"იმ ღამესაც ძალიან დიდ ხანს ჩხუბობდნენ" - ქმარმა ცოლი შვილების თვალწინ მოკლა
"ბავშვები 14, 6 და 2 წლის არიან. უფროსი განსაკუთრებით მძიმე დღეშია"
კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი დასრულდა მკვლელობით. 13 აპრილს ვარკეთილის მესამე მასივში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ქმარმა ცოლი მოკლა. ახალგაზრდა ქალი ყელში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. "დიდი ხანია უკვე აქ ცხოვრობენ. ხშირად ჩხუბობდნენ. მიზეზი ხან რა იყო - ხან რა... დღე არ გავიდოდა არ ეკამათათ. მეზობლები უკვე შეჩვეულები იყვნენ ამ ამბავს. ბავშვებზე ვდარდობდით ყველანი, არც კი ვიცი, რა ვთქვა, ამდენი ტანჯვა-წვალების შემდეგ, საერთოდ დაობლდნენ, თან დაობლებასაც ხომ გააჩნია, ახლა აღარც დედა ჰყავთ და აღარც - მამა..." - გვითხრა მეზობელმა. მისი თქმით, ოჯახი ცხინვალიდან იყო დევნილი.
- სამი შვილი ჰყავთ, ულამაზესი ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი საკმაოდ მძიმე ხასიათის იყო, ცოლი ცდილობდა გაეგო მისთვის. სახლიდან არც კი გამოდიოდა, არც ეცალა ამისთვის. სამი შვილი და ქმარი ჰყავდა მოსავლელი, თუმცა ქმარი მაინც მუდმივად პოულობდა ჩხუბის მიზეზს. ამიტომ მათთან ახლო ურთიერთობას ყველა ერიდებოდა, მით უფრო თუ კაცი შინ იყო... ეჭვიანი იყო, რაც ავადმყოფობად ექცა. ხშირად სვამდა.
- როგორც ამბობთ, მუდმივად გესმოდათ მათი სახლიდან ჩხუბის ხმა, მეზობლებმა რაიმე ზომებს რატომ არ მიმართეთ?
- ახლა ვნანობთ ყველანი, პირადად მე, თავს დამნაშავედ ვთვლი, რომ მესმოდა ეს ყველაფერი და თვალს ვხუჭავდი, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო... ჩვენ ვინ რას გვეკითხება ან რა უფლება გვაქვს სხვისი ოჯახის საქმეში ჩავერიოთო, - ვამბობდით. მხოლოდ ჩვენი ბრალი არ არის ასეთი გულგრილი დამოკიდებულება, არ იცით, სად ვცხოვრობთ? ან რას ვიფიქრებდით, რომ სასიკვდილოდ გაიმეტებდა, თუმცა ახლა ვნანობთ ყველანი, ნეტა რამე გვეღონა, რომელიმეს გაგვერისკა და პატრული გამოგვეძახა, მაგრამ ხომ იცით, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, ასე დაგვემართა... ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, ბავშვები ასე საცოდავად არ დარჩებოდნენ და ის საცოდავი კაციც არ გაუბედურდებოდა, ჯანდაბას, თუ რომელიმე მეზობელს მოგვიმდურებდნენ, იქნებ ეს საშინელება არ მომხდარიყო.
...იმ ღამესაც ძალიან დიდ ხანს ჩხუბობდნენ, ბავშვების ტირილიც გვესმოდა. ქმარი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. არა და არ შეწყდა საზარელი ხმები და ბოლოს გაირკვა, რომ ბავშვების თვალწინ გამოუჭრია ყელი, ის საცოდავი გოგო ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვები 14, 6 და 2 წლის არიან. უფროსი განსაკუთრებით მძიმე დღეშია, სახელმწიფოს ალბათ აქვს რაიმე სამსახური, რომელიც ამ ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენს. მათ ახლა ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ.
პ.ს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და სამართალდამცავებმა დანაშაულის ადგილზე დააკავეს.
პ.პ.ს. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ოჯახური კონფლიქტი მსხვერპლით სრულდება. ეს ტრაგედიაც აჩვენებს, რომ საზოგადოებას მეტი სიფხიზლე მართებს. ის რაც სხვის საქმედ მიგვაჩნია, შესაძლოა ასე ავბედითად დასრულდეს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)