"გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო..." - ვისზე ლაპარაკობენ ტერაქტში ბრალდებულები ფარულ ჩანაწერებში?
"მთავარია, გააკეთოთ, ფული და რესურსი არ მოგაკლდებათო"
"თუ ეს დროზე გაკეთდა, მაშინ ფულიც ჩამოვა"
(ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: მინდია ვაშაყმაძე, ირაკლი ბაღიშვილი, ლევან მამფორია, ჯაბა მელქაძე)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოში სერიოზული ტერორისტული აქტი აღიკვეთა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნუკრი ჭკადუა მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. მათთან ერთად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წაყენებული - გამოძიების მტკიცებით, იგი ტერორისტულ ჯგუფს გეგმის განხორციელებაში ეხმარებოდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ირაკლი ბაღიშვილიც.
გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპვა როგორც დაკავებულების და სუს-ის ინფორმატორის დაკითხვის ოქმები, ასევე რამდენიმე ფარული ჩანაწერი. როგორც გამოცემა წერს, დაკავებულებს კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლები დიდხანს უსმენდნენ. საქმეში უამრავი ფარული ჩანაწერია, გაშიფრულია მოსმენები ბინაში და სოციალურ ქსელებში მათი მიმოწერა. ჩვენი ინფორმაციით, მათი თავშეყრის ადგილი იყო ბინა ვარკეთილში, რომელიც მინდია ვაშაყმაძეს ჰქონდა დაქირავებული.
გთავაზობთ ფარული ჩანაწერებიდან ფრაგმენტებს:
"გვეუბნებიან, ჩვენ რაღაც სხვა გეგმებიც გვაქვს, თქვენ რას შვრებით, საერთოდ თუ შეძლებთ ამის განხორციელებასო. გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო... მთავარია, გააკეთოთ, ფული და რესურსი არ მოგაკლდებათო. ჩვენ ვერ ჩამოვალთ, რადგან დეპორტს გაგვიკეთებენ და გაგვგზავნიან რუსეთშიო... რაღაც სკანდალი უეჭველი იქნება, მაგრამ საზოგადოებაში თუ გინდა, მხარდაჭერა მოიპოვო, ჯერ არ უნდა შეეხო ამათ. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, ერთმანეთს ებრძვიან... მე ასეთი რამის გაკეთება არეულობის პერიოდში მირჩევნია, მაგრამ ის კაცი უნდა ჩამოვიდეს, თუ ეს დროზე გაკეთდა, მაშინ ფულიც ჩამოვა. თუ არადა, მერე ის ბიჭებიც დაიკარგებიან და აქეთ მოგადგებიან, გეტყვის, რატომ დამპირდიო… 17-ში ველოდები, დასავლეთიდან უნდა ჩამოვიდეს ერთი კაცი და ვნახოთ... ის კი დიდი ხანია მიწაში დამარხულია და დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, ალბათ, მის გამოშრობას… ფული გვჭირდება ერთ რამეში, რომ ელემენტარულად ტრანსპორტით გადავაადგილდეთ, მერე ყველაფერში ისინი დაგვეხმარებიან. მაგრამ, იცი, საქმე რაშია? დღეს ხელისუფლება ამათ ხელშია, ხვალ "ნაცები" რომ ვერ გავიდნენ, პიზდეცი იქნება კაროჩე. თუ აირია სიტუაცია...
- რას ვერ გავლენ, ბიჭო?
- ხო ველაპარაკე მათ... მოეშვით სირობა პირობებს-მეთქი, პენსიის გაზრდას და რაღაცებზე საუბარს-თქო. ერთ-ერთ სოფელს კირკიტაძის მეგობრები აკაჩავებენ... უკვე დავერია აქვთ დაკარგული, მაგრამ იბრძვიან. კირკიტაძის მოადგილე თუ ვიღაცა არის, ის დამჭირდა და ველაპარაკე, ბაზარი არ არის, მე თვითონაც ვიცი, ბევრი გაიძვერაა ჩვენ გვერდითო. მითხრა, ოცნებაში იმდენი არიან ისეთები, რომ დაიწყება რაღაცები, ამას რეალურად ვუყურებო. მე არც იმას ვლანძღავ და არც ამას, ვიცი, ვინ არის ჭკვიანი და ვინ არაო..."