"მასტერა"აუცილებლად დააღებს პირს"
რას ჰყვება ჰოლანდიიდან ექსტრადირებული გია დგებუაძის ბიძა
"გია ვინმესთვის ხელის დადებას არ აპირებს, გამოძიებასა და სასამართლოს ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენაში, დაამტკიცებს, რომ არ არის დამნაშავე"
კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა", ჰოლანდიიდან საქართველოში 22 მარტს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ჩამოიყვანეს. გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მისი სახელი ფიგურირებს რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავასა და ბათუმელი სამხედრო მზვერავის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეშიც. მისმა სახელმა გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილის საქმეშიც.
"ნაციონალებმა" "მასტერა"გაწირეს"
მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: -"მასტერა""აუცილებლად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ამიტომაც დაჩქარდა მისი ექსტრადირება. "მასტერას"უამრავი ინფორმაცია აქვს, მათ შორის, ფარულ ვიდეოჩანაწერებზე. მართალია, სამეგრელოში აღმოჩნდა ჩანაწერები, მაგრამ "ნაციონალები"არც ისეთი უგუნურები იყვნენ, რომ სადღაც მიწაში ჩაეფლათ ფირები. არ არის გამორიცხული, ჩანაწერების უფრო დიდი ნაწილი საგულდაგულოდ იყოს შენახული და დგებუაძემ ამის თაობაზე მეტი ინფორმაცია გასცეს. არც ის არის გამორიცხული, "მასტერასაც"გაეტანა ფირები. "ნაციონალები"ხომ ერთმანეთს არ ენდობოდნენ და ცალ-ცალკე აგროვებდნენ მტკიცებულებებს ვიღაცების დასაშანტაჟებლად.
დგებუაძე ყველა სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, რომელშიც კუდ-ი იყო ჩართული... "მასტერას"შეუძლია დადოს მტკიცებულებები კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგაც, როცა ყოფილ მე-5 დაწესებულებაში სისხლიანი კალო დატრიალდა. არის სხვა თემებიც, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ბადრი პატარკაციშვილის საქმე. როგორც ცნობილია, დგებუაძემ კავშირი დაამყარა ჩეჩენ საველე მეთაურთან და მას უკვეთდა მკვლელობას. დგებუაძე ყველაზე ღირებული მოწმეა და ის აუცილებლად დააღებს პირს. აუცილებლად წავა თანამშრომლობაზე, რათა სასჯელისაგან გათავისუფლდეს. "მასტერამ"გაითვალისწინა, რომ "ნაციონალები"ვეღარასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში. "ნაციონალებმა"ის გაწირეს - მოატყუეს და ფინანსურადაც გადააგდეს, ამიტომაც გადაწყვიტა დაბრუნება და სიმართლის თქმა.
- "მასტერასგან"განსხვავებით, სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადირება ვერ ხერხდება. მაგალითად, ინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნაც შეწყვიტა.
- ამ საქმეში დიდია თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა. სწორედ იუსტიციის სამინისტრომ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რათა მოხდეს ექსტრადიცია. მხოლოდ ბაქიბუქია, რომ ახალაია აუცილებლად აგებს პასუხს, რაც არარეალურია. საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან და მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანი ევროსასამართლოში მუშაობდა, მან არ იცის, რა არის მტკიცებულება და რა სტანდარტით უნდა ყოფილიყო წარდგენილი. ევროსასამართლოში ის ერთი რიგითი ჩინოვნიკი იყო. მისმა არაკომპეტენტურობამ განაპირობა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა არც ერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა, თუ არ ჩავთვლით მელნიკოვის შემთხვევას. თუმცა ეს იყო უკრაინიდან გადმოცემა, რაც არც ისე ძნელი გახლდათ, რადგან მაშინ "ნაციონალები"ჯერ კიდევ ვერ სარგებლობდნენ იქ დიდი გავლენით.
დავით აბესაძე, გიორგი დგებუაძის ადვოკატი: - ნავთლუღის სპეცოპერაციისას რამდენიმე პირი დაიღუპა, მაგრამ დგებუაძე არც შემთხვევის ადგილზე ყოფილა (გვიან მივიდა) და არც იარაღი ჰქონია...
