"ლანა ხმამაღლა ამბობდა, ჩემ დას საყვარელი ჰყოლიაო" - მაგდა პაპიძის მეზობლების ჩვენებების სკანდალური დეტალები
"ღამის 4-ის წუთებზე გავიგე ქალის ისტერიული კივილი, გარეთ გავვარდი, სადაც საშინელი სურათი დამხვდა, ეზოში დასისხლიანებული ომარი ეგდო... დედა კი ზედ იყო დამხობილი და ყვრიოდა, მაგდა ტრასასთან იდგა და სასწრაფო გამოიძახეთო ყვიროდა, შოკში ვიყავი"
ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა. პროცესზე მოწმეების სახით, მოკლულ ომარ ქაფიაშვილის მეზობლები და ახლობლები იკითხებიან. ერთ-ერთია მათი კარის მეზობელი ნანა ტუხაშვილი, რომელიც უკვე დაიკითხა და რომელმაც მკვლელობის ღამის დეტალები გაიხსენა.
ნანა ტუხაშვილი: "მაგდასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ის ყველა მეზობელთან დისტანციას იჭერდა... ომარი ძალიან თბილი, მოსიყვარულე ბიჭი იყო, ტყუილია, რომ მას დედასთან კონფლიქტი ჰქონდა, ის საკუთარ დედაზე ხელს არასოდეს აწევდა. 19 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე დავბრუნდი სახლში, მაგდა შემხვდა დერეფანში, სადაც კარადა ედგათ, ის კარადა ჰქონდა გახსნილი, რომ დამინახა, რაღაცნაირად შეცბა, თვალები არეული და გაფართოებული ჰქონდა, ვთხოვე ჩემთვის თმა შეეღება, დამთანხმდა, მაგრამ აშკარად ვხედავდი, რომ ველაპარაკებოდი, სხვა რაღაცაზე ფიქრობდა. მერე ოთახში შევიდა, კარები გადაკეტა და დერეფანში შუქი ჩააქრო, ცოტა ხანში მესიჯი მივწერე, "მაგდა თმას შემიღებავ - მეთქი? პასუხი არ მომწერა, დავურეკე და ტელეფონი გამითიშა, მერე მომწერა, სახლში არ ვარ, გვიან მოვალ და შეგიღებავო.
ღამის ათი საათი სრულდებოდა მაგდას კარზე რომ მივაკაკუნე კარი არავინ გამიღო, გამიკვირდა თორნიკეს ხმა რომ ვერ გავიგე, რადგან კაკუნზე სულ მოირბენდა და შიგნიდან დაიძახებდა, - რომელი ხარო. ეზოში რომ გავიხედე, მანქანა იქ იდგა, მაგდა კი მანქანის გარეშე არსად დადიოდა, გამიკვირდა, მანქანა იქ იდგა და კარს რატომ არ აღებს-მეთქი. ამის მერე დარეჯან (ლილი) მინდიკაურთან შევედი, და ვკითხე, მაგდა სად არის - მეთქი, მეზობლებიც იქ იყვნენ. დარეჯანმა მითხრა, ამ წუთას აქ იყო სარეცხი მანქანაში სარეცხი შეყარა და ახლა გავიდაო.
