"სულ 1000 ლარი მქონდა და რას ვიფიქრებდი, რომ ამისთვის მოსაკლავად გამიმეტებდნენ" - ყაჩაღობა გურიაში - კვირის პალიტრა

"სულ 1000 ლარი მქონდა და რას ვიფიქრებდი, რომ ამისთვის მოსაკლავად გამიმეტებდნენ" - ყაჩაღობა გურიაში

"ეს რომ მეფიქრა, ყაჩაღობები ისევ დაიწყება-მეთქი, ძაღლს მაინც ვიყოლიებდი, მაგრამ წლების განმავლობაში მშვიდად ვცხოვრობდით"

"მითხრეს, მოგკლავთ და ყველაფერი უკან დაგრჩება, საქონელი რომ გაყიდე, იმ ფულს თუ არ მოგვცემო"

რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთის მკვიდრს, შოთა ბოჭორიშვილს მძარცველებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც გადაადგილებისა და მოძრაობის უნარი დროებით შეეზღუდა. ეზო-კარისა და პირუტყვის მოვლაში ამჟამად მას მეზობლები ეხმარებიან. სოფელი შეწუხებულია მომხდარით, თან უკვირთ კიდეც, რადგან წლების განმავლობაში აქ მსგავსი არაფერი  მომხდარა. დანაშაულის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შოთა ბოჭორიშვილი, დაზარალებული:

- ჩვენი სოფელი მთიანია, მესაქონლეობას მივდევთ და ძირითადად ამით ვირჩენთ თავს. მეც მყავს რამდენიმე სული პირუტყვი. რომელთაგან ზოგის ყველს, ზოგს კიდევ ცოცხლადაც ვყიდი, - ამ ფულით ოჯახის საჭიროებებს ვაგვარებ; საქონლის გაყიდვით მიღებული ფული ჩემი ერთადერთი სარჩოა. ასე რომ, ამას წინათაც გავყიდე ორი უშობელი. მინოდოდა, ღობისთვის შემევლო ხელი, საზამთროდ შეშა მომეტანა. ამიტომაც ფულის ბანკში შენახვა არ მიფიქრია, მით უფრო, რომ დიდ თანხა არ იყო, სულ 1000 ლარი მქონდა და რას ვიფიქრებდი, რომ ამისთვის მოსაკლავად გამიმეტებდნენ. მით უფრო, რომ მეგონა, ყაჩაღობები წარსულს ჩაბარდა და ოდნავი შიში არ მქონდა. არადა, გამიმეტეს კი არა, კინაღამ მომკლეს, - პატარა არ ვარ, 60 წლის კაცი ვარ, ამ ასაკში ძალიან ძნელია შეურაცხყოფის გადატანა, თავი კონდახით გამიტეხეს, მცემეს, გამკოჭეს და ამაზე მეტი რაღა უნდა ექნათ. ეს ჩემთვის ძალიან ძნელი გადასატანია!

- დანაშაული დღის რა პერიოდში მოხდა?

- როცა დაბნელდა. ჩვენ სოფელში ხალხი ერთმანეთისაგან დაშორებით ცხოვრობს, ამდენად ახლო მეზობელიც არ მყავს, რომ ჩემს სახლში შემოსული ხალხი შეემჩნია. თანაც, მარტო ვიყავი. ეს რომ მეფიქრა, ყაჩაღობები ისევ დაიწყება-მეთქი, ძაღლს მაინც ვიყოლიებდი, მაგრამ წლების განმავლბაში მშვიდად ვცხოვრობდით.

ტელევიზორს ვუყურებდა, როცა ვიღაც შავნიღბიანმა კარი შემოგლიჯა და გინებით მომვარდა, - შენი ასე და ისეო. ისეთი გააფთრებული იყო, თითქოს, მის წინაშე რაიმე დანაშაული მქონოდა ჩადენილი. ვინ ხარ, რომ მაგინებ-მეთქი? - ნიღბის არ შემშინებია, ისე წამოვვარდი გამწარებული, მაგრამ მას უკან მეორე შავნიღბიანი მოჰყვა, რომელიც პირველს მიეშველა და თავში იარაღი მთელი ძალით ჩამარტყა. პოლიცია მეუბნება, გინდა თუ არა, ზუსტად გაიხსენე რომელი იარაღი ჩაგარტყესო! როგორ უნდა გავიხსენო, როცა ყველაფერი წამში მოხდა! ეგ კი მახსოვს, როცა იარაღი დავინახე, გავიფიქრე, - ახლა ალბათ მესვრიან და მომკლავენ-მეთქი! მაშინვე გავითიშე, როგორც კი ჩამარტყეს. თურმე შემკოჭეს და სარდაფში შეკოჭილი ჩამათრიეს. იქ კი გონზე რომ მოვედი, - მითხრეს, - მოგკლავთ და ყველაფერი უკან დაგრჩება, საქონელი რომ გაყიდე, იმ ფულს თუ არ მოგვცემო. ორი საათი ვუწევდი წინააღმდეგობას, - პირუტყვს 2 წელიწადი ვზრდიდი, ეს ძალიან მძიმე შრომაა… სატიკად მცემდნენ, ბოლოს მაინც იძულებული გავხდი,ფული მიმეცა - სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია.

- თქვენთან გასაძარცვად უცხო არავინ მოვიდოოდა, ალბათ მძარცველები თქვენი სოფლიდან არიან.

- ცხადია. პოლიციაც მეკითხება, რომელიმე ხომ არ იცანიო. სამწუხაროდ, ვერ ვიცანი...

გამანადგურეს, ჩემს სახლში, სადაც გაკოჭილი სარდაფში ჩამათრიეს, ყველგან სისხლის კვალი იყო, თავზე ნაკერები მაქვს დადებული, ცემისაგან მთლიანად დაჟეჟილი ვარ; უფრო საშიში კი ის არის, რომ ამის გაბედვა დაიწყეს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)