"პაატა გარდაცვლილი მამის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ჩამოვიდა და მკვლელმა სასაფლაოზე სამუდამოდ დატოვა"
"დანა ამოიღო და ფეხში ჩაარტყა, დანამ არტერია გადაჭრა და კაცი სისხლისგან დაიცალა"
აღდგომის წინა დღეს, როდესაც ადამიანები უდიდესი დღესასწაულის შესაგებებლად ემზადებოდნენ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში ტრაგედია დატრიალდა - ამავე სოფლის მკვიდრმა 30 წლის ახალგაზრდა კაცმა თანასოფლელი, 37 წლის პაატა ბერულავა დანით გამოასალმა სიცოცხლეს. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. პაატა ბერულავა სამთავრობო დაცვის თანამშრომელი იყო და რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის ვახტანგ ყოლბაიას დაცვის უფროსადაც მუშაობდა.
ტრაგედიის თვითმხელველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაკვირვებულია თუ რა უნდა მოემოქმედა სოფელში მამის საფლავის პატივსაცემად ჩასულ ადამიანს, რომ მეზობელს დანით მოეკლა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- კარგი ახალგაზარდა კაცი მოკლეს… პაატა საკუთარ სოფელში გარდაცვლილი მამის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ჩამოვიდა და მკვლელმა ამ სასაფლაოზე სამუდამოდ დატოვა. არადა, ახლობლები იყვნენ, ნათესვები... რას ერჩოდა, რა უნდოდა, არავინ იცის… საწყალმა პაატამ რა იცოდა, რომ მკვლელთან ხელგადახვეული იდგა სოფლის გზაზე, რომელმაც დანა ამოიღო და ფეხში ჩაარტყა, დანამ არტერია გადაჭრა და კაცი სისხლისგან დაიცალა.
როგორც ჰყვებიან, პაატა როცა სოფელში შემოვიდა, ჩვენს ორ თანასოფლელს გზად შეხვდა. ორივეს პატივი სცა, მანქანაში ჩაისვა და შინ წაყვანა შესთავაზა, - ჩვენს სოფელში ხალხი ერთმანეთისაგან საკმაოდ შორს ცხოვრობს. ერთ-ერთი რომ მიიყვანეს სახლში, როგორც ჩანს, იმან სახლში შეიპატიჟა ორივე. ქართველი კაცი სტუმარს სახლში შეიპატიჟებს, აბა, რა იქნება. სუფრასთან კი ცოტა დალიეს და უკანვე დაბრუნდნენ. წესით, ეს მკვლელიც სახლში უნდა მისულიყო, მაგრამ რატომღაც არ მისულა. ის გარდაცვლილის სახლში მივიდა და პაატასთან ხელგადახვეული გზაზე იდგა თურმე და რაღაცას ელაპარაკებოდა. ვინ იფიქრებდა რომ ჯიბეში დანა ედებოდა და სასიკვდილოდ გაიმეტებდა.
- ალბათ, რაღაც უსიამოვნება მოუხდათ…
- ეგ ზუსტად არავინ იცის. მაგრამ რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ადამიანი სასიკვდილოდ გაემეტებინა! საუბედუროდ, ზოგიერთი რომ დალევს, ცნობიერება ებინდება და ალბათ ეს იყო ყველაფრის მიზეზი. მით უფრო, რომ მკვლელი ციხეში აქამდეც იხდიდა სასჯელს და ალბათ ამანაც იქონია მასზე გავლენა.
- რის გამო იხდიდა სასჯელს?
- როგორც ამბობენ, ნარკოტიკების მოხმარებისთვის. მთლად დალაგებული ბავშვობაც ვერ ჰქონდა, რისი მიზეზის დასახელებაც არ მინდა და ბავშვობის პრობლემები კი სხვა პრობლემებს ხშირად განაპირობებს… მასაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, მათაც აურია ცხოვრება.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)