"გაგიშვებ და გასაქცევად სამ დღეს მოგცემ, თუ არადა, სამი დღის შემდეგ გიპოვი და მოგკლავო" - რას ყვება კადიროვს გამოქცეული ჩეჩენი? - კვირის პალიტრა

"გაგიშვებ და გასაქცევად სამ დღეს მოგცემ, თუ არადა, სამი დღის შემდეგ გიპოვი და მოგკლავო" - რას ყვება კადიროვს გამოქცეული ჩეჩენი?

"პასუხის გაცემის საშუალება არ მქონდა, თორემ ვეტყოდი, ჩეჩნებს რუსეთის ჰიმნი და დროშა უფრო აღიზიანებთ, რომლის სახელითაც ხოცავდნენ ჩვენს ხალხს"

ჩეჩენი ტუმსო აბდურაჰმანოვი რამდენიმე თვის წინ ოჯახთან ერთად სამშობლოდან გამოიქცა და საქართველოს შეაფარა თავი. აბდურაჰმანოვს ემიგრაციამდე გროზნოში კომპანია Электросвязи Чеченской Республикис-ს გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. მასთან ვრცელ ინტერვუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გათავაზობთ:

- მანქანა გავაჩერე, ჩემ წინ და ჩემ უკან "ტოიოტა კამრის" მარკის შავი მანქანები გაჩერდნენ, იქიდან შავფორმიანი შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ, ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, პატარა ხელჩანთა და ისლამ კადიროვთან მიმიყვანეს, რომელიც მანქანაში იჯდა. წვერს რატომ ატარებო, მკითხა კადიროვმა. ვუპასუხე, წვერი ჩემი რელიგიის ნაწილია-მეთქი. რამდენიმე რელიგიური შინაარსის შეკითხვა დამისვა, რაზეც ვერაფერი ვუპასუხე, მაშინ მკითხა, იცი თუ არა, რომ რესპუბლიკაში წვერის ტარება აკრძალულიაო? არ ვიცი-მეთქი. ისლამმა ჩემი ტელეფონი დაათვალიერა, იპოვა კრიტიკული, სატირული შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც ეხებოდა ჩეჩნეთის ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს.

- შემდეგ რა მოხდა?

- გროზნოს სამთავრობო კომპლექსში მიმიყვანეს, რომლის ახლოს ორსართულიანი კოტეჯი იდგა. როგორც მივხვდი, ეს იყო ისლამ კადიროვის სამსახურებრივი აპარტამენტი. შიგნით რომ შემიყვანეს, ისლამ კადიროვი თავის გარემოცვასთან ერთად სამზარეულოში სადილობდა. მითხრა, "იმდენი მყავს გატაცებული, ნაწამები და მოკლული, რომ შემიძლია ერთი შეხედვით მივხვდე, რას წარმოადგენო". მკითხა, - ისლამის რომელ მიმდინარეობას აღიარებო, - როცა ვუპასუხე, არც ერთს, სუნიტი ვარ-მეთქი, არა, გზააბნეული სალაფიტი ხარო. ამის შემდეგ გარიგება შემომთავაზა. მითხრა, გაგიშვებ და გასაქცევად სამ დღეს მოგცემ, თუ არადა, სამი დღის შემდეგ გიპოვი და მოგკლავო. შეიძლება გამოსწორების შანსიც მოგცე, რამდენიმე დღეში გამოგიძახებ, მოვიწვევ სასულიერო პირებს. თუ დაგიმტკიცებენ, რომ არა ხარ მართალი, მზად ხარ ჭეშმარიტება აღიაროო?

- რატომ ჩათვალეს თქვენი წვერი სახიფათოდ?

- როდესაც შემდეგ შეხვედრაზე ვიკითხე, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი წვერი ჩეჩნეთში"ფეისკონტროლს გადიოდეს-მეთქი, მიპასუხეს, შენისთანა წვერს ატარებდნენ 90-იანი წლების ბოლოს ვაჰაბიტები, რომლებმაც ომი დაიწყეს რუსეთთან. ხალხისთვის შენი წვერის დანახვა მტკივნეულია, ომი ახსენდებათო. რა თქმა უნდა, პასუხის გაცემის საშუალება არ მქონდა, თორემ ვეტყოდი, ჩეჩნებს რუსეთის ჰიმნი და დროშა უფრო აღიზიანებთ, რომლის სახელითაც ხოცავდნენ ჩვენს ხალხს.

ვიდეო

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: კადიროვისგან გამოქცეული ჩეჩენი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს! (ექსკლუზივი)