"გასროლისას დედამ ქუჩაში გაიხედა, იფიქრა, ვიღაც დაჭრეს და მივეშველებიო, თუმცა საკუთარი შვილი შერჩა სისხლის გუბეში"
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, დაახლოებით ღამის 12 საათზე, 31 წლის მიხეილ ცხაკაია სანადირო თოფით მოკლეს. ახლობლების თქმით, ცხაკაია იპოდრომის ტერიტორიიდან, სადაც ძაღლს ასეირნებდა, შინ ბრუნდებოდა. ის-ის იყო სახლში უნდა შესულიყო, რომ ვიღაცამ დაუძახა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა (თვითმხილველების თქმით, მკვლელი გადაჭრილი სანადირო თოფით იყო შეიარაღებული). ხმაურზე გარდაცვლილის დედა გამოვარდა და სახლის წინ წაქცეული შვილი დაინახა... დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ცხაკაიას თავისა და გულმკერდის არეში მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, 1986 წელს დაბადებული ბექა დ. ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხაკაია შურისძიების მიზნით მოკლეს, რაზეც საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული.
ახლობლები მიხეილს დადებით ადამიანად ახასიათებენ, - წარსულში ყოფილი მოჭიდავე მოწესრიგებული და მშვიდი ადამიანი იყო. გაუგებარია, რატომ უნდა მოეკლათ. ცხაკაიას ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.
- მიხოს ისეთ დროს ესროლეს, როცა ტელევიზორში ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩი მიმდინარეობდა. თითქმის მთელი უბანი შინ იყო შეკეტილი და ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ სიცხის გამო ფანჯრები ყველას ღია აქვს და ზოგიერთმა გაიგონა, მკვლელმა მიხოს რომ დაუძახა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მკვლელი ჩვენი უბნელია და ამ საცოდავ ბიჭს კარგად იცნობდა. იცოდა, როდის გავიდოდა სახლიდან, როდის დაბრუნდებოდა, კარგად მოემზადა, ჩაუსაფრდა და მოკლა.
- მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.…გავრცელებული ვერსიით, მიხო შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა.
- კი, ასე ამბობენ, მაგრამ ვერავის წარმოგვიდგენია, რა უნდა დაეშავებინა ისეთი, რომ ასე შეუბრალებლად მოეკლა. ბიჭმა 31 წელიწადი ისე იცხოვრა, არავისთვის არაფერი დაუშავებია. ნარკომანი ეგ არ ყოფილა, არც ნასამართლევი. პირიქით, ბიჭი სპორტსმენი იყო, მოჭიდავე. მიხოს უმცროსი ძმა ჰყავს, გიორგი - ცნობილი ფეხბურთელია, მეკარე… ძალიან ცუდი დრო დაგვიდგა, არავის აღარაფრის ეშინია, ხალხის ქუჩაში ხოცვა ყოველდღიურობად იქცა. 31 წლის ბიჭი გამოასალმეს სიცოცხლეს და ოჯახი გაანადგურეს. მიხოს ძალიან კარგი დედა ჰყავს, ყოველთვის სხვისი ტკივილის გამზიარებელი იყო, ახლა კი მას მიაყენეს მწარე და სასტიკი ტკივილი. გასროლისას ქალმა ქუჩაში იმიტომ გამოიხედა, რომ იფიქრა, ვიღაც დაჭრეს და მივეშვლებიო და საკუთარი შვილი შერჩა ხელში, ბიჭი სისხლის გუბეში ცურავდა...
- ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
- მაგის დაკავება რთული არ იქნებოდა. მიხო რომ მოკლა, თოფი იქვე ავტოფარეხზე შეაგდო და გაიქცა. თავისი მანქანა ქუჩაში დატოვა, მანქანაში კი საბუთები ჰქონდა. პოლიცია თვითონვე დააყენა კვალზე. ასე ის კაცი იქცევა, ვინც ძალიან გამწარებულია და წინასწარ აქვს დაგეგმილი, რომ კაცს მოკლავს და მერე პოლიციას ჩაჰბარდება. როგორც გაირკვა, მანქანა, რომლითაც მიხოს მოსაკლავად მოვიდა, მისი არ იყო და დაქირავებული ჰქონია. ალბათ, თავიდან ფიქრობდა, როცა მიხოს მოვკლავ, გავიქცევიო, მაგრამ შური რომ იძია, გაქცევა გადაიფიქრა და მანქანა ადგილზე დატოვა.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)