"დანა ამოიღო და დათოს რამდენჯერმე დაარტყა"
რამდენიმე დღის წინ, გორში კიდევ ერთი კამათი მკვლელობით დასრულდა. გორში, სამართალდამცველებმა, მომხდარი ფაქტი ოპერატიულად გახსნეს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ილია გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი, ასევე წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი დათო ს. გორის ერთ-ერთ რესტორანში, ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც დაიწყო კამათი. მომხდარის დეტალებზე თვითმხილველი გვესაუბრება:
- დათომ, რომელსაც ახლობლები "ჯუნგლას" ვეძახით, იმ დღეს ახლობლის შვილი მონათლა. ნათლობის რიტუალის შემდეგ, სუფრა, გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" გაიშალა. ჩვეულებრივი ქართული ქეიფი იყო, მაგრამ ცოტა ხანში დათოს იმავე სუფრაზე მჯდომ მამაკაცთან მოუვიდა კამათი. არ ვიცით, კონკრეტულად რა მოხდა და შელაპარაკების მიზეზი რა იყო. დათოც და ისიც ნასვამები იყვნენ...
- რესტორანს დაცვა არ ჰყავს კონფლიქტში დროულად რომ ჩარეულიყვნენ?
- ჰყავს, მაგრამ რესტორანში საქმე ისე არ გამწვავებულა, რომ დაცვის გამოძახება გამხდარიყო საჭირო. ცოტა ხანში დავიშალეთ და სახლებისკენ დავიძარით. გზაზე დათოს მანქანა გააჩერს. ის ჩვენს წინ მიმავალ მანქანაში იჯდა. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ის ბიჭები იქნებოდნენ რესტორნიდან, მანქანიდან გადმოვიდნენ და იქაც კამათი დაიწყო, ისინი რამდენიმე იყვნენ... ვიდრე ჩვენი ახლობლებიც გადმოვიდოდნენ მანქანიდან, იმ კაცმა დანა ამოიღო და დათოს რამდენჯერმე დაარტყა. დათო ჯერ მანქანის კარს ჩამოეკიდა, შემდეგ წაიქცა. დათო საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ექიმების თქმით, ის დააშაულის ადგილზევე გარდაიცვალა.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)