"მამასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა" - რას ამბობს ფარულ ჩანაწერებზე დაკავებულის ჰაკერი შვილი?! - კვირის პალიტრა

"მამასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა" - რას ამბობს ფარულ ჩანაწერებზე დაკავებულის ჰაკერი შვილი?!

"მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს?"

მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყება ადასტურებს, რომ აყვანილია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე, თუმცა განმარტავს, რომ მათი დაკავება პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე მოხდა.

"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს. მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: დააკავა თუ არა პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სკანდალური ფარული კადრების გავრცელებისთვის?!

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი ვასილ ჯამალაშვილი აცხადებს, რომ მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და ჩანაწერების საქმესთან კავშირი არ აქვს.

ვასილ ჯამალაშვილის ინფორმაციით, მამამისი ძალოვან უწყებაში არ მუშაობდა.

"მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს", - განუცხადა ჯამალაშვილმა "რუსთავი 2"-ს.

ზურაბ ჯამალაშვილის შვილი, ვასილ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერია. ის 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს.