"უდესიანი პარიზში დავაფიცოთ ხატზე?!" - რას ამბობენ ბესიკ ხარძიანის შვილები?
პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. თუმცა, მკვლელობის შემკვეთი და მოტივი ჯერ უცნობია.
მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ დამეტოვი და რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი. პროკურატურამ ბრალდებულებს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი და მათი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ბესო ხარძიანი: "მამა მეუბნებოდა, თუ ოდესმე საფრთხე დამემუქრება, ეს უდესიანი-ქურასბედიანის ხელით მოხდებაო"
ბიზნესმენის ვაჟი ბესო ხარძიანი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის მოტივი ე.წ. კუს ტბის საქმეა, დამკვეთები კი მამის ყოფილი ბიზნესპარტნიორები, გია უდესიანი და რეზო ქურასბედიანი არიან.
ბესო ხარძიანი, ბესიკ ხარძიანის ვაჟი: - მამა მეუბნებოდა, თუ ოდესმე საფრთხე დამემუქრება, ეს უდესიანი-ქურასბედიანის ხელით მოხდებაო. მკვლელობის მოტივი გახლავთ კუს ტბა, რაზეც ისინი დაობდნენ. ეს ქონება ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, მაგრამ მის უკან დგანან უდესიანი და ქურასბედიანი. შესაძლოა, მათ იფიქრეს, ქონებას მაინც ვკარგავთო და შურისძიების მოტივით დაუკვეთეს მკვლელობა... უდესიანი ხატზე დაფიცებაზე რომ ლაპარაკობს, სად წავიდეთ, პარიზში დავაფიცოთ ხატზე, თუ რა ვქნათ?! მაგან შეიძლება ხატზე ტყუილად დაფიცებაც იკადროს.
- არსებობს ვერსია, თითქოს დამკვეთის კვალი უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნებისკენ მიდის...
- თუ ეს პოლიტიკური მოტივი იყო, უდესიანიც მათი გუნდის წევრი გახლდათ. მიმაჩნია, რომ მკვლელობის მოტივი კუს ტბაა... ვიდეოფირი, რომელიც უდესიანმა წარმოადგინა, უფრო ვრცელია, მაგრამ ფაბრიკაცია მათი ხელობაა და როგორც უნდოდათ, ისე დაამონტაჟეს... სხვათა შორის, როცა მამამ კუს ტბის საქმეზე პირველ ინსტანციაში საქმე მოიგო, უდესიანებმა მაშინაც წარმოადგინეს ეს ფირი და სწორედ მისი მეშვეობით მოიგო მამამ საქმე...
- თქვენი ნახევარძმა მიშა ხარძიანი დედათქვენს სდებს ბრალს...
- ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია, ამიტომ რამის თქმას არ ვაპირებ. არც ერთ ოჯახის წევრთან სადავო და გასაყოფი არასდროს არაფერი მქონია და არც მექნება.
მიშა ხარძიანი: "ეჭვი მაქვს მამაჩემის მეუღლეზე"...
მიშა ხარძიანი, ბესიკ ხარძიანის ვაჟი: - საქმე გახსნილად გამოაცხადეს, სასამართლოს გადასცეს და აჩვენეს რაღაც ვიდეომასალა, რომელიც დადგმულ ფილმს ჰგავს. ვიმეორებ, მე ეჭვი მაქვს მის მეუღლეზე, ეკა ნონიკაშვილზე. საქმე გვაქვს ქონების დაუფლების მიზნით ჩადენილ მკვლელობასთან. ამბიციური ქალია, უნდოდა, ყველა მის სიტყვას დამორჩილებოდა და მთელი ქონება მის სახელზე ყოფილიყო (ქონება მამას სახელზე იყო გაფორმებული და ის იყო ერთადერთი განმკარგავი). რისთვის უნდა მოეკლა გია უდესიანს მამაჩემი? კუს ტბის თემა ხომ ისევ განსახილველია და პროცესი გრძელდება, რომელსაც მემკვიდრეები ან მოვიგებთ, ან წავაგებთ...
- რატომ იცავთ უდესიანს?
- მე არავის ვიცავ, სიმართლე ვიცი და მეტი მაინტერესებს... მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. სადაც მე წამლის ჩადებით და ავტოკატასტროფაში მოკვლით მემუქრებოდა, მისგან მოულოდნელი არაფერია.
- რატომ გემუქრებოდათ?
- როცა მამა დააპატიმრეს, მასთან არავის უშვებდა. შესვლა მინდოდა და მაშინ დამემუქრა...
ნატო უდესიანი: "ბესო ხარძიანი თავისი ვერსიით ოჯახის სირცხვილს ფარავს"
ნატო უდესიანი, გია უდესიანის და: - ვფიქრობ, ბესო ხარძიანი თავისი ვერსიით ოჯახის სირცხვილს ფარავს; ცდილობს, დამალოს, რომ ქალბატონ ეკას ქონების დაპატრონება სურდა. მათი ქონება დაყადაღებულია და მემკვიდრე მხოლოდ ეკა ნონიკაშვილია. ასე "უპრაგონოდ" გიასთვის ხელის დადებით საკუთარ სირცხვილს მალავენ...
ნანა ფიცხელაური