არსებობს ვიდეოკადრები. ასობით მოწმიდან პროკურატურა საქმეში ორი პირის - თათუხაშვილისა და წითელაშვილის ჩვენებებს ეყრდნობოდა. წითელაშვილის ჩვენება სასამართლომ ცრუ ჩვენებად მიიჩნია და მოწმეების სიიდან ამოშალა. თათუხაშვილი გარდაცვლილია და რა ვითარებაში, ღმერთმა უწყის. აქედან გამომდინარე, რას უნდა დაეყრდნოს სასამართლო, გაუგებარია. ისიც კი არ არის დადგენილი, ბიჭები როგორ დახოცეს - საქმეში არც იარაღია და არც ის არის დადგენილი, ვისი იყო.
- გამოძიებასთან თანამშრომლობას მართლა აპირებს დგებუაძე?
- თანამშრომლობა ბრალის აღიარება კი არა, სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. გია ვინმესთვის ხელის დადებას არ აპირებს, გამოძიებასა და სასამართლოს ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენაში, დაამტკიცებს, რომ არ არის დამნაშავე. დადგენილია, რომ ის ბიჭები მართლაც ცდილობდნენ, ახლობელს ციხიდან გაქცევაში დახმარებოდნენ... ეს სპეცოპერაცია იმ დღეს კი არა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ტარდებოდა და მასში ყველა თანამშრომელი იყო ჩართული - მიდიოდა ოპერატიული მუშაობა, ჩანერგვები და ა.შ.
გიას არ უსვრია, ისეთი თანამდებობა ეკავა, ვერც ისროდა, ეს მას არ ეხებოდა. დგებუაძე იყო სპეცოპერაციის ხელმძღვანელი, აკონტროლებდა ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს. თუ ვინმემ თავისი ინიციატივით ისროლა, ეს უკვე გიას პრობლემა აღარ იყო.
"ოქრუაშვილს ვინმემ რამე უნდა დაუჯეროს?"
ანზორ აბულაძე, გიორგი დგებუაძის ბიძა: - ყველაფერი ჩემს დისშვილს გადააბრალეს, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. გია 2012 წლის არჩევნებამდე, აგვისტოს ბოლოს წავიდა ჰოლანდიაში. რადგან იცოდა, ისეთ რამეს დააბრალებდნენ, აუცილებლად დაიჭერდნენ. თუმცა ახალაიებს ვერაფერს უმტკიცებენ და იმას რა უნდა დაუმტკიცონ? მისმა ადვოკატმა გვითხრა, რომ ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნაზე უარი თქვა და მისი ექსტრადირება აღარ მოხდებოდა. მეტიც, ვიცოდით, რომ უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ მერე რა შეიცვალა, არ ვიცით. მისი დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რომ ამბობენ, ჩეჩენ საველე მეთაურთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთდაო, ეგ რა შუაშია?! ოქრუაშვილს ვინმემ რამე უნდა დაუჯეროს?
- ამბობენ, ახალაიების დავალებებს ასრულებდაო.
- გია არავის მოკლავდა, არც აწამებდა. ნავთლუღის სპეცოპერაციისას იქ სამოქალაქო ფორმით და უიარაღოდ წავიდა. რაც მოხდა, გზაში შეიტყო, მგონი, დათა ახალაიასგან. მერე მას დაჰბრალდა ყველაფერი. ვისაც მასზე უნდა ხელის შეწმენდა, არაფერი გამოუვა...
გია ჯერ მერაბიშვილმა გაათავისუფლა, შემდეგ დათა ახალაიამ კუდ-იდან, ბოლოს ბაჩომ წაიყვანა თავდაცვაში. იცოდნენ, არ იყო დასაკარგი კადრი და იმიტომ, უფროსობა მას ეკითხებოდა ჭკუას. ალბათ, მაგარი რომ არის და მის ჭკუაზე არავის უშვებდა, ესაა მისი დანაშაული. გია დღევანდელი ხელისუფლების მსხვერპლია. ამდენი საშინელება თუ ჩაიდინა, რატომ ვერ უმტკიცებენ? ქურდებისა და კრიმინალების ალაგმვაც მისი დამსახურებაა.
ნანა ფიცხელაური