"როგორც მითხრეს, 400 ევროდ გამყიდა" - ქართველთა რა დანაშაულებრივი ქსელი მოქმედებს თურქეთში (ექსკლუზივი)
"ბევრჯერ მსმენია, ქართველები მოკლულ ქართველებს მარხავენ ან ზღვაში აგდებენო"
"კვირის პალიტრა" აქამდეც არაერთხელ გამოხმაურებია თურქეთში არალეგალურად მყოფი ქართველების პრობლემებს, თუმცა ის, რასაც ბატონი კაკო (გვარს მისივე სურვილით არ ვაკონკრეტებთ) გვიყვება, ალბათ, მხოლოდ საზოგადოებრივ სივრცეში არ უნდა დარჩეს და შესაძლო დანაშაულებრივი სქემის დადგენით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ. მითუმეტეს, რომ ბატონი კაკო კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობისთვისაც მზადყოფნას გამოთქვამს:
- თურქეთში 2010 წლის 15 მარტს წავედი. როგორც ქართული ოჯახების უმრავლესობას, ფინანსური პრობლემები შემექმნა, ვალებიც დამედო და მცირეწლოვანი შვილების გამოკვებაც მიჭირდა... მითხრეს, წყალტუბოში ნინო ასათიანს დაუკავშირდი, ის თურქეთში სამსახურს გაპოვნინებსო. მეორე დღესვე წყალტუბოში წავედი და ასათიანს შევხვდი. ეს ქალბატონი დამპირდა, ტყეში იმუშავებ, ხის მასალებზე მუშაობა მოგიწევს, მართალია მძიმე სამუშაოა, მაგრამ კარგი პირობებია -საკვებიც გექნება და სითბოშიც იცხოვრებო. ღამის პირველ საათზე აქსარაიდან ტყეში წამიყვანეს, ადგილზე დილის ოთხ საათზე მივედით. კარავი გვანახეს, რომელ გათბობაზეა ლაპარაკი, შიგნით ძაღლი იწვა. სიტყვებით შეუძლებელია იქ არსებული გარემოს აღწერა, ჩემ ბედს ვწყევლიდი, სიბრაზისგან ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ჩემთან ერთად მყოფ გორელ ბიჭს ვთხოვე, ჰკითხე ამ თურქ დამსაქმებელს, ასეთ პირობებს ხომ არ შეგვპირებია-მეთქი? ამ კითხვამ თურქი გააღიზიანა და მოაყოლა - პირობები კი არა, ხელფასიც თუ გადაგიხადე, მადლობა მითხარიო. იქვე ახლოს ნაჯახი ეგდო, სწრაფად დავავლე ხელი და დავემუქრე, ახლა მე აქედან წავალ და თუ ხელს შემიშლით ამ ნაჯახით აგკუწავთ-მეთქი. მოვტრიალდი და გამოვიქეცი. არ ვიცი როგორ მოვახერხე, სტამბოლში დავბრუნდი. რამდენიმე დღე მშიერი და მწყურვალი ქუჩაში ვხეტიალობდი, სამსახურს ვეძებდი.
- ნინო ასათიანთან დაკავშირება არ გიცდიათ?
- ნინო ასათიანს მოგვიანებით დავუკავშირდი, რატომ გამყიდე-მეთქი. როგორც მითხრეს, 400 ევროდ გამყიდა. ჩხუბი დამიწყო, რატომ გამოიქეცი, გემუშავაო. ასეთ ადამიანს რაზე უნდა ველაპარაკო?! როგორც იქნა სამსახურიც ვიპოვე, კარგი უფროსი მყავდა, ხელოსანი ვარ და სხვადასხვა ობიექტზე რემონტს მიკვეთავდა. როგორც ხდება ხოლმე, სტამბოლში ბევრი ქართველი გავიცანი, ვიღაცებსაც დავუახლოვდი და იქ არსებულ დანაშაულებრივ სქემებზეც ბევრი რამ შევიტყვე. ყველა მათგანზე ინფორმაცია მაქვს და დაინტერესების შემთხვევაში სამართალდამცავებს დეტალებს მოვუყვები.
- შეგიძლიათ გვიამბოთ, რა დანაშაულებრივი ქსელი მოქმედებს სტამბოლში?
- სტამბოლში ქართველები საკუთარ თავს "დამსაქმებლებს" უწოდებენ, მაგრამ რეალურად ადამიანებით ვაჭრობენ. გორელი ჟანაა, 18-დან 25 წლამდე გოგონებს არჩევს, თანაც ყველა კი არ მოსწონს, გოგონა მოდელის პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს. შემდეგ ამ საცოდავ გოგოებს პასპორტებს ართმევს და თურქებთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებს. გორელ ჟანასთან ერთი ქართველი გოგო საშუალოდ 200 ლირა ღირს. გოგონებიც საკუთარ ბედს ეგუებიან. თანაც ყველა მათგანს აშინებენ, გაქცევას თუ დააპირებთ, პოლიციელებთან გარიგებულები ვართ და უარეს დღეში ჩაგაგდებენო. მსგავსი საქმიანობითაა ცნობილი კიდევ ერთი ქართველი -კაკო. კაკო ქართველ გოგოებს მეტ "თავისუფლებას" აძლევს და თურქ კაცებს გოგოებს სახლშიც ატანს. აქსარაიში კაკო რომ იკითხოთ, მის ბინას ნებისმიერი გამვლელი მიგასწავლით. ეს ბინა ნაქირავები აქვს, თვითონ ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს. ხშირად ქართველი გოგონები კაკოსთან ნაცემებიც ბრუნდებიან, თურქი საყვარლები სასტიკად ექცევიან, მაგრამ კაკო მათ მაინც "ამუშავებს".
