ივანიშვილთან ან ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა თუ არაო... მერე ოლეგ ფაცაციამ ამიყვანა ხუჭუას კაბინეტში.
დამავალეს, თამაზაშვილისთვის (როცა ის სააბაზანოში იქნებოდა) ტელეფონი ჩამედო. ჩხრეკა რომ ჩატარდებოდა, მე უნდა მეთქვა, თითქოს ლექსო თამაზაშვილმა მოისყიდა
ციხის თანამშრომელი მათე ელბაქიძე და მისი ხელით ტელეფონი შემოუგზავნა თამაზ თამაზაშვილს. ბატონ თამაზზე დამატებით საქმეს აღძრავდნენ და ცხადია, მათე ელბაქიძეც დაისჯებოდა. უარი განვაცხადე, რის გამოც მორგში გამიყვანეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მაწამებდნენ. კბილებიც ჩამიმტვრიეს... ტანჯვას ვერ გავუძელი და რეჟიმის უფროსს შევუთვალე, ყველაფერზე თანახმა ვარ-მეთქი... შემდეგ თამაზაშვილის მოკვლა შემიკვეთეს - მომცეს აბები, რომლებიც მისთვის ორი კვირის განმავლობაში ჩაიში უნდა ჩამეყარა. მეუბნებოდნენ, თამაზაშვილს სამ თვეში ღვიძლი დაეშლება და მოკვდებაო. აბები ტუალეტში ჩავყარე... ამასობაში ხელისუფლებაც შეიცვალა და მალე გამათავისუფლეს.
- თამაზაშვილი გათავისუფლებაში დაგეხმარათ?
- არა, ჩემს გათავისუფლებასთან მას კავშირი არა აქვს, ალეკო ელისაშვილს კი არც ვიცნობ. რატომ დააკავშირეს ჩემი შეწყალების ამბებთან, არ ვიცი.
- მაშინ ელისაშვილი იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე...
- მაგრამ მე შეწყალების კომისიის სიაში არავის შევუყვანივარ.
- მაშ, ვინ გიშუამდგომლათ პრეზიდენტთან, რომელმაც შეგიწყალათ?
- მე მივმართე. წერილი გადავეცი სოცსამსახურის უფროსს და ციხემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა...
- გიორგი მარგველაშვილმა რატომ შეგიწყალათ?
- მხოლოდ 6 წელი მაპატია. პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, ბოლნისის სასამართლომ სასჯელი მანამდე შემიმსუბუქა. დამრჩა მხოლოდ 6 წელი, ვინაიდან 4 წელი მოხდილი მქონდა. მარგველაშვილმა კი, საკუთარი გადაწყვეტილებით, 2013 წლის 25 დეკემბერს შემიწყალა.
- ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 27 წლის ნაცვლად სასჯელად 20 წელი, ერთი თვე და 15 დღე განგესაზღვრათ... ამას თუ 4 წელიწადს გამოვაკლებთ, რაც უკვე მოხდილი გქონდათ, 16-წლიანი სასჯელი გრჩებათ...
- არა!... სხვა განაჩენიც არის (რას გულისხმობს, აღარ დააზუსტა. - ე.ა). აბა, ნარკორეალიზატორობას რომ მაბრალებდნენ, ეს სწორია?! საჩივარი დავწერე...
- გათავისუფლების მერე თამაზაშვილთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
- როგორ არა! ის ჩემი ციხის მეგობარია, ვურეკავ ხოლმე, დღესასწაულებს ვულოცავ. სულ ეს არის...
P.S. ინტერვიუ ჩაწერილი გვქონდა, როცა ვუგარ ალიევმა შეგვატყობინა, რომ პროკურატურამ დაკითხვაზე სწორედ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა.
- ახლა პროკურატურაში მისვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ რამდენიმე დღეში აუცილებლად მივალ და ყველა კითხვას ვუპასუხებ, - განაცხადა მან.
ჩანს, ამ ამბავს გაგრძელება ექნება...
"მივხვდი, ალიევი აგენტი იყო"
"კვირის პალიტრის" 2013 წლის 22 აპრილის ნომერში პოლიციის პოლკოვნიკი თორნიკე მოლაშვილი იხსენებს: "66-ე საკანში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ვუგარ ალიევი დამხვდა. ოპერატიულ სამსახურში ვმუშაობდი და მისი გაშიფვრა არ გამჭირვებია. მივხვდი, აგენტი იყო... შემდეგ საკანში თამაზ თამაზაშვილიც ამოიყვანეს და სამივე ერთად ხუთი თვე ვიყავით. ხშირად ალიევი თავს მოიმძინარებდა, მე და თამაზი კი წერილობით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მერე ალიევის ნდობის მოპოვება გადავწყვიტეთ - ვამხნევებდით, ვაქებდით, ფაქტობრივად, მოვახერხეთ მისი გადმობირება. მერე გვითხრა, რასაც სთავაზობდნენ..."
"კვირის პალიტრა" თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდა.
- თქვენ ვუგარ ალიევს აგენტი და ნარკორეალიზატორი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიწყალა ის პრეზიდენტმა?
- რა გითხრათ... რატომ შეიწყალეს ან ვინ დაეხმარა, არ ვიცი.
- შეიძლებოდა, რომ მას თამაზ თამაზაშვილი დახმარებოდა?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით...
ჩვენ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა ამაოდ...