სადღაც 11-ის წუთებზე მაგდას კარის ხმა გავიგე, გვიანი იყო და დავიძინე. ღამის 4-ის წუთებზე გავიგე ქალის ისტერიული კივილი, გარეთ გავვარდი, სადაც საშინელი სურათი დამხვდა, ეზოში დასისხლიანებული ომარი ეგდო... დედა კი ზედ იყო დამხობილი და ყვრიოდა, მაგდა ტრასასთან იდგა და სასწრაფო გამოიძახეთო ყვიროდა, შოკში ვიყავი, სახლში შევბრუნდი, ხალათი შემოვიცვი და მეუღლეს ვუთხარი, საშინელება ხდება - მეთქი. ისევ გარეთ გავვარდი, ამ დროს ლილიმ მაგდას ჰკითხა, - ბავშვი სად არისო, მან უპასუხა, - მანქანაშიო. თორნიკე მანქანიდან ლილიმ გადმოიყვანა, მეზობლებიც მოგროვდნენ, ბავშვს ხელით რომ შევეხე, უკვე ცივი იყო, მერე სასწრაფოც მოვიდა, იმათმა თქვეს, ესენი დიდი ხნის მკვდრები არიანო, ამ დროის განმავლობაში, მაგდა არც ქმარს მიკარებია არც შვილს. მე და ერთმა მეზობელმა, ირმა მატეიჩმა შევიყვანეთ ლილი სახლში, რადგან ძალიან ცუდად გახდა, ამ დროს ირმამ დამანახა, რომ იატაკი ახალი შემშრალი იყო თუმცა ეტყობოდა, რომ სისხლისგნა იყო მოწმენდილი. სისხლის კვალი კარის ზღურბლიდან იწყებოდა და მთელ სიგრძეზე გასდევდა. კედელზე, შპალერზე მიწუწული სისხლი მოგვიანებით შევნიშნე. მერე ლანაც მოვიდა და კივილი ატეხა, "ლილი რასაც ვფიქრობ ის არის, მაგდამ დახოცა? მაგას არ ვაცოცხლებ, საფლავს არ ვაღირსებო, - მაგდას სისხლი ხელზე ჰქონდა და ხელი ოდნავ გატყავებული ჰქონდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს ასეთი რამის გაკეთება შეეძლო".
პროცესზე ასევე დაიკითხა ია ბარამია, მოწმე, რომლის შვილის ფოტოები აღმოჩნდა იმ სისლხიან ნივთებს შორის, რომელიც ნაგავსაყრელიდან ამოიღეს. ის მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის, მახო ქაფიაშვილის ნათლიაა.
ია ბარამია: ჩემი შვილის ფოტო ბავშვის ნათლობის დღეს არის გადაღებული და დარეჯნ მინდიკაურს ვაჩუქე, თუცმა არ ვიცი როგორ აღმოჩნდა ჩემი შვილის ფოტოები ნაგავსაყრელზე. მე და ომარი ერთად გავიზარდეთ, ფიზიკურად ძლიერი იყო, ამე ამბობდა, ფიზიკურად ძლიერ ვარ და ერთი-ორი ადამიანი ვერ მომერევაო. ბოლო ერთი წელი არ სვამდა, რადგან მაგდას არ უყვარდა, როცა ის სვამდა. ომარის მაგდა ისე ძალიან უყვრდა, რომ ვუყურებდი, სულ ვიძახდი ნუთუ ასეთი სიყვარული არსებობს მეთქი, თავისი ცოლი სიგიჟემდე უყვარდა, რომ გაეგო მას საყვარელი ჰყავდა, ამას არ აპატიებდა. მაგდას ჩემთანაც დისტანციური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ბოლო თვეები ძალიან დამიახლოვდა, ხშირად მოდიოდა ჩემთან, ვსაუბრობდით და სულ იძახდა, თორნიკეს 9 თვე მუცლით დავატარებდი, მე გავაჩინე და მამამისი ჩემზე მეტად უყვარსო, ომარისაც შეუძლია ბავშვს ყველაფერი მიახარჯოსო, რა კარგია, შენ რომ გოგო გყავს, მეც რომ მყოლოდა გოგო ჩემზე მიჯაჭვული იქნებოდაო. ბოლო დროს ამბობდა, თავის ტკივილები და უძილობა მაწუხებსო, რაღაც ვიდეოს ვუყურეო ეშმაკებზე და ეგეთებზე და ამან ძალიან შემაშფოთაო".
კიდევ ერთმა მეზობელმა ია ბარამიამ კი განაცხადა:
"მაგდას და, ლანა ამბობდა, ჩემი დის ჩადენილიაო, დედაჩემმა 100 დოლარი გამოუგზავნა და 25 ლარი უროში მიუციაო". ბევრ ისეთ რამეზე საუბრობდა ლანა, გამიკვირდა საიდან იცოდა, ლანა ხმამაღლა ამბობდა, ჩემს დას საყვარელი ჰყოლიაო, გარდაცვლილების ცხედრებთან მოსთქვამდა, ომარის ბოდიშს უხდიდა, შენ ყველასთვის სანატრელი ქმარი იყავიო".
იხილეთ ასევე:"მაგდა, ფიქრობ, რომ ცხოვრებაში ვინმეს შეუყვარდები ისე, როგორც შენს ქმარ-შვილს უყვარდი?"
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)