- თქვენ იცნობთ კაკოს თუ ვინ მოგაწოდათ მის საქმიანობაზე ინფორმაცია?
- სტამბოლში ყველა ქართველმა იცის ვინ რას საქმიანობს. როგორც გითხარით, ხელოსანი ვარ, ერთხელაც ამ კაკოსთან მუშაობა მომიწია. პირველ შეხვედრაზე ვერ მიხვდები, რომ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად ეს კაცი ადამიანებითაც კი ივაჭრებს. საკმაოდ დავუახლოვდი და თვითონ შემომთავაზა, ქართველ გოგოებთან "გავლა" არ გინდა, ხელი დაადე, რომელსაც გინდა მოგყიდიო?! საუბრის ჩანაწერებიც მქონდა, რომელიც 2011 წელს ერთ-ერთ ტელევიზიას მივაწოდე. მართალია, კაკო თურქეთში დაიჭირეს, მაგრამ თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოში მის დეპორტზე უარი განაცხადეს, რამდენიმე კვირაში კი საერთოდ გაათავისუფლეს. როგორც მოგვიანებით გავიგე, თურქ პოლიციელებს გაურიგდა და საკმაოდ დიდი თანხაც გადაიხადა. კაკომ ჩემი ძებნა დაიწყო და მალევე მიპოვა, საცემად ქურთები მომიგზავნა. ღვთის წყალობით გადავრჩი. შემდეგ ჩემ თურქ უფროსს შევჩივლე, - დამდევენ-მეთქი, - მასაც საკმაოდ გავლენიანი მეგობრები ჰყავდა და კაკოს შეუთვალა, - ჩემ ქართველ მეგობარს არ გაეკაროო.
- მტკიცებულებები დღესაც გაქვთ?
- ქურთებთან შეხვედრის შემდეგ შევშინდი. ტელევიზიის არქივში ეს ჩანაწერები დღესაც უნდა ინახებოდეს. თურქეთში პრობლემას მხოლოდ კაკო და გორელი ჟანა არ წარმოადგენენ. ცნობილია ვინმე სოსოს საქმიანობაც, რომელიც იმდენად ამორალური კაცია, რომ ცოლი საქართველოში გამოაგზავნა და საყვარლად მისი სიდედრი ჰყავს. მასთან ერთად, გოგონებით უამრავი ქართველი ვაჭრობს. ქართველი ბიჭებიც ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან, თურქებთან სამუშაოდ აგზავნიან, რამდენიმე თვე ისე ამუშავებენ, ხელფასს არ უხდიან. თუ რომელიმე ქართველმა გაბედა და დამსაქმებელს პოლიციაში უჩივლა, მაშინათვე საქართველოში ადეპორტებენ. ქართველები ნარკოტიკებითაც ვაჭრობენ. პირადად ვიცნობდი ბიჭს, რომელსაც ნარკოტიკში რაღაც გაურიეს და მოკლეს იმის გამო, რომ ქართველი ნარკორეალიზატორის ვალი ჰქონდა. ასე რამდენი ბიჭია უგზო-უკვლოდ გამქრალი, ვინ მოსთვლის. ბევრჯერ მსმენია, ქართველები მოკლულ ქართველებს მარხავენ ან ზღვაში აგდებენო. მეტიც, ქართველი ე.წ. დამსაქმებლები ქართველებს ატყუებენ, თურქეთიდან გემით ევროპაში გადაგიყვანთო. პირობა ასეთია - გემზე მოხვედრამდე 600 დოლარი უნდა გადაიხადო, ადგილზე ჩასვლის შემდეგ -700. ამ გემიდანაც არაერთი ქართველია გამქრალი. შუა ზღვაში ყრიან ქართველებს და დაინტერესების შემთხვევაში, სამართალდამცავებს ამ სქემის გაშიფვრაც არ უნდა გაუჭირდეთ. გაიკითხეთ რამდენი ქართველი გაქრა ევროპაში გადასვლისას და ყველაფერს მარტივად მიხვდებით. ერთმა თურქმა მითხრა, ჩვენ რას გვერჩით, თქვენ თავს შეხედეთ, ქართველები ქართველებს რას უკეთებთო! ქართველისთვის მისივე სისხლისა და ხორცის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს. 100 ლირად ნებისმიერ ხორცის საჭრელ დაზგაზე წამოაცვამს. ეს რომ საკუთარი თვალით არ მენახა, სხვის მონაყოლს ვერასოდეს დავიჯერებდი. ახლა კი, ამ ყველაფერს იმის გამო გიყვებით, რომ ვისაც თურქეთში წასვლის სურვილი აქვს, კარგად დაფიქრდნენ და ყველა ქართველს ნუ ენდობიან.
პ.ს. ჩვენი რესპონდენტი მზად არის სამართალდამცავებთან ითანამშრომლოს და სტატიაში ნახსნები ადამიანების გვარებიც დაუსახელოს, რაც შეეხება ნინო ასათიანს, ჩვენ ვცადეთ მისი მოძებნა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, თუ მას ექნება გამოხმაურების სურვილი, მზად ვართ მასაც მოვუსმინოთ.